Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის კიბერთავდასხმამ აშშ-ის სამთავრობო სტრუქტურები დააზიანა


აშშ-ისა და ჩინეთის ურთიერთბრალდებები მოჰყვა იმ კიბერიერიშების სერიას, რომელთა სამიზნეც აშშ-ის სამთავრობო სტრუქტურები, მედიაორგანიზაციები და კერძო ფირმები გახდა. თეთრი სახლის ინფორმაციით, ერთ-ერთი კიბერთავდასხმა ჩინეთის თავდაცვის სამინისტროდან იყო ორგანიზებული. თავის მხრივ, პეკინი აცხადებს, რომ ბოლო ხანს ჩინეთზე განხორციელებული კიბერიერიშები სათავეს სწორედ აშშ-ში იღებს.

რამდენიმე ამერიკულ ორგანიზაციაზე - მათ შორის, „ეპლის“ მომხმარებლებზე - კიბერშეტევა განხორციელდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ჰაკერების შეტევამ მრავალი კლიენტის კომპიუტერის მაკინტოშები დააზიანა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მოპარულია თუ არა კლიენტების ინფორმაცია და ვინ დგას ამ ჰაკერული თავდასხმის უკან.

აშშ-ის კიბერუსაფრთხოების კერძო კომპანია „მანდიანტის“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, რიჩარდ ბეიტლიჩმა, „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ მათ
ეს არის ჯგუფი, რომელიც მხილებულია დასავლეთის კომპანიებისა და დასავლეთის ორგანიზაციებისაგან ინფორმაციების მოპარვაში...
რიჩარდ ბეიტლიჩი

ორგანიზაციას აქვს ინფორმაცია კიბერშეტევის შედეგად დაზარალებული 141 კომპანიის თაობაზე, ჰაკერული იერიშების უკან კი ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის სპეციალური „61398 განყოფილება“ დგასო:

„ეს არის ჯგუფი, რომელიც მხილებულია დასავლეთის კომპანიებისა და დასავლეთის ორგანიზაციებისაგან ინფორმაციების მოპარვაში. იმ ექვსი წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენ, ჰაკერების მიერ დაზარალებული კომპანიების თხოვნით, ვაწარმოებდით მუშაობას, აღმოვაჩინეთ 141 მსხვერპლი კომპანია, რომლებსაც ტერაბაიტობით ინფორმაცია მოჰპარეს, და ასეთი ოპერაციების უმრავლესობა სწორედ ჩინეთის ერთი არეალიდან წარმოებდა“.

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეი კარნიმ პრესკონფერენციაზე შენიშნა, რომ აშშ-ის მთავრობამ ჩინეთის ხელისუფლებასთან - მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან - არაერთხელ გამოხატა შეშფოთება კიბერძარცვის გამო. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჰაკერულ შეტევებში ხელისუფლების მონაწილეობის ამ ბრალდებას „უსაფუძვლო“ უწოდა.

ეს განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მას შემდეგ გაავრცელა, რაც აშშ-ის უსაფრთხოების კერძო კომპანიამ, „მანდიანტმა“, ბრალი დასდო შანხაიში მდებარე ჩინეთის თავდაცვის განყოფილებას, რომ ის აშშ-ის მთავრობის სხვადასხვა კორპორაციებსა და მედიაორგანიზაციებზე განხორციელებული კიბერშეტევების უკან დგას.
ჩინეთმა, რომელიც მტკიცედ უპირისპირდება ჰაკერობას, შესაბამისი კანონმდებლობა და რეგულაციები შეიმუშავა და მკაცრი ზომები დააწესა ჰაკერული საქმიანობის თავიდან აცილების მიზნით...
ჰონგ ლეი


ჰონგ ლეიმ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, უარყო ბრალდება და აშშ იქით დაადანაშაულა ჩინურ ვებსაიტებზე განხორციელებულ ათასობით ჰაკერულ თავდასხმაში:

„ჩინეთმა, რომელიც მტკიცედ უპირისპირდება ჰაკერობას, შესაბამისი კანონმდებლობა და რეგულაციები შეიმუშავა და მკაცრი ზომები დააწესა ჰაკერული საქმიანობის თავიდან აცილების მიზნით. ჩინეთი ასევე მსხვერპლია საერთაშორისო ჰაკერული შეტევებისა“.

ჩინეთის მხრიდან კიბერშეტევების საფრთხეზე ჟურნალისტებთან საუბრისას თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეი კარნიმ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება პრეზიდენტ ბარაკ ობამას ყოველწლიური მიმართვის იმ ნაწილზე, სადაც ქვეყნის კიბერუსაფრთხოებაზე იყო საუბარი. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მის მიერ გამოცემული ბრძანება მთავრობას ავალდებულებს გააუმჯობესოს მუშაობა ამერიკის სამთავრობო სამსახურების, სტრატეგიული დანიშნულების ინფრასტრუქტურული - მათ შორის, ენერგეტიკული - ობიექტების კიბერშეტევებისაგან დასაცავად.

ცოტა ხნის წინ რამდენიმე მსხვილმა ამერიკულმა კომპანიამ - მათ შორის, „ნიუ-იორკ ტაიმსმა“, „უოლ სტრიტ ჯორნალმა“, ფეისბუკის სოციალურმა ქსელმა, „ტვიტერმა“ და ახლა უკვე „ეპლმა“ - განაცხადა, რომ მათზე ჰაკერული თავდასხმები განხორციელდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG