Accessibility links

logo-print

ყირგიზეთის იმიჯს ზიანი ადგება, თან საკუთარი სახელწოდების გამო. საუბარია ყირგიზულად (და არამარტო ყირგიზულად) მის სახელწოდებაზე, რომელიც „-სტან“-ით მთავრდება (Кыргызстан). მაინც რას ერჩიან ამ „-სტანს“?

ყირგიზეთში პარტია „არ ნამისი“ გამოდის ინიციატივით, ჩატარდეს რეფერენდუმი ქვეყნის სახელწოდებისთვის სუფიქსის მოცილების საკითხზე.

სუფიქსი „-სტან“ სპარსული წარმოშობისაა და სიტყვა „ყირგიზსტან“ საბჭოთა პერიოდში შეიქმნაო, უთხრა „არ ნამისის“ ლიდერმა ფელიქს კულოვმა თანაპარტიელებს 12 სექტემბერს გამართულ შეკრებაზე.

გამოსავალი? ქვეყნის სახელწოდებისთვის „-სტან“-ის მოცილება და მის ნაცვლად „ელ“-ის ჩასმა. მივიღებთ, კულოვის ვერსიით, ოფიციალურ სახელწოდებას „ყირგიზ ელ რესპუბლიკასი“. რაც შეეხება „ელ“-ს, ის თურქულიდან არის და „ერს“ ნიშნავს. როგორც ცნობილია, ყირგიზული თურქულ ენებს მიეკუთვნება.

განვიხილეთ პარტიის ახალგაზრდული ფრთის ინიციატივა. წამოიჭრა ზოგი საკითხი პატრიოტული სულისკვეთების ასამაღლებლად. არის წინადადება, რომ მომდევნო არჩევნებისათვის დაიბეჭდოს ცალკე ბიულეტენები ამ საკითხზე კენჭის საყრელად...

კულოვის ინიციატივით, „-სტან“-ის მოცილებაზე რეფერენდუმი 2015 წლის ოქტომბერში უნდა ჩატადრეს. მისი თანაპარტიელებიდან ზოგი კი - მაგალითად, პარლამენტარი აინურა ალტიბაევა - უპრიანად მიიჩნევს სახელწოდების შეცვლის საკითხზე საგანგებო ბიულეტენების დარიგებას მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების დროს.

„განვიხილეთ პარტიის ახალგაზრდული ფრთის ინიციატივა. წამოიჭრა ზოგი საკითხი პატრიოტული სულისკვეთების ასამაღლებლად. არის წინადადება, რომ მომდევნო არჩევნებისათვის დაიბეჭდოს ცალკე ბიულეტენები ამ საკითხზე კენჭის საყრელად. ამ შემთხვევაში საჭირო არ იქნებოდა რეფერენდუმის ჩატარება“, - განმარტავს პარტია „არ ნამისის“ წევრი, პარლამენტარი აინურა ალტიბაევა.

ყირგიზეთის სახელწოდებაში ცვლილების შესატანად ერთადერთ - ზემოხსენებულ - არგუმენტს იშველიებენ: „-სტან“ სპარსული წარმოშობის არისო. თუმცა კულოვის ინციატივის გაჟღერების შემდეგ მედიაში გაიხსენეს „-სტან“-ის მოცილების წინა მცდელობები. მაშინ სხვა არგუმენტით: რომ ერთი შეხედვით უწყინარი სუფიქსი თურმე აზიანებს უცხოეთში ყირგიზეთის იმიჯს!

მთავრობას ფული არა აქვს მასწავლებლების ხელფასების გასაზრდელად და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ამოცანისათვის. და ამ მძიმე პერიოდში „არ ნამისს“ სურს კიდევ ერთი ტვირთის დამატება მთავრობის ბიუჯეტისთვის?

მაგალითად, პარტია „ალამის“ ლიდერმა არსლანბეკ მალიევმა 2012 წელს დაიჩივლა: სუფიქსი „-სტან“იწვევს ასოციაციას ავღანეთთან (Afghanistan) და სხვა ქვეყნებთან, რომლებშიც ვითარება მძიმეაო. მაშინ მალიევი თანამემამულეებს ალტერნატივად სთავაზობდა სახელწოდებას „ყირგიზ ჟერ“. „ჟერ“ ქვეყანას ნიშნავს.

მედიაში გაიხსენეს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის შეცდომაც: ერთ-ერთი საჯარო გამოსვლისას მან ყირგიზეთი, ანუ ინგლისურად „კირგიზსტან“, მოიხსენია როგორც „კირზახსტანი“.

კაცმა რომ თქვას, ყირგიზეთის ოფიციალური სახელწოდებაა „ყირგიზეთის რესპუბლიკა“ ( „ყირგიზ რესპუბლიკასი“), რის გამოც ბევრს აეჭვებს საერთოდ აზრი ჰქონდეს, ოფიციალურად შეცვალო სახელწოდება, რომელიც არ არის ოფიციალური სახელწოდება.

„მთავრობას ფული არა აქვს მასწავლებლების ხელფასების გასაზრდელად და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ამოცანისათვის. და ამ მძიმე პერიოდში „არ ნამისს“ სურს კიდევ ერთი ტვირთის დამატება მთავრობის ბიუჯეტისთვის?“ - აინტერესებს ტოპჩუბეკ ტურგუნალიევს, ბიშკეკში დაფუძნებული „მანასის კვლევათა ინსტიტუტის“ თანამშრომელს, რომელიც „უაზრობად“ მიიჩნევს მთელ ინიციატივას „-სტანის“ თავიდან მოსაცილებლად.

XS
SM
MD
LG