Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეტალები კინომემკვიდრეობის დასაბრუნებლად


30 სექტემბერს ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდს შორის. მემორანდუმის თანახმად, „გოსფილმოფონდი“ საქართველოს გადმოსცემს 1916 წლიდან 1990 წლამდე გადაღებულ და ფონდის არქივში დაცულ ქართულ ფილმებს, თუმცა არა დედნებს, არამედ ასლებს, ე.წ. ლავანდისა და პოზიტივის სახით. ვინ გასწევს ასლების გადმოცემისას ხარისხის კონტროლს და აქვს თუ არა საქართველოს საცავი, სადაც ფირები უსაფრთხოდ შეინახება?

381 მხატვრული ფილმი, 200-მდე ანიმაციური ფილმი, 100-ზე მეტი სამეცნიერო პოპულარული ფილმი - ქართული ფილმები, რომლებიც მეოცე საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული დღემდე მოსკოვში, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდში, „გოსფილმოფონდის“ არქივში, ინახებოდა და საკუთარი ფილმების ასლების მოსაპოვებლად ქართულ მხარეს, ქართველ რეჟისორებს მრავალი ბიუროკრატიული წესის დაცვა და თანხა სჭირდებოდათ, საქართველოში ბრუნდება. ინფორმაცია ქართული ფილმების სამშობლოში დაბრუნების თაობაზე კვირის დასაწყისში - კულტურის სამინისტროში გაფორმებული მემორანდუმის შემდეგ - გავრცელდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და „გოსფილმოფონდის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ბოროდაჩევმა.

„დასრულდა ეპოპეა, რომელიც 20 წელზე მეტია გრძელდება და ამიტომ ვამბობ, რომ დღეს ისტორიული დღეა. მივაღწიეთ შეთანხმებას მოსკოვში, „გოსფილმოფონდში“ დაცული საქართველოს კინომასალების მომზადებასა და საქართველოსთვის გადმოცემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

კულტურის სამინისიტროში სიტყვით გამოსვლისას „გოსფილმოფონდის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ბოროდაჩევმა თქვა: „20 წლის მანძილზე მუსირებდა ეს თემა. რა ძალები არ ჩაერთო ამ პროცესში, რამდენმა ორგანიზაციამ არ მოჰკიდა ამ საქმეს ხელი, მაგრამ როცა საქმე თითქმის ბოლომდე მივიდოდა, ყველა განზე დგებოდა, რადგან ეს პროცედურა ნამდვილად არ არის იაფი. გარდა ამისა, ასევე იყო დიდი ტექნიკური სირთულეებიც. შეიძლება იყო პერიოდები, როცა ვიღაცას არ უნდოდა, რომ ეს საქმე ბოლომდე მისულიყო, მაგრამ, რაც მთავარია, ჩვენ ყოველთვის ღია ვიყავით“.

ინიციატივა ფილმების ქართული მხარისთვის დაბრუნების თაობაზე საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, 90-იანი წლებიდან, გაჩნდა, თუმცა, ქართველი კინემატოგრაფისტებისა თუ სხვა ოფიციალური და არაოფიციალური პირების ძალისხმევის მიუხედავად, ამ ინიციატივის განხორციელება ვერ ხერხდებოდა. ყინული მას შემდეგ დაიძრა, რაც მსოფლიოს უდიდეს არქივს, რომელშიც დაცულია ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი ყველა ქვეყნის, მათ შორის, ქართული ფილმები, სათავეში ახალი გენერალური დირექტორი ჩაუდგა.

ახლა მთელი ეს პროცესი შეგვიძლია რამდენიმე ნაბიჯად დავყოთ. ნაბიჯი პირველი: შეთანხმება მიღწეულია, ანუ მთავარი მისია, გარკვეულწილად, შესრულებულია. თუმცა მისია რომ წარმატებულად ჩაითვალოს, კიდევ არაერთი და არცთუ მარტივად მისაღწევი დეტალია დასაზუსტებელი. მაგალითად, რა სახით გადმოეცემა საქართველოს ფილმები? ვინ უზრუნველყოფს ხარისხის კონტროლს? სად შეინახება ქართული ფილმები და როგორ შეინახება? ეს და კიდევ სხვა არაერთი კითხვა ისტორიკოს ლაშა ბაქრაძეს მაშინვე გაუჩნდა, როგორც კი ქართული ფილმების სამშობლოში დაბრუნების შესახებ შეიტყო. ის რამდენიმე წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის კინოდოკუმენტების შენახვისა და კონსერვაციის განყოფილებას და, შესაბამისად, მიაჩნია, რომ სწორედ დეტალებში მდგომარეობს ამ მისიის წარმატების მთავარი არსი. აუცილებლად გასარკვევია, რა სახით ჩაბარდება ქართულ მხარეს ფილმები. დედნების გადმოცემაზე საუბარი არ არის. მაშ, რა სახით უნდა მივიღოთ ფილმები, რომ ჩვენი აღტაცება უსაფუძვლო არ აღმოჩნდეს? ლავანდა, ანუ საშუალო ასლი, - ეს არის საუკეთესო ვარიანტი, რაც კი ამჟამად შეგვიძლია მივიღოთ „გოსფილმოფონდიდან“: „თუმცა, გარდა ამისა, ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ ფილმები გადმოგვეცემა ციფრული სახით. რატომღაც ჩვენში მიაჩნიათ, როგორც ჩანს, რომ ციფრული ვარიანტი უფრო ადვილი შესანახია, მაგრამ ეს ასე არ არის“, - ამბობს ლაშა ბაქრაძე.

ჩვენ არ უნდა მივიღოთ ეს პროცესი ისე, რომ აქ რუსებს უნდათ ჩვენთვის კოჭის გაგორება და ჩვენც ვფიქრობთ, რომ რანაირი ფორმითაც არ უნდა ჩამოვიდეს ფილმები, ყველაფერი კარგი იქნება. ეს ასე არ არის. DVD-ზე თუ გვინდა ფილმების ნახვა, ეს სხვა რამეა, მაგრამ თუ გვინდა, რომ დიდი, სერიოზული რეტროსპექტივები მოვაწყოთ უცხოეთში, ეს სრულიად სხვა საკითხია...
ლაშა ბაქრაძე

რატომ არ არის ფილმების ციფრული ვარიანტი უფრო ადვილად შესანახი და რატომ ჯობია, რომ საქართველომ მიიღოს კინოფირები ლავანდის სახით? ამის გარკვევაში დაგვეხმარება საქართველოს ეროვნული არქივის კინოფოტოფონოარქივის დირექტორის მოადგილე ნინო ძანძავა: „იქიდან გამომდინარე, რომ ციფრული ფორმატის ბუნება არის არასტაბილური და არამატერიალური, ამიტომ ის განსაკუთრებული სიფრთხილით მოვლას საჭიროებს. საჭიროებს სპეციალურ სერვერებს, რომლებიც შესაძლოა მილიონზე მეტი ღირდეს, შემდეგ - ციფრული ფაილების მენეჯმენტს, მუდმივ შემოწმებას. ანუ ეს არის სამუშაო, რომელსაც სჭირდება როგორც ტექნიკური ინფრასტრუქტურა, ასევე ადამიანური რესურსი. ფაილებს ვერ დადებ ერთი წლის განმავლობაში ისე, რომ არ შეხედო, არ მოუარო და არ შეამოწმო. რაც შეეხება კინოფირს, თუ არ წვიმს შენობაში და თუ არ არის ფარდოფითი ტენიანობა 80%-ზე ასული, შესაძლებელია, რომ ფირზე გამოსახულება ასწლეულების მანძილზე შეგინარჩუნდეს“, - ამბობს ნინო ძანძავა.

როგორც კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია ნათქვამი, ქართული მხარე ფილმებს ე.წ. პოზიტივის ფორმატით მიიღებს. თუმცა რადიო თავისუფლებასთან საუბარში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე სწორედ ფილმების ლავანდის სახით გადმოცემაზე გვესაუბრება: „საუბარია არა მხოლოდ პოზიტივებზე, არამედ ე.წ. ლავანდაზე, კინოფირზე, რომელიც პირველადი ორიგინალი ნეგატივიდან დაიბეჭდება. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ სრული დაშვება ექნებათ ჩვენს სპეციალისტებს სამუშაო პროცესის დროს ადგილზე, მოსკოვში“.

დიახ, ფილმების ასლების დამზადებისას სწორედ ქართული მხარის ჩართულობის აუცილებლობაზე ლაპარაკობს ლაშა ბაქრაძე: „ჩვენ არ უნდა მივიღოთ ეს პროცესი ისე, რომ აქ რუსებს უნდათ ჩვენთვის კოჭის გაგორება და ჩვენც ვფიქრობთ, რომ რანაირი ფორმითაც არ უნდა ჩამოვიდეს ფილმები, ყველაფერი კარგი იქნება. ეს ასე არ არის. DVD-ზე თუ გვინდა ფილმების ნახვა, ეს სხვა რამეა, მაგრამ თუ გვინდა, რომ დიდი, სერიოზული რეტროსპექტივები მოვაწყოთ უცხოეთში, ეს სრულიად სხვა საკითხია. ამას გარკვეული კვლევა სჭირდება, ხარისხის კონტროლი სჭირდება. „გოსფილმოფონდთან“ ძალიან სერიოზული მუშაობაა საჭირო და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ფონდშიც სერიოზული სპეციალისტები მუშაობენ და ეს პროცესი მათთვისაც მნიშვნელოვანი იქნება და ჩვენთან ერთად იმუშავებენ. მაგრამ ამისათვის უნდა შეიქმნას ჯგუფი, რომელიც ფონდში ივლის. დეტალები უამრავია, რომელთა დაკავშირებითაც შეთანხმება არის აუცილებელი“, - ამბობს ლაშა ბაქრაძე.

ფონდში არის ფილმები, რომლებიც, მაგალითად, მიჩნეულია დაკარგულად. სერიოზული კვლევითი სამუშაოებია ჩასატარებელი „გოსფილმოფონდში“. თუნდაც ნაკუწები იყოს გარკვეული ფილმების, რომელიც ცენზურამ ამოიღო, რომელიც დროთა განმავლობაში რაღაც მიზეზით ამოიღეს ...
ლაშა ბაქრაძე

მისთვის კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს დეტალს წარმოადგენს 20-30-იანი წლების ქართული ფილმები, რომლებიც დროთა განმავლობაში რესტავრირებული იქნა. ამ ფილმებს კუპიურები გაუკეთდა, გადაკეთდა. მას მიაჩნია, რომ ფილმები აუცილებლად უნდა აღდგეს ორიგინალებიდან და არა 60-70-იან წლებში გაკეთებული ახალი ვარიანტებიდან. მაგალითად მას მოჰყავს 1928 წელს ნიკოლოზ შენგელაიას მიერ გადაღებული ფილმი „ელისო“, რომელიც მოგვიანებით, 1965 წელს, გადაამუშავა და გაახმოვანა რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ. ან მიხეილ კალატოზიშვილის „ჯიმ შვანთე“. და კიდევ ერთი დეტალი: „აი მაგალითად, შეიძლება ერთი შეხედვით უბრალო დეტალი იყოს, მაგრამ როდესაც ფილმების რესტავრაციები გააკეთეს, რასაკვირველია, ძველი ტიტრები ხშირად გადაყარეს, არ აინტერესებდათ. არადა, როდესაც ვლაპარაკობთ სერიოზულ რესტავრაციაზე, რასაკვირველია, ტიტრიც ისეთივე ნაწილია ფილმისა, როგორც ნებისმიერი სხვა კადრი, რადგან ამ ტიტრებს ხატავდნენ ძალიან ცნობილი ქართველი მხატვრები, მაგალითად, კინოსათვის ძალიან მნიშვნელოვანი სიდამონ ერისთავი, დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი. ანუ ამასაც აქვს მნიშვნელობა“, - მიაჩნია ლაშა ბაქრაძეს.

როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ, საქართველოში დასაბრუნებელი ფილმების სრული სია ქართულ მხარეს უკვე გადმოეცა. თუმცა ლაშა ბაქრაძე ამბობს, რომ „გოსფილმოფონდში“ ქართულ მხარეს ისევ აქვს ჩასატარებელი სერიოზული მუშაობა, რადგან მისი თქმით, წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან ირკვევა, რომ ფონდში შესაძლოა ინახებოდეს ისეთი ფილმები, რომლებიც საქართველოს დაკარგული ჰგონია. მაგალითად მას მოჰყავს მიხეილ კალატოზიშვილის ფილმი „ლურსმანი ჩექმაში“, რომელიც რამდენიმე წლის წინ ქართულმა მხარემ შემთხვევით აღმოაჩინა მოსკოვში არსებულ არქივში: „ფონდში არის ფილმები, რომლებიც, მაგალითად, მიჩნეულია დაკარგულად. სერიოზული კვლევითი სამუშაოებია ჩასატარებელი „გოსფილმოფონდში“. თუნდაც ნაკუწები იყოს გარკვეული ფილმების, რომელიც ცენზურამ ამოიღო, რომელიც დროთა განმავლობაში რაღაც მიზეზით ამოიღეს, ანუ თუკი სერიოზულად ვმუშაობთ და არა მხოლოდ იმისათვის, რომ ვაჩვენოთ, რომ აი, როგორი მაგრები ვართ და რა დრო დაგვიდგა, ეს სამუშაოები უნდა ჩავატაროთ“, - ამბობს ლაშა ბაქრაძე.

თავდაპირველად გაცხადებული იმედით, საქართველოში ფილმები მომდევნო ხუთი წლის მანძილზე უნდა დაბრუნდეს, თუმცა კულტურის მინისტრი რადიო თავისუფლებასთან საუბარში არ გამორიცხავს, რომ დროის ეს მონაკვეთი შემცირდეს.

მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელი იქნება უკვე არსებულ შენობებში გამოვნახოთ ამგვარი მოცულობის ტერიტორია. რომელი იქნება ეს შენობა, ესეც, ცხადია, სამუშაო პროცესში დადგინდება. გარდა იმ ფილმებისა, რაც გადმოგვეცემა, ძალიან მნიშვნელოვანია ისიც შევინახოთ და შევუნახოთ მომავალ თაობებს, რაც გუშინ შეიქმნა, დღეს იქმნება და ხვალ შეიქმნება...
მიხეილ გიორგაძე

და ისევ მივყვეთ ნაბიჯებს, რომელთაც ამჯერად იმ საკითხამდე მივყავართ, თუ სად უნდა შევინახოთ ფილმები, რომლებსაც ათეული წლების ლოდინის შემდეგ სამშობლოში ველოდებით. გვაქვს შესაბამისი საცავი, სადაც ფილმებს მრავალი წლის მანძილზე უსაფრთხოდ შევინახავთ? როგორც ნინო ძანძავა გვეუბნება, ამ ეტაპზე საქართველოს არ აქვს, მაგალითად, ფილმების ციფრული ვარიანტების შენახვის საშუალება და სწორედ ამიტომ ის, ისევე როგორც ლაშა ბაქრაძე, მიიჩნევს, რომ ქართულმა მხარემ ფილმები აუცილებლად ფირის სახით უნდა მიიღოს. ნინო საქართველოს არქივებში არსებულ მდგომარეობაზე გველაპარაკება: „საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რა თქმა უნდა, იყო უკიდურესად მძიმე მდგომარეობა, იყო შემთხვევები, როცა ფირები დაიწვა, დასველდა, იმიტომ რომ წყალი ჩამოდიოდა საცავში. დღესაც ეს პრობლემა ბოლომდე არ არის მოგვარებული. თუმცა მე შემიძლია გესაუბროთ საქართველოს ეროვნული არქივის მაგალითზე. ჩვენ წელს ვამთავრებთ პროექტს, რომელიც დაიწყო ერთი წლის წინ. ის ეხება სპეციალური აგრეგატების დამონტაჟებას საცავებში, სწორედ სპეციალური ტემპერატურული რეჟიმის და ასევე ფარდობითი ტენიანობის რეჟიმის შესაქმნელად, სადაც ჩვენ ვაპირებთ ჩვენი ფილმების შენახვას. ეს არის ძალიან დიდი გარღვევა ჩვენი დაწესებულებისთვის და მთლიანად საქართველოსთვის, რადგან, სამწუხაროდ, ახლა საქართველოში არც ერთ სხვა დაწესებულებას ასეთი აგრეგატები არ აქვს დამონტაჟებული“.

კულტურის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის თქმით, „გოსფილმოფონდი“ უახლოეს მომავალში მოაწოდებს საქართველოს ზუსტ გამონათვალს იმ ფართისა და პირობებისა, რა პირობებსა და ფართშიც უნდა იყოს დაცული ფილმების არქივი. მისივე თქმით, მოლაპარაკებების თანახმად, პირველ ეტაპზე საქართველო „გოსფილმოფონდისგან“ აპარატურასაც მიიღებს: „მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელი იქნება უკვე არსებულ შენობებში გამოვნახოთ ამგვარი მოცულობის ტერიტორია. რომელი იქნება ეს შენობა, ესეც, ცხადია, სამუშაო პროცესში დადგინდება. გარდა იმ ფილმებისა, რაც გადმოგვეცემა, ძალიან მნიშვნელოვანია ისიც შევინახოთ და შევუნახოთ მომავალ თაობებს, რაც გუშინ შეიქმნა, დღეს იქმნება და ხვალ შეიქმნება. ამიტომ გარკვეული განვითარების პერსპექტივით უნდა იყოს შერჩეული ეს შენობა“, - ამბობს მიხეილ გიორგაძე.

„გოსფილმოფონდში“ ინახება რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის ფილმებიც. ის ფონდთან მუშაობის საკუთარ გამოცდილებაზე გვიყვება: „იმისთვის, რომ ჩვენი ფილმები რაღაცნაირად გადმოგვეტანა საქართველოში, დაგვებეჭდა, ჩვენ უნდა გადაგვეხადა ფული ჩვენივე ფილმებში, რომ შემდეგ მიგვეღო თანამედროვე, ნორმალური ასლი. აი, მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი ფილმის - „დიდი მწვანე ველის“ - ასლი 3 000 დოლარი დაუჯდა კინოცენტრს. სიტუაცია იმდენად აბსურდული იყო, რომ სამი წლის წინ მე მომიწია ბრაზილიაში ქართული კინოს დღეებზე ყოფნა. იქ ჩატანილი იყო ფილმები როგორც საქართველოდან, ისე მთელი მსოფლიოდან - სადაც კი მოიძიეს ქართული ფილმები - და ნახევარზე მეტი ფილმები იყო რუსულ ენაზე, რუსული ტიტრებით და ბრაზილიელები ამბობდნენ, ეს რა ქართული ფილმებია, შიგნით ყველაფერი რუსულად არისო“.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რა დაუჯდება საქართველოს ფილმების სამშობლოში დაბრუნება. კულტურის მინისტრის განცხადებით, ეს მხოლოდ მაშინ გაირკვევა, როცა ფილმების სრულფასოვნად დაბრუნებისათვის აუცილებელი ყველა დეტალი დაზუსტდება.

XS
SM
MD
LG