Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: სირიის მთავრობამ ქიმიური იარაღი გამოიყენა


თეთრმა სახლმა გამოაცხადა, ამერიკელი გამომძიებლები დარწმუნდნენ, რომ სირიის მთავრობამ არაერთხელ გამოიყენა ქიმიური იარაღი და ამის გამო ვაშინგტონი სირიელი მეამბოხეებისთვის სამხედრო დახმარების გაწევას დაიწყებსო.

ქიმიური იარაღის გამოყენებას „წითელ ზოლად“ მიიჩნევს აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, რომლის აზრითაც, ამ ზოლის გადაკვეთა სირიის კონფლიქტში ვაშინგტონის ინტენსიურ ჩარევას ნიშნავს. აშშ-ის განცხადებამ დროზე მოუსწრო სირიელ მეამბოხეებს, რომლებსაც უკეთესი შეიარაღება ესაჭიროებათ მას მერე, რაც მთავრობის ჯარისგან, რომელსაც ლიბანის ჰიზბოლა და ირანელი მებრძოლები უჭერენ მხარს, ბოლო დროს არაერთი მარცხი იწვნიეს. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის მთავრობის მრჩევლის მოადგილის ბენ როდსის თქმით, დაზვერვის სამსახურს აქვს დასტური, „რომელიც მაღალ ნდობას“ იმსახურებს. ამ ცნობით, სირიის მთავრობამ შარშან არაერთხელ გამოიყენა მომწამვლელი აირი ზარინი, რომელიც ნერვების დამბლას იწვევს და რომლითაც, ამავე წყაროს თანახმად, 100-150 პირი დაიღუპა.

რაც შეეეხება ქიმიური იარაღის გამოყენებას მეამბოხეთა მხრიდან, ამაზე ინფორმაცია სირიის საკითხზე გაეროს დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფის წევრმა კარლა დელ პონტემ მაისის დასაწყისში გაავრცელა. აშშ მაშინვე სკეპტიკურად მოეკიდა ამ მტკიცებას და ახლაც აცხადებს, რომ არ მოიპოვება ამის დამაჯერებელი დასტური. ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, რა სახის სამხედრო დახმარების გაწევას აპირებს აშშ სირიელი მეამბოხეებისთვის, ოპოზიციური უზენაესი სამხედრო საბჭოსათვის. დღემდე აშშ მეამბოხეებს სირიაში მხოლოდ „არასაბრძოლო“ დახმარებას უწევდა. მათ იარაღით ამარაგებდნენ საუდის არაბეთი, კატარი, ასევე თურქეთი. მოსკოვი, დამასკის ტრადიციული მოკავშირე, რომელსაც, ძველი შეთანხმებით, სამხედრო ბაზა აქვს ამ ქვეყანაში, აგრძელებდა ბაშარ ალ-ასადის არმიისთვის იარაღის მიწოდებას. ბრიტანეთი და საფრანგეთი ადრე ამტკიცებდნენ, რომ სირიის არმიამ ქიმიური იარაღი იხმარა. პარიზმა და ლონდონმა მოახერხეს, რომ სირიის მიმართ იარაღის ემბარგო აღარ გაგრძელებულიყო, რაც მეამბოხეების საბრძოლო ტექნიკით მომარაგების შესაძლებლობას იძლევა. ერთია შესაძლებლობა, მეორეა ამ ნაბიჯის გონივრულობა, - მსჯელობენ ობამას ადმინისტრაციაში, რომლის ზოგიერთი წევრი არ გამორიცხავს, რომ ეს იარაღი, საბოლო ჯამში, ალ ყაიდის მსგავსი ისეთი გაერთიანებების ხელში აღმოჩნდეს, რომლებიც მხარს უჭერენ სირიელ მეამბოხეებს.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის მთავრობის მრჩევლის მოადგილემ ბენ როდსმა ასე ჩამოაყალიბა ობამას გადაწყვეტილება:

„პრეზიდენტმა გადაწყვიტა, მეტი დახმარება გაეწიოს ოპოზიციას. ის მოიცავს უზენაესი სამხედრო საბჭოსთვის უშუალო დახმარებას, იარაღის ჩათვლით. გარკვეული მიზეზების გამო, ამ დახმარების დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ შემიძლია გაცნობოთ, რომ საბჭოსთვის გაწეული ადრინდელი დახმარება გაიზრდება როგორც მოცულობით, ისე ხასიათით“.

როდსმა ისიც თქვა, აშშ-მა რუსეთს შეატყობინა, რომ გამოყენებულია ქიმიური იარაღიო.

აშშ-ის განცხადებას გამოეხმაურა მოსკოვი, რომლის საშინაო და თავდაცვითი პოლიტიკის საბჭოს თავმჯდომარემ ფიოდორ ლუკიანოვმა ვაშინგტონის გადაწყვეტილებას დიპლომატიური თამაში უწოდა, რომელიც ობამაზე იმ მიზეზით ზეწოლის შედეგიცაა, რომ სათანადოდ აქტიურად არ მოქმედებს. ლუკიანოვი ფიქრობს, რომ თეთრ სახლსა და კრემლს შორის შეთანხმების შემდეგ სირიის თაობაზე დაგეგმილი ჟენევის კონფერენციისთვის მზადების პროცესი თუ ჩაიშალა, ვითარება გამწვავდება და ყველას ყველა მხრიდან დაეხმარებიან.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG