Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კინოში სანახავი ფილმები


კადრი ფილმიდან "Django Unchained"
კადრი ფილმიდან "Django Unchained"
გასულ კვირას ქართულ ინტერნეტსაიტებზე, სადაც ახალი ფილმების ლინკებს დებენ ხოლმე (ცხადია, საავტორო უფლებების დარღვევით), მოულოდნელად გაქრა კვენტინ ტარანტინოს ფილმი “ჯანგო”... თუმცა არსებობს რუსული საიტები და ეგრეთ წოდებულ პირატულ ვერსიებს იქ მაინც მიაგნებთ... თავად ტარანტინო, მისი სხვა კოლეგებისგან განსხვავებით, მაინც და მაინც მკაცრად არ განიხილავს საავტორო უფლებების საკითხს, თუმცა ჰოლივუდის რომელიმე სხვა რეჟისორიც რომ ყოფილიყო, მისი ახალი ფილმი მაინც მოხვდებოდა “რუსულ ინტერნეტში” და შესაბამისად, ქართულ საიტებზეც. ასეა თუ ისე, ამ საიტებმა გაითვალისწინეს კინოთეატრების თხოვნა (ყოველ შემთხვევაში ამ საკითხს აქამდე სწორდ მოლაპარაკება არეგულირებდა) და როგორც დღეს ამბობენ ხოლმე – “აიღეს ლინკები”. ახლა ტარანტინოს მოყვარულებს 24 იანვრამდე მოუწევთ მოცდა, როცა “ჯანგო” საქართველოს კინოთეატრებში გაჩნდება.

მეც იმ ადამიანებს მივეკუთვნები, ვისაც მიაჩნია, რომ ტარანტინოს ფილმებს მხოლოდ დიდ ეკრანზე უნდა უყურო, ამიტომ არც მიცდია “ჯანგოს” ნახვა კომპიუტერში, პირატული გზით. თუმცა საეჭვოა, დედაქალაქის კინოთეატრებში ჩვენებისას ამ ფილმმა სასურველი შთაბეჭდილება მოახდინოს. გაგახსენებთ, რომ ფილმების უმრავლესობას საქართველოს კინოთეატრებში ისევ რუსულად ახმოვანებენ, რადგანაც ფილმის ასლის ჩამოტანა მოსკოვიდან ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე ევროპის რომელიმე სხვა ქალაქიდან. ამ საკითხზე დისკუსია ქვეყანაში ისევ არ დაწყებულა, ამიტომაც უნდა დავეთანხმოთ მოსაზრებას, რომელიც პირადად ჩემთან არაერთ ადამიანს გამოუთქვამს: როგორი ცინიზმია მსჯელობა იმაზე, უნდა მიიღოს თუ არა საქართველომ მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში, როცა თუნდაც ყველა კინოთეატრში ფილმებს რუსულ ენაზე უჩვენებენო...

ტარანტინოს ახალი ფილმის ნახვას დიდი ხანია ელიან მისი მოყვარულები. ახლა, როცა ფილმი მოიხსნა ქართული საიტებიდან, “ჯინგოს” ნახვა შეიძლება გაუჭირდეთ იქ, სადაც არაა კინოთეატრები. კინოთეატრი კი, თანამედროვე სახით ქვეყანაში სულ 3 ქალაქში მუშაობს და ფილმებს ნახევრად ცარიელ დარბაზებში უჩვენებენ მრავალი მიზეზის გამო, რომელთაგანაც მთავარი სამია: 1. რუსულად გახმოვანებული ფილმი არ ესმით, რადგან ახალგაზრდების უმეტესობამ რუსული არ იცის, 2. ფილმების “პირატული ვერსიები” ზოგჯერ პრემიერამდე ვრცელდება; 3. ბილეთი ღირს ძვირი, ძალიან ძვირი!.. ახალი წლის დღეებში, მაგალითად, ბილეთის ფასმა ფილმ-კონცერტ “ლედ ზეპელინზე” სარეკორდო ციფრს მიაღწია - 16-დან 25 ლარამდე ღირდა.

სხვათა შორის, სწორედ ახალი წლის დღეების აფიშების ხილვის შემდეგ მითხრეს კოლეგებმა, რომ კინოგაქირავების ინდუსტრიის კრიზისმა დღეს კულმინაციას მიაღწია. იმ სამ კინოთეატრში, რომლებიც თბილისშია გახსნილი, ზოგჯერ სეანსებს ჩავარდნა ემუქრება იმის გამო, რომ საშუალო და ცუდი ხარისხის, იაფად ნაშოვნ ფილმებზე ხალხი არ დადის.

იანვრის მიწურულს თბილისის კინოთეატრებში სტივენ სპილბერგის “ლინკოლნის” პრემიერა გაიმართება. ეს სურათი 6 ამერიკულ “გლობუსზეა” წარდგენილი და, სავარაუდოდ, წლევანდელი “ოსკარის” ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. დენიელ დეი ლუისის ნამუშევარს ზოგიერთი კრიტიკოსი ათწლეულის შედევრს უწოდებს. მიუხედავად ამისა, კინობაზრობებზე “ლინკოლნს” პროდიუსერებმა საკმაოდ დაბალი ფასი დაადეს, რამაც შესაძლებელი გახადა ფილმის პრემიერა მრავალ ქვეყანაში, მათ შორის – საქართველოშიც... რაც გასაგებიცაა – “ლინკოლნი”, როგორც ჩანს, პირველ რიგში პოლიტიკური სურათია. ფილმი აღადგენს ამერიკას სამოქალაქო ომის წლებში და კიდევ ერთხელ ამკვიდრებს ჰოლივუდის პოლიტიკური კინოსთვის დამახასიათებელ იდეას: ადამიანს შეუძლია ისტორიის შეცვლა; ნამდვილი თავისუფლება – ეს ისტორიის კანონებზე მაღლა ყოფნის უნარია!..

თუმცა თავისუფლება რომ იგრძნო პირველ რიგში იმ მუხრუჭებზე უნდა თქვა უარი, რომელიც განვითარებაში ხელს გიშლის. მიუხედავად იმისა, რომ ტარანტინო და სპილბერგი განსხვავებულად წარმოაჩენენ ამერიკის ისტორიას, ორივე ცდილობს ახლებურად გამოხატოს წარსულის სახეები... ჰოლივუდი ყოველთვის გამოირჩეოდა ამით: ძველ მითებს ხელს არ ახლებდა, მაგრამ ცდილობდა ახალი მითები შეექმნა, რათა ძველები ასე განედევნა ცნობიერებიდან.

ადამიანთა განთავისუფლებაში, ღრმად დამკვიდრებული სტერეოტიპებისგან ცნობიერების განთავისუფლებაში მართლაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მასობრივმა კულტურამ... ამიტომაცაა ალბათ, რომ ქედმაღლური საუბარი პოპულარულ კულტურაზე კარგა ხანია ცუდ ტონად იქცა დასავლეთში. როგორც გაირკვა, დემოკრატიზაციას, პიროვნების თავისუფლებას, ადამიანთა სოლიდარობას ხშირად არა ინტელექტუალური, საავტორო კინო, არამედ სწორედ ბლოკბასტერები და განსაკუთრებით სერიალები უწყობენ ხელს. საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში ასე არ ხდებოდა - სერიალები, როგორც წესი, მხოლოდ ფიქრის დეფიციტს აძლიერებდნენ და ზოგადად, კონფორმიზმისკენ უბიძგებდნენ საზოგადოებას.

ამ თვალსაზრისით ბევრი რამ შეიცვალა „რუსთავი 2“-ის სერიალის, “ჩემი ცოლის დაქალების” ჩვენების შემდეგ: ეკრანზე გაჩნდნენ დამოუკიდებელი ქალები (შეიძლება ითქვას ფემინისტები); გამოჩნდა ქალების სოლიდარობის მაგალითები; გამოჩნდნენ მამაკაცები, რომლებიც უარს ამბობენ დომინანტის როლზე ოჯახში; მათ გვერდით თანაარსებობენ ისინი, ვინც ტრადიციულ ყოფას ანიჭებენ უპირატესობას; კონფლიქტიც არის, მაგრამ ეს კონფლიქტი აღარაა დამანგრეველი – ეს ჩვეულებრივი, ადამიანური კონფლიქტია... შეიძლება ამანაც განაპირობა “ჩემი ცოლის დაქალების” პოპულარობა, სერიალისა, რომლის გმირები ამ კვირაში უკვე დიდ ეკრანზე იხილა მაყურებელმა. კინოთეატრებში გამოვიდა ფილმი “ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი”.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG