Accessibility links

logo-print

ხუთი კონფლიქტური რეგიონი - ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაციის ანგარიშში


ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ - “ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაციამ“ (FIDH) - 9 ოქტომბერს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აღმოსავლეთ ევროპაში, ხუთი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტებზეა საუბარი. ეს რესპუბლიკებია: მთიანი ყარაბაღი, დნესტრისპირეთი, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და ახლა უკვე ყირიმიც. „თვითაღიარებული რესპუბლიკის სტატუსი სერიოზული უფლებადარღვევის ფაქტების წყაროა და მსხვერპლს ხელი არ მიუწვდება სამართლიანობის აღდგენაზე“, ვკითხულობთ „ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაციის“ ანგარიშში. FIDH მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას კონფლიქტების მოგვარება სწორედ ამ ადამიანების უფლებების დაცვით დაიწყოს.

„ადამიანის უფლებების დაცვის შეფასება აღმოსავლეთ ევროპის კონფლიქტურ და სადავო რეგიონებში“ - ასე ჰქვია „ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაციის“ (FIDH) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელშიც ხუთ კონფლიქტურ რეგიონში არსებული მდგომარეობაა აღწერილი. FIDH წერს, რომ ყირიმი შეუერთდა დნესტრისპირეთის, სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთისა და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკების რიგს. ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს მსგავსი პრობლემები აერთიანებთ - გადაადგილების თავისუფლება, მოქალაქეობის უფლება, ადეკვატური საცხოვრებელი პირობების, საკუთრების, ჯანდაცვისა და განათლების უფლება. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ შეზღუდულია გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება. ხშირია უკანონო დაპატიმრების, პოლიციის მხრიდან წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.

„აუტანელია, რომ 3.3 მილიონ ადამიანს, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში ცხოვრობს, ხელი არ მიუწვდება სამართალზე საკუთარი უფლებების დასაცავად, მაშინ როდესაც ისინი უამრავი დარღვევის მსხვერპლნი ხდებიან“, - აცხადებს კარიმ ლაჰიდჯი, FIDH-ის პრეზიდენტი. - „დე ფაქტო მთავრობები, მათი მხარდამჭერი სახელმწიფოები, ასევე დე იურე მთავრობები და საერთაშორისო საზოგადოება ვალდებულნი არიან მიიღონ ზომები მათ დასაცავად“.

FIDH მიიჩნევს, რომ სწორედ ადამიანების უფლებების დაცვა შეიძლება გახდეს საბაზისო ინსტრუმენტი კონფლიქტურ მხარეებს შორის ნდობის აღსადგენად. ფაქტია, რომ ამ რეგიონებში ადგილობრივი სასამართლო სისტემა არის კორუმპირებული...

საერთაშორისო ფედერაცია ხაზს უსვამს, რომ მსხვერპლთ არ გააჩნიათ რესურსი ამ დარღვევებთან საბრძოლველად. ამ რესპუბლიკებში არსებული სასამართლო სისტემა არაეფექტური, ხელისუფლებაზე დამოკიდებული ან კორუფციულია, საერთაშორისო უფლებადაცვითი მექანიზმები კი ადგილობრივი მოსახლეობისათვის ხელმიუწვდომელია, ხოლო რადგან ეს რესპუბლიკები საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული არ არის, მათ არ შეუძლიათ საერთაშორისო უფლებადაცვითი კონვენციების რატიფიცირება.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნინო ტლაშაძე თავად მონაწილეობდა FIDH-ის მიერ 2014 წლის აპრილში მოწყობილ შეხვედრაში, რომელსაც სწორედ ამ კონფლიქტურ რეგიონებში მოღვაწე უფლებადამცველები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ. მათი განწყობები და მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია დაედო კიდეც საფუძვლად საერთაშორისო ფედერაციის ანგარიშს. ნინო ტლაშაძე ამბობს, რომ ამ ანგარიშს გამოარჩევს მისი მკვეთრი აქცენტები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ერთბაშად ხუთი კონფლიქტური რეგიონის მაგალითზე:

„FIDH მიიჩნევს, რომ სწორედ ადამიანების უფლებების დაცვა შეიძლება გახდეს საბაზისო ინსტრუმენტი კონფლიქტურ მხარეებს შორის ნდობის აღსადგენად. ფაქტია, რომ ამ რეგიონებში ადგილობრივი სასამართლო სისტემა არის კორუმპირებული, არ არის დამოუკიდებელი დე ფაქტო ხელისუფლებებისგან და, შესაბამისად, ადგილობრივ მოსახლეობას არანაირი შესაძლებლობა არ გააჩნია თავისი უფლებების დასაცავად. მას ასევე არ მიუწვდება ხელი საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ერთადერთი გზა მათკენ არის საქართველოს გავლით“.

ყველაზე დიდი პრობლემა იქ მაინც თავისუფლების აღკვეთისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების ხშირი დარღვევაა, რადგან სამართალდამცავ ორგანოს იქ მხოლოდ სიმბოლური ხასიათი აქვს...

ზურაბ ბენდიანაშვილს, თავმჯდომარეს კოალიციისა „დევნილთა უფლებებისათვის“, ვკითხეთ, რჩება თუ არა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები დღემდე გადაუჭრელ პრობლემებად თვითაღიარებულ რესპუბლიკებში და რა აწუხებს იქ მცხოვრებ ხალხს ყველაზე მეტად:

„ყველაზე დიდი პრობლემა იქ მაინც თავისუფლების აღკვეთისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების ხშირი დარღვევაა, რადგან სამართალდამცავ ორგანოს იქ მხოლოდ სიმბოლური ხასიათი აქვს. მწვავე პრობლემებს შორის, ცხადია, გამოსაყოფია გადაადგილების თავისუფლება, რაც მათ ასევე შეზღუდული აქვთ და რასაც ებმის ყველა სხვა პრობლემა, რაც უკვე უკავშირდება განათლებას, ჯანდაცვას და ა.შ.. მათ ამ უფლებას ადგილობრივი ხელისუფლებები უზღუდავენ“.

ზურაბ ბენდიანაშვილი ასევე ამბობს, რომ ყოველი დილა მისთვის და მისი კოლეგებისათვის იწყება სწორედ კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებთან კონტაქტით. ასევე მთავრდება ყველა საღამო:

„ზოგს დოკუმენტაცია სჭირდება, ზოგს ექიმი, ზოგს სამოგზაუროდ სურს წასვლა, ზოგს, უბრალოდ, რაღაც ნივთის ყიდვა უნდა... აქაც, მე მგონია, რომ მთავარი საკითხი ამ გადაადგილების შეზღუდვის მოხსნაა, რაც მათ ძალიან გაუადვილებდა ცხოვრებას“.

„თუ საერთაშორისო საზოგადოება ვერ შეძლებს რეაგირება მოახდინოს მსგავს სიტუაციებზე, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები გაგრძელდება, ახალი კონფლიქტები წარმოიშვება და არსებობს რეალური რისკი, რომ ყირიმისა და სამხრეთ ოსეთის მსგავსი ტერიტორიული დაპირისპირება აღმოსავლეთ ევროპის სხვა რეგიონში და ასევე ცენტრალურ აზიაშიც აღმოცენდეს“, - განაცხადა FIDH-ის ვიცე-პრეზიდენტმა ტოლეკან ისმაილოვამ.

„ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია“ მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს აქტიური წვლილი შეიტანონ ამ კონფლიქტების მოგვარების საქმეში -დაიწყონ ეს ადამიანის უფლებების დაცვით, სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებამდაცველების მხარდაჭერით, შესაბამისი პოლიტიკური აქტივობით, რომელშიც ჩართულნი იქნებიან როგორც დე იურე, ისე დე ფაქტო მთავრობები.

XS
SM
MD
LG