Accessibility links

კიევში, ევრომაიდანზე შეკრებილი დემონსტრანტების ხმა ხშირად ისმის ჩვენს გადაცემებში, მათ სახეებს ვხედავთ ფოტო და ვიდეორეპორტაჟების მეშვეობით მთელი მსოფლიოს მასმედიაში. მთელ ამ მასალას ახლა დაემატა ორი უკრაინელის პროექტი, რომლის მიზანიცაა დაგვანახვოს, ვინ არიან კიევში დემონსტრაციების რიგითი მონაწილეები.

უკრაინელი სტუდენტის, 24 წლის ანდრეი პრიმაჩენკოს შთაგონების წყარო უკრაინის უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ნიკოლაი აზაროვი გახდა. 22 იანვარს, კიევში დემონსტრანტებსა და მილიციელებს შორის ინტენსიური შეტაკებების შემდეგ, აზაროვმა ასეთი რამ თქვა: ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე „ტერორისტები“ იკრიბებიანო.

მაინც ვინ არიან ეს „ტერორისტები“, როგორ გამოიყურებიან ისინი? ამის დასადგენად, ანდრეი პრიმაჩენკომ პორტრეტების შეგროვება გადაწყვიტა და დახმარება სთხოვა ერთ მეგობარს - ილუსტრატორ ალექსანდრ კომიახოვს.
სწორედ მან შექმნა ნახატების მთელი სერია, აქციების მონაწილეების და იმ ხალხის პორტრეტები, ვინც დემონსტრანტებს ეხმარება - მათთვის საჭმელი, წამლები მიაქვს, ბარიკადების აღმართვაში მონაწილეობს. ერთ-ერთ პორტრეტს ამშვენებს წარწერა „თანამგრძნობი ტერორისტი“ - მასზე ვხედავთ თბილ პალტოში გამოწყობილ, ჩანთიან მამაკაცს, რომელსაც სახვევები და წამლები მიაქვს მაიდნისაკენ. არის „მდიდარი ტერორისტიც“ – 50 წელს გადაცილებული მამაკაცი ავტომანქანა „ლექსუსით“ ეზიდება ხის მორებს ბარიკადებისთვის.
კომიახოვის მიერ შექმნილი „ტერორისტების პორტრეტების“ ოთხი ნიმუში 27 იანვარს გამოქვეყნდა ინტერნეტში, ანდრეი პრიმაჩენკოს რეპორტაჟების თანხლებით. პრიმაჩენკო როგორც ამბობს, პროექტის მიზანია, ხელი შეუშალოს მთავრობის მცდელობას, ექსტრემისტებად წარმოსახოს რიგითი მოქალაქეები, უბრალო, კეთილგანწყობილი ადამიანები:

„ძალიან ვისურვებდი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ - იმათ, ვინც ამ ხალხს ტერორისტებს უწოდებს, შეხედონ მათ პორტრეტებს და გააცნობიერონ, რომ ყველაფერი რიგზე ვერ არის ამ ქვეყანაში, სადაც ასეთი ხალხი „ტერორისტები“ უნდა იყვნენ. ჩვეულებრივ, როცა ისმის სიტყვა „ტერორისტი“, წარმოვიდგენთ ხოლმე კბილებამდე შეიარაღებულ ადამიანს, რომელიც უდანაშაულო ხალხს ხოცავს. აქ კი, პირიქით, - სრულიად უდანაშაულო ადამიანები ნებსით თუ უნებლიეთ გახდნენ ტერორისტები“, ამბობს პრიმაჩენკო.

იქ შეუძლებელია მხოლოდ დააკვირდე. როგორც იცით, ბევრია დაკავებული - ხალხი, რომელსაც აკავებდნენ ამ მოვლენების ზონებს მიღმაც. უკვე ყველა გახდა მონაწილე. ძნელია, იყო დამკვირვებელი...
მისმა უფროსმა მეგობარმა, 36 წლის ალექსანდრ კომიახოვმა, უკრაინაში სახელი გაითქვა ილუსტრაციებით გრაფიკული რომანებისათვის, ანუ ნაწარმოებებისათვის, რომლებშიც სიუჟეტის გადმოსაცემად ნახატი დომინირებს და არა ტექსტი. მის ნამუშევრებს შორის არის „კარჩხალი“ - ფენტეზის ჟანრის პოპულარული ნაწარმოები კოსმოსში პატრიოტი კოზაკების ფუტურისტულ თავგადასავალზე.

მაგრამ კომიახოვმა ევრომაიდანზე გააქტიურება გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც სასტიკად სცემეს ოპოზიციონერ ჟურნალისტს, ტატიანა ჩორნოვოლს. კომიახოვი მას კარგად იცნობს...

ამ ინციდენტის შემდეგ კომიახოვი ხშირად მიდის ევრომაიდანზე - დემონსტრანტებს ფოტოებს უღებს და მერე შინ ხატავს. ამბობს, რომ ცდილობს არქეტიპების და არა ინდივიდების პორტრეტები შექმნას და აცნობიერებს, რომ დემონსტრანტებზე დაკვირვებისას თვითონაც გახდა ერთ-ერთი მათგანი - საპროტესტო აქციების მონაწილე.

„კი, მონაწილე ვარ. იქ შეუძლებელია მხოლოდ დააკვირდე. როგორც იცით, ბევრია დაკავებული - ხალხი, რომელსაც აკავებდნენ ამ მოვლენების ზონებს მიღმაც. უკვე ყველა გახდა მონაწილე. ძნელია, იყო დამკვირვებელი“, ამბობს უკრაინელი ილუსტრატორი ალექსანდრ კომიახოვი, რომელიც ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტთან, ანდრეი პრიმაჩენკოსთან ერთად ქმნის ევრომაიდანზე მყოფთა პორტრეტებს, რათა დაგვანახვოს რა ადამიანები არიან დემონსტრაციების რიგითი მონაწილეები.
XS
SM
MD
LG