Accessibility links

logo-print

ევრომაიდნის 27 იანუკოვიჩის 17-ის წინააღმდეგ


საპროტესტო აქცია "ევრომაიდანზე"

საპროტესტო აქცია "ევრომაიდანზე"

უკრაინის ევროპული კურსის მომხრეთა აქციის 27-ე დღეს ევრომაიდანზე კვლავ ელოდებიან მასშტაბურ მიტინგს. პარალელურად, ოპოზიცია გეგმავს, მთავრობის გადაყენების მოთხოვნით, „ვერხოვნა რადაში“ 226 დეპუტატის ხელმოწერა შეაგროვოს. უკრაინაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი რომ ახალი მთავრობის დაკომპლექტებაა, ამაზე ევროპელმა პარლამენტარებმა ღიად მიანიშნეს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ „მეისრეებს სჯის“ და აქტიურად ემზადება 17 დეკემბერს ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად.

აქციების 27-ე დღეს ევრომაიდანს არც დაღლა ეტყობა და არც უიმედობა. დასრულდა გაუგებრობაც, რაც კვირას ევროკომისარ შტეფან ფიულეს მიერ ტვიტერით გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია. ევროპის კარი უკრაინისათვის ღიაა, ძალაშია ევროკავშირთან ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმებების ხელმოწერა.

„ევროპაში უკრაინის მოწვევა უცვლელია, რაც ნიშნავს, რომ გვსურს ვიხილოთ უკრაინა ჩვენს რიგებში. ჩვენ ღია გვაქვს კარი, რადგან დარწმუნებულნი ვართ, ხალხის უმრავლესობამ უკრაინაში იცის, რომ უკეთესი ცხოვრება, ეკონომიკური და სოციალური განვითარება სწორედ ევროპულ კურსს უკავშირდება“, - განაცხადა 16 დეკემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდო ვესტერველემ.

ახალი მანდატით, ხალხის ნების გამომხატველი ახალი მთავრობის არჩევა იქნებოდა...
მიუხედავად იმისა, რომ მალე გერმანიის საგარეო უწყებას ახალი ხელმძღვანელი - ვალტერ შტაინმაიერი - ჩაუდგება სათავეში, ბერლინის მიდგომა უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა თუ უკრაინის ევროპული არჩევანის მიმართ უცვლელი იქნებაო, განაცხადა რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში კიევში მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგისა და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ელმარ ბროკმა.

მეტიც, გავლენიანმა გერმანელმა დეპუტატმა დღეს ღიად მიანიშნა უკრაინის ხელისუფლებას, რომ პოლიტიკური კრიზისიდან საუკეთესო გამოსავალი „ახალი მანდატით, ხალხის ნების გამომხატველი ახალი მთავრობის არჩევა იქნებოდა“. და თუკი ეს გაუგებარია, მაშინ „უნდა ჩატარდეს არჩევნები და ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს თავისი ქვეყნის მომავალიო“, - განაცხადა გერმანიის ბუნდესტაგისა და ევროპარლამენტის დეპუტატმა ელმარ ბროკმა, რომელმაც რადიო თავისუფლების შეკითხვაზე დააზუსტა, რომ იგი სწორედ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მიანიშნებდა.

ბარიკადები კიევში

ბარიკადები კიევში

თუმცა პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ჯერ არც მთავრობის გადაყენებას უჭერს მხარს და მის გეგმებში არც ახალი არჩევნების დანიშვნა შედის, რაც, უკრაინის მოქმედი კონსტიტუციით, პროცედურულადაც ძალიან ძნელია. სამაგიეროდ, უკრაინის პრეზიდენტი განაგრძობს „მეისრეების დასჯას“. 16 დეკემბერს ვიქტორ იანუკოვიჩმა ერთბაშად 24 რაიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები გადააყენა დაკავებული თანამდებობიდან.
„უკრაინსკაია პრავდას“ (რევოლუციის დღეებში იგი „ევროპეისკა პრავდის“ სახელით მუშაობს) ინფორმაციით, პოსტი დატოვა ივანო-ფრანკოვსკის ექვსივე რეგიონალურმა მმართველმა. ამის მიზეზი კი, ანალიტიკოსების ვარაუდით, ევრომაიდნისადმი ივანო-ფრანკოვსკის საოლქო საბჭოს გადაწყვეტილება და საოლქო ადმინისტრაციის უმოქმედობა აღმოჩნდა.

დაბალი დონის მოხელეების დაწიოკების ფონზე, ვიქტორ იანუკოვიჩი 17 დეკემბერს მოსკოვში ჩასვლას და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკების გამართვას გეგმავს შეღავათიან კრედიტზე, რასაც, როგორც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ანდრეი ბელოუსოვი აცხადებს, ალბათ, „ოპერატიულად მიიღებს“.

იანუკოვიჩი მოსკოვში ჩადის უკრაინა-რუსეთის სახელმწიფოთაშორისი კომისიის მეექვსე სხდომასთან დაკავშირებით. უკრაინაში ოპოზიცია შიშობს, რომ მოსკოვში ამ ვიზიტისას იანუკოვიჩი ხელს მოაწერს შეთანხმებას საბაჟო კავშირში უკრაინის შესვლის შესახებ. საბაჟო კავშირი ამჟამად რუსეთს, ბელორუსიასა და ყაზახეთს აერთიანებს.

თავის მხრივ, უკრაინის პროევროპული ოპოზიციური პარტიები ევრომაიდანზე კვლავ უხმობენ სამშაბათს თავიანთ მხარდამჭერებს და, პარალელურად, აპირებენ „ვერხოვნა რადაში“, უკრაინის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, სადაც უმრავლესობას მმართველი „რეგიონთა პარტია“ და მასთან კოალიციაში მყოფი კომუნისტები შეადგენენ, 226 დეპუტატის ხელმოწერა შეაგროვონ, მთავრობის გადაყენების მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG