Accessibility links

logo-print

ქიმიური იარაღის გამოყენების უცნაური შედეგი


ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც ამ დღეებში განიხილავენ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე, სირიას ეხება: როგორ შესრულდეს ამერიკა-რუსეთის შეთანხმება, რომელიც სირიის ქიმიური არსენალის განადგურებას ითვალისწინებს? ამ შეკითხვაზე პასუხის ძიებისას, ზოგი შიშობს, რომ სირიის პრეზიდენტის პოზიციებს აძლიერებს 21 აგვისტოს დამასკთან ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენება. იმის გარკვევას, თუ რატომ გამოთქვამენ ასეთ, ერთი შეხედვით, უცნაურ მოსაზრებას, ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ჩარლზ რეკნაგელი შეეცადა.

დასავლეთი და მოსკოვი შეთანხმდნენ: იმისათვის, რომ სირიაში აღარ განმეორდეს ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი, ყველაზე სანდო გამოსავალია დამასკის ქიმიური არსენალის განადგურება.

მაგრამ ეს გამოსავალი გულისხმობს, რომ სირიის მმართველი რეჟიმი იარაღის განადგურებასთან დაკავშირებული მრავალთვიანი პროცესის შემადგენელი ელემენტი ხდება და, ასე ვთქვათ, სიცოცხლეს იხანგრძლივებს.

მიზეზი მარტივია: იმისათვის, რომ ქიმიური იარაღის განადგურების გეგმა განხორციელდეს, სირიის მთავრობის ჯარებმა ქიმიური იარაღი უნდა გადასცენ უცხოელ ექსპერტებს. ანუ ეს ჯარები ადგილზე უნდა იყვნენ, ბრძოლის უნარი ჰქონდეთ. ხოლო სანამ სირიის მთავრობის ჯარები ბრძოლისუნარიანობას ინარჩუნებენ, როგორ შეძლებენ მეამბოხეები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობას?

განიარაღების საკითხთა ექსპერტი, ლონდონში დაფუძნებული „კინგს კოლეჯის“ წარმომადგენელი პოლ შულტე ასე ახასიათებს ვითარებას, რომელშიც სირიის მმართველი რეჟიმი აღმოჩნდა: „რეჟიმს უცნაური ლაქა მიეცხო. მას მძიმე სამხედრო დანაშაულის ბრალდებას უყენებენ. მეორე მხრივ, მას, გარკვეულწილად, გვერდს ვერ აუვლიან“.

შეფასებას, რომ ქიმიური იარაღის განადგურების გეგმამ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის პოზიცია გააძლიერა, იზიარებს ჰაიკო ვიმინიც, გერმანიის საერთაშორისო და უშიშროების საკითხების ინსტიტუტის ექსპერტი სირიის საკითხებში.

„მან ხელახლა დაიმკვიდრა ადგილი, როგორც მოთამაშემ, რომელთანაც საქმის დაჭერა არ სურთ, მაგრამ მაინც უნდა დაიჭირონ საქმე, თუ სასურველი შედეგის მიღწევა სურთ. ასე მოებღაუჭა სირიის პრეზიდენტი გზას გარკვეული რესპექტაბელურობისაკენ. ეს, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია, თუ გავითვალისწინებთ, რა მოვლენას უკავშირდება“, ამბობს ჰაიკო ვიმინი.

შექმნილი ვითარება რამდენიმე რთულ შეკითხვას ბადებს:

როგორ დაეხმარონ დასავლეთი და არაბული სახელმწიფოები მეამბოხეებს ისე, რომ სირიაში შენარჩუნდეს გარკვეული სტაბილურობა და მმართველმა რეჟიმმა ქიმიური იარაღის ჩაბარება შეძლოს? და რამდენად შეუძლიათ დასავლეთის ქვეყნებს, რომლებიც მკაცრად აკრიტიკებენ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს, მასთან ითანამშრომლონ გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებებით ისე, რომ არ გააძლიერონ რეჟიმის, როგორც სირიის კანონიერი ხელისუფლების, პოზიცია?

წლების განმავლობაში სირიის რეჟიმი ტრაბახობდა, რომ წინააღმდეგობის გამწევი, თავისი პოზიციის ერთგული სახელმწიფოა, რომელიც ოპონირებას უწევს ამერიკელებს და „სიონისტურ გეგმებს“ ამ რეგიონში. მაგრამ, სინამდვილეში, შეერთებულ შტატებს ბევრი არაფერი დასჭირვებია იმისათვის, რომ ბაშარ ალ-ასადს უკან დაეხია...
ამ შეკითხვებზე პასუხი ჯერ არ ჩანს. არადა, შეკითხვები კიდევ არაერთხელ დაისმება ქიმიური იარაღის ჩაბარებასა და განადგურებაზე ექსპერტების მუშაობის პროცესში.

ცხადია ის, რომ ექსპერტებს სირიაში კონფლიქტის ფონზე მოუწევთ მუშაობა და როცა უაღრესად სახიფათო იარაღის მოპოვებასა და განაგურებაზე იზრუნებენ, სავარაუდოდ, გაეროს სამშვიდობო ძალების დაცვა დასჭირდებათ. მაგრამ ადგილზე გაეროს სამშვიდობო ძალების ყოფნის შემთხვევაშიც, ექსპერტების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი ვერ იქნება დამასკთან - ისევე როგორც მეამბოხეების წამყვან ჯგუფებთან -კოორდინაციის გარეშე. შეთანხმებით, რომელსაც მიმდინარე თვეში ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებაზე მიაღწიეს შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა, ქიმიური იარაღის ექსპერტებს 2014 წლის შუა პერიოდამდე მოუწევთ თავიანთი მისიის დასრულება.

თუ პოლიტოლოგების ნაწილი ფიქრობს, რომ ქიმიური იარაღის განადგურებაზე შეთანხმებამ სირიის პრეზიდენტის პოზიცია გაამყარა, სხვები ყურადღებას ამახვილებენ მოლაპარაკების გზით სირიის კონფლიქტის მოგვარების შანსზე. ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორის, პოლიტოლოგ ჰილალ ხაშანის აზრით, სირიის პრეზიდენტის დაუყოვნებლივ დათანხმებამ ვაშინგტონისა და მოსკოვის გეგმაზე, რომლის მეშვეობითაც დამასკი თავიდან იცილებს ვაშინგტონის სამხედრო დარტყმას, ცხადყო, რამდენად სუსტია სირიის პოზიცია.

„წლების განმავლობაში სირიის რეჟიმი ტრაბახობდა, რომ წინააღმდეგობის გამწევი, თავისი პოზიციის ერთგული სახელმწიფოა, რომელიც ოპონირებას უწევს ამერიკელებს და „სიონისტურ გეგმებს“ ამ რეგიონში. მაგრამ, სინამდვილეში, შეერთებულ შტატებს ბევრი არაფერი დასჭირვებია იმისათვის, რომ ბაშარ ალ-ასადს უკან დაეხია, თუ არ ჩავთვლით აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში სულ რამდენიმე გემის გაგზავნას“, აღნიშნავს ჰილალ ხაშანი.

და თუ ბაშარ ალ-ასადის პოზიცია სუსტია, ეს შეუმჩნეველი არ დარჩებათ არც მისი გუნდის წევრებს. პროფესორ ხაშანის ვარაუდით, პრეზიდენტს საკუთარ გუნდში გამოუჩნდება ოპონენტები, რაც ზრდის კონფლიქტის მოლაპარაკების გზით მოგვარების შანსს: თუ ბაშარ ალ-ასადი გადადგა და მისი ადგილი უფრო ზომიერი კურსის მომხრე ლიდერმა დაიკავა, ის საერთაშორისო თანამეგობრობასთან ითანამშრომლებს და თან შეინარჩუნებს სირიის ჯარის ბრძოლისუნარიანობას ექსპერტებისათვის ქიმიური არსენალის გადასაცემად.

თუმცა ეს ვარაუდების სფეროა.

ახლა ყურადღების ცენტრში დგას გაეროს უშიშროების საბჭო - მისი წევრების მუშაობა რეზოლუციაზე, რომელშიც უნდა აისახოს სირიის ქიმიური იარაღის განადგურების პირობები. ვაშინგტონი და მოსკოვი რეზოლუციის მალე მიღების აუცილებლობაზე საუბრობენ.
XS
SM
MD
LG