Accessibility links

მოითხოვენ ”ყინწვისის საქმის” მონაწილეების გათავისუფლებას


საპროტესტო გამოსვლები თბილისში. 2011 წლის 26 მაისი.

საპროტესტო გამოსვლები თბილისში. 2011 წლის 26 მაისი.

ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ე.წ. ”ყინწვისის საქმეში” არაერთი დარღვევაა აღმოჩენილი. შესწავლილი მასალები კი იმაზე მიუთითებს, რომ 2011 წლის 26 მაისს, დილით, 24 ადამიანი პოლიტიკური ნიშნით დააკავეს. მათი ნაწილი დღემდე ციხეშია, ორ მათგანს - ნიკოლოზ გოგუაძეს და ოლეგ კეშელავას - დანაშაული აქამდე არ უღიარებიათ, დანარჩენებმა კი პროკურატურასთან საპროცესო გარიგება გააფორმეს. 14 მარტს ”ადამიანის უფლებათა ცენტრში” შეკრებილმა უფლებადამცველებმა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა გაავრცელეს და ყინწვისის ე.წ. სპეცოპერაციის დროს დაკავებული პატიმრების გათავისუფლება მოითხოვეს.

როგორ გაგრძელდა ამბავი, რომელიც 2011 წლის 26 მაისს, თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დარბევის პარალელურად, ყინწვისის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, და რა ბედი ეწია იმ 24 ადამიანს, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებასა და ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდით დამხობის მცდელობაში დაადანაშაულეს? შეგახსენებთ, შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, 24 ადამიანისგან შემდგარ დაჯგუფებას საქართველოს ყოფილი შს მინისტრი და ასევე მხედრიონის ერთ-ერთი ლიდერი, თემურ ხაჩიშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც ამ დროისთვის რუსეთის ფედერაციაში იმყოფება. ძალოვანი სტრუქტურების თანახმად, ამ ჯგუფის მიზანი იყო საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული პროვოკაციების მოწყობა. შსს-მ მაშინ ხაჩიშვილსა და ახლად დაფუძნებული ”ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის” წევრ ნიკა გოგუაძეს შორის სატელეფონო საუბრებიც გაავრცელა.

თითქმის ერთი წლის შემდეგ ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ 24-ვე ადამიანის დაკავებას პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა და ვინც დღემდე ციხეში რჩება, ყველა პოლიტპატიმარია. მათგან ორს -ნიკოლოზ გოგუაძეს და ოლეგ კეშელავას - დანაშაული დღემდე არ უღიარებიათ, თუმცა ერთს 12, მეორეს კი 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი შენიშნავს, რომ საქმეში უამრავი დარღვევაა აღმოჩენილი, რომ აღარაფერი ვთქვათ დაკავების მომენტში ადამიანთა წამების ფაქტებზე:

”გემახსოვრებათ, ალბათ, გოგუაძის ჩვენება, რომელიც მან სამართალდამცავებს მისცა, და ისიც გეხსომებათ, როგორი ფიზიკური დაზიანებები ეტყობოდა მას სახეზე. როდესაც სასამართლო პროცესზე გოგუაძის ადვოკატმა გამომძიებელს ჰკითხა, რატომ დაკითხა ასეთ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი, გამომძიებელმა უპასუხა, რომ მას დაკითხვის მომენტში ეს დაზიანებები არ ეტყობოდა. გოგუაძის გარდა, ცემის და წამების ნიშნები სხვებსაც აღენიშნებოდათ და ფაქტია, იყვნენ კიდეც სერიოზული ფიზიკური ზეწოლის ქვეშ. საბოლოოდ, მათმა უმრავლესობამ პროკურატურასთან ითანამშრომლა, რის შედეგადაც მათ გაუფორმეს საპროცესო გარიგება. აღსანიშნავია, რომ საქმეში არ არსებობს ამ 24 ადამიანის კონკრეტული დანაშაულის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება.”

ნიკა გოგუაძის დედა, მარიკა გოგუაძე, იხსენებს, რომ მან შვილი დაკავების შემდეგ პირველად 28 მაისს სასამართლოზე ასეთ მდგომარეობაში ნახა:

”ისეთი ნაცემი იყო, ვერ ვიცანი. თან გრიმი ჰქონდა წასმული. ვერ ინძრეოდა, ვერ დგებოდა”...

ერთ-ერთი დაკავებულის, მიხეილ ცილიკიშვილის მეუღლე და მისივე ადვოკატი ქეთევან პერანიძე აცხადებს, რომ ეს საქმე ვერ დაიხურება მანამ, სანამ გამოძიების წინაშე არ წარდგებიან ე.წ. შეთქმულების დამკვეთები: ”კერძოდ, რომან დუმბაძე, ვალერი გელბახიანი, თემურ ხაჩიშვილი და სხვა თანამზრახველები”.

ოლეგ კეშელავას ადვოკატი ვახტანგ თალაკვაძე კი იხსენებს, რომ ყველა დაკავებული ამბობდა, ფიზიკური დაზიანებები დაცემის შედეგად მივიღეო. საქმეში სხვაც ბევრი პარადოქსული დეტალია:

”საქმეში შეთქმულების მომზადების არანაირი იურიდიული დოკუმენტაცია - მტკიცებულება არ არსებობს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ოლეგ კეშელავა კი ყინწვისში არასოდეს ყოფილა. დაკავებული ადამიანების უმრავლესობა ერთმანეთსაც კი არ იცნობდა.”

ნანა კაკაბაძე, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის”, აცხადებს, რომ ეს კონკრეტული საქმე ქვეყანაში არსებული უდანაშაულობის პრეზუმფციის არარსებობის დასტურია - სასამართლოს განაჩენამდე ისინი უკვე იყვნენ დამნაშავეებად გამოცხადებულნი. თუმცა, კაკაბაძის შეფასებით, არანაკლებ შემაშფოთებელია ის, რომ, ხელისუფლების ინტერესის შემთხვევაში, ყველა ადამიანი შეიძლება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი აღმოჩნდეს - ”ყინწვისის საქმეც” შეიძლება ასეთ შემთხვევად ჩაითვალოს:

”ეს იყო ყურადღების გადასატანი საქმე, როგორც ეს მოხდა 7 ნოემბრის აქციების დროს, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დროს და ა.შ. ე.წ. ”ყინწვისის საქმის” მონაწილე ეს 24 ადამიანიც 26 მაისს თბილისში განვითარებული მოვლენების გადასაფარად გამოიყენეს, როდესაც დაარბიეს აქციის მონაწილეები და რომელი აქციაც მსხვერპლით დასრულდა.”

უფლებადამცველები ხელისუფლების შესაბამისი ორგანოებისგან მოითხოვენ 2011 წლის 26 მაისს ყინწვისში დაკავებული ადამიანების მიმართ გამოტანილი განაჩენი დაუსაბუთებლად ჩაითვალოს და უკანონო პატიმრები საპატიმროებიდან გათავისუფლდნენ; ასევე, გაირკვეს, რა ვითარებაში მიიღეს სხეულის დაზიანებები ბრალდებულებმა და დაისაჯონ ის პირები, რომლებმაც ისინი აწამეს.
XS
SM
MD
LG