Accessibility links

logo-print

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში გუშინ სროლის ხმა ისმოდა. ადგილობრივი მცხოვრები ვიტალი ჯოჯიშვილი რუსეთის მესაზღვრეებმა ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

დიდი ხნის განმავლობაში ოჯახის წევრებმა დაკავებულის ადგილსამყოფლის შესახებ არაფერი იცოდნენ. მეჯვრისხევში გორის გამგებლის წარმომადგენელმა დიმიტრი თოდაძემ ჩვენს რადიოსთან საუბარში დაადასტურა, რომ დაკავებული უკვე ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

დაკავება გუშინ დღის მეორე ნახევარში მოხდა. ვიტალი ჯოჯიშვილი სოფლის განაპირას საქონელს მწყემსავდა, იქვე კი, სოფლის სალოცავთან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ. მეჯვრისხევში სროლის ხმა გაიგეს და ჯოჯიშვილის ოჯახის წევრები და ნათესავები მის მოსაძებნად წავიდნენ, მაგრამ კვალს ვერ მიაგნეს. მეჯვრისხეველების განცხადებით, დაკავებულს საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთია, რადგან ის ნახირს ეკლესიასთან ახლოს მწყემსავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჯოჯიშვილი ჯერ სოფელ ღრომში რუსეთის სამხედრო ბაზაზე, იქიდან კი ცხინვალში გადაიყვანეს.

მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საქმის კურსში არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, რომლებმაც ცხელი ხაზი უკვე აამოქმედეს. დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით ოს სამართალდამცავებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ივნისში საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევები გახშირდა. ძირითადად იმ მწყემსებს აკავებენ, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან ახლოს იმყოფებიან. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ქართველი სამართალდამცავების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე შემოდიან და იქ აკავებენ ადგილობრივ მცხოვრებლებს. საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ბოლო დროს მომხდარი ინციდენტები ერგნეთში “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა იქნება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG