Accessibility links

ლონდონში ქართული ფილმების მეოთხე ფესტივალი მიმდინარეობს. ფილმების ჩვენება ქალაქის ცენტრში, ვესტმინსტერის უძველეს დარბაზში, იმართება. ფესტივალი ზაზა ურუშაძის „მანდარინებით“ გაიხსნა. ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ დარბაზი მალე გაივსო. საზოგადოების ნაწილი უსკამებოდ დარჩა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია სეანსზე ბოლომდე დარჩენილიყო. ლონდონში მცხოვრები ქართველების გარდა, აქ მათი ბრიტანელი მეგობრები, ქართული კინოსა და ხელოვნების თაყვანისმცემლები მოვიდნენ. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ „მანდარინებს“, საფესტივალო ჩვენების გარდა, სწორედ ახლა ლონდონის სხვა კინოთეატრებშიც უჩვენებენ. ზაზა ურუშაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ფილმის ჩვენება სირიაში საბრძოლო მოქმედებების კიდევ ერთი ცხელი ფაზის განახლებას დაემთხვა, მის ფილმში კი ჰუმანიზმისა და მშვიდობის მოწოდებები ისმის. არ იცის, მომავალში გააგრძელებს თუ არა ამ თემატიკაზე მუშაობას, უახლოეს გეგმებში კი დრამის გადაღება შედის.

ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ქეთი ჯაფარიძის, თქმით, შემთხვევითი არ ყოფილა, რომ ჩვენებები „მანდარინებით“ გაიხსნა, რადგან, მისი აზრით,საქართველოს ბოლო წლების ყველაზე დიდი ტკივილი სწორედ ამ ფილმშია გადმოცემული. ლონდონელებს, რომლებიც აქამდე მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იღებდნენ საქართველოს შესახებ, ახლა შესაძლებლობა აქვთ კინოში ასახული ცხოვრება ნახონ. წლევანდელი ფესტივალიც სწორედ ამ სახელწოდების მატარებელია.

ლონდონში მცხოვრები ჟურნალისტი გიორგი ლალიაშვილი ამბობს, რომ ბოლო 10 წელია ქართული დიასპორა ბრიტანელებისთვის ქართული კულტურისა და ხელოვნების გასაცნობად არაერთ ღონისძიებას ატარებს. მისი აზრით, სახელმწიფომ კინოწარმოების განვითარებისთვის ფინანსები არ უნდა დაიშუროს, რადგან ქართული კინო ხარისხით არ ჩამოუვარდება წამყვან ევროპულ ფილმებს და თან კინოს ენა ყველასთვის გასაგებია.

ქართული ფილმების ფესტივალის გახსნას ლონდონში ლინ კოფინის მიერ ახლად თარგმნილი „ვეფხისტყაოსნის“ პრეზენტაციაც დაემთხვა. ფესტივალის დაწყებამდე იქ მისულ სტუმრებს ჰოლში გამოფენილი ახალი თარგმანის შეძენის შესაძლებლობა ჰქონდათ. ლინ კოფინი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ შეყვარებულია საქართველოზე, ქართულ მწერლობასა და ხელოვნებაზე.

ლონდონში ქართული ფილმების მეოთხე ფესტივალი 7 ოქტომბერს დაიხურება. ამ დღეების განმავლობაში წარმოდგენილი იქნება ოთარ იოსელიანის, ნანა ექვთიმიშვილის, გიორგი ოვაშვილის, ლევან თუთბერიძის, ნანა მჭედლიძის, ნინო კირთაძისა და სხვა ქართველი რეჟისორების ფილმები.

რეპორტიორის მივლინება ლონდონში ორგანიზებულია ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის ( IWPR) მიერ. 2014 წელს გოგა აფციაურს მიენიჭა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG