Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: აშშ-თან კავშირები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე „კინკლაობა“ სნოუდენის ირგვლივ


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის და აშშ-ის კავშირები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აშშ-ის დაზვერვის ყოფილი კონტრაქტორის, ამჟამად აშშ-ის მიერ ძებნილი და მოსკოვის აეროპორტში მყოფი ედვარდ სნოუდენის საკითხი.

„ჩემი აზრით, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კინკლაობა სპეცსამსახურების მოქმედების გარშემო“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინმა ამ განცხადებით ოთხშაბათს მიმართა ჟურნალისტებს. მას მხედველობაში ჰქონდა დაძაბულობა, რომელიც აშშ-ის სადაზვერვო სტრუქტურებიდან საიდუმლო ინფორმაციის გარეთ გამომტანი პირის, ედვარდ სნოუდენის გარშემოა შექმნილი. სნოუდენი, რომელიც აშშ-ის უშიშროების ყოფილი კონტრაქტორი და ამჟამად ძებნილია, მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტის სატრანზიტო ზონას 23 ივნისის შემდეგ აფარებს თავს და რუსეთს დროებითი თავშესაფრის გამოყოფას სთხოვს.

პუტინის განცხადებით, ის აშშ-თან ურთიერთობის გაღრმავებაზე მუშაობს და სნოუდენს საშუალება არ მიეცემა ზიანი მიაყენოს მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობას:
ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

„ჩვენ გავაფრთხილეთ ბატონი სნოუდენი, რომ მისი ნებისმიერი ქმედება, რომელიც უკავშირდება რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობისთვის ზიანის მიყენებას, ჩვენთვის მიუღებელია“.

აშშ-ის მთავრობა კვლავ მოითხოვს სნოუდენის მისთვის გადაცემას. სნოუდენის მიერ გასაჯაროებული საიდუმლო ინფორმაცია ეხებოდა აშშ-ის მიერ წარმოებულ ფართომასშტაბიან თვალთვალს ინტერნეტსა და სატელეფონო კავშირებზე. ამ ინფორმაციის გაჟონვას აშშ-ში ცხარე დისკუსია მოჰყვა იმაზე, თუ რამდენად ლეგალურია ასეთი ზომები და როგორ უნდა შეიზღუდოს სამთავრობო სტრუქტურების შეჭრა ადამიანების პირად ცხოვრებაში.

უწინ გასაიდუმლოებული პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ დაძაბულობის ზრდა გამოიწვია ვაშინგტონსა და რამდენიმე ქვეყანას შორის, აშშ-ის ევროპელი მოკავშირეების ჩათვლით.
ჩვენი პოზიცია ისაა, რომ ბატონი სნოუდენი უნდა გამოაძევონ და აშშ-ში უნდა დააბრუნონ. მას არ უნდა მიეცეს საერთაშორისო მოგზაურობის გაგრძელების უფლება, აშშ-ში დასაბრუნებლად აუცილებელი მარშრუტის გავლის გარდა...
ჯეი კარნი

მიმდინარე თვეში ბრიტანეთში გამომავალმა „გარდიანმა“ დაბეჭდა ედვარდ სნოუდენის მეშვეობით გაჟონილი ინფორმაცია, რომელიც აჩენდა ვარაუდს, რომ ვაშინგტონი უთვალთვალებდა მისი ევროპელი და არაევროპელი 38 მოკავშირის საელჩოებსა და წარმომადგენლობებს - მათ შორის, საფრანგეთის, იტალიის, საბერძნეთის, იაპონიისა და თურქეთის.

პუტინს ნათქვამი აქვს, რომ სურს სნოუდენმა რუსეთი დატოვოს მაშინვე, როგორც კი საამისოდ საჭირო ზომები გატარდება.

სნოუდენს ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანა სთავაზობს თავშესაფარს.

სამშაბათს თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯეი კარნიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა ვაშინგტონის პოზიცია, რომ სნოუდენი აშშ-ს უნდა გადაეცეს და მან პასუხი უნდა აგოს მთავრობის საკუთრების მოპარვისა და დაზვერვის პროგრამების შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროების გამო:

„ჩვენი პოზიცია ისაა, რომ ბატონი სნოუდენი უნდა გამოაძევონ და აშშ-ში უნდა დააბრუნონ. მას არ უნდა მიეცეს საერთაშორისო მოგზაურობის გაგრძელების უფლება, აშშ-ში დასაბრუნებლად აუცილებელი მარშრუტის გავლის გარდა. ის არ არის ადამიანის უფლებების დამცველი აქტივისტი. ის არ არის დისიდენტი. მას ბრალად ედება გასაიდუმლოებული ინფორმაციის გასაჯაროება“.
ჩემი აზრით, სნოუდენი უახლოეს დღეებში დატოვებს აეროპორტს. გარკვეული დოკუმენტები კვლავაც გაფორმებას საჭიროებს. ვფიქრობ, ეს საკითხი კვირის განმავლობაში გადაწყდება...
ანატოლი კუჩერენა

რუსეთის მიგრაციის ფედერალური სამსახური ამბობს, რომ შეიძლება სამ თვემდე დრო დასჭირდეს თავშესაფრის შესახებ სნოუდენის მიერ სამშაბათს შეტანილი განაცხადის დამუშავებას.

სნოუდენს თავშესაფრის მოთხოვნის პროცესში დახმარებას უწევს რუსეთის შსს-თან არსებული საზოგადოებრივი მონიტორინგის კომიტეტის ხელმძღვანელი ანატოლი კუჩერენა, რომელიც ჟურნალისტებს სამშაბათს ესაუბრა ამ საქმის გარშემო:

„ჩემი აზრით, სნოუდენი უახლოეს დღეებში დატოვებს აეროპორტს. გარკვეული დოკუმენტები კვლავაც გაფორმებას საჭიროებს. ვფიქრობ, ეს საკითხი კვირის განმავლობაში გადაწყდება. ამის შემდეგ კი უკვე მისთვის დროებითი თავშესაფრის გამოყოფის საკითხზე დაიწყება მსჯელობა".

კუჩერენას თქმით, მას სნოუდენმა დახმარებისთვის პირველად პარასკევს მიმართა, როცა აეროპორტში გაიმართა შეხვედრა სნოუდენსა და უფლებადამცველ ჯგუფებს შორის.
XS
SM
MD
LG