Accessibility links

ყირიმელი თათრები მოითხოვენ ანექსიის „დაუყოვნებლივ შეწყვეტას“


მუსტაფა ჯემილევი

მუსტაფა ჯემილევი

ყირიმელი თათრების მსოფლიო კონგრესი გამოდის მოწოდებით „ყველა საჭირო ზომა“ გატარდეს საიმისოდ, რომ ყირიმი უკრაინას დაუბრუნდეს და „დაუყოვნებლივ შეწყდეს“ რუსეთის მიერ მისი ანექსია. ამ მოწოდებას შეიცავს დეკლარაცია, რომელიც მიიღეს 2 აგვიტოს, თურქეთის დედაქალაქში ყირიმელი თათრების ორდღიანი შეხვედრის ბოლოს.

ყირიმელი თათრების მეორე მსოფლიო კონგრესზე 200-მდე ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის - დიასპორის წარმომადგენლები. ორგანიზატორების განმარტებით, კონგრესი ყირიმელი თათრების მშობლიურ მიწაზე ვერ ჩატარდა ზეწოლის გამო, რომელსაც რუსეთის უშიშროების სამსახური ახდენდა. მეტიც: 28 ივლისს რუსეთის ხელისუფლებამ ყირიმელი თათრების ორ ლიდერს არ მისცა ოკუპირებული რეგიონიდან გამგზავრების უფლება, რის გამოც ისინი ვერ დაესწრნენ მსოფლიო კონგრესს.

მათგან განსხვავებით, კონგრესზე დასწრების პრობლემა არ ჰქონია მუსტაფა ჯემილევს - ყირიმელი თათრების, უდავოდ, ყველაზე ცნობილ ლიდერს, საბჭოთა პერიოდის დისიდენტსა და პოლიტპატიმარს. სხვა საქმეა, რომ მას აკრძალული აქვს ანექსირებულ ყირიმში ჩასვლა... ჩვენი კორესპონდენტების ცნობით, ჯემილევს,რომელიც უკრაინის საკანომდებლო ორგანოს, „ვერხოვნა რადას“, დეპუტატია, განსაკუთრებით თბილად მიესალმნენ ანკარაში გამართული კონგრესის მონაწილეები.

ყირიმელი თათრების მსოფლიო კონგრესზე გამოსვლისას ჯემილევმა განაცხადა, რომ 2014 წლის მარტში რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ნახევარკუნძული დატოვა 10 000-მდე თათარმა. მიზეზებია „დისკრიმინაცია და უკანონობა“, ისევე როგორც ახალგაზრდების იძულებით გაწვევა რუსეთის არმიაში, რასაც უკავშირდება უკრაინასთან ომში მონაწილეობის საფრთხე. ჯემილევის თქმით, მიზეზებია ასევე „დემოკრატიული თავისუფლებების სრული არარსებობა და ახალგაზრდების უპერსპექტივობა“. გაქცეულების უმრავლესობა, ჯემილევის ინფორმაციით, უკრაინაშივე, კიევის მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიაზეა დასახლებული.

„ჩვენი მთავარი მიზანია ოკუპაციისაგან ჩვენი მიწის გათავისუფლება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, - უთხრა მუსტაფა ჯემილევმა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს ყირიმელი თათრების მეორე მსოფლიო კონგრესის დასრულების შემდეგ.

„რაიმე მკვეთრ ცვლილებებს ჩვენი კონგრესის ჩატარების გამო არ მოველით, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ იმაში, რომ აქ გადავდგით ნაბიჯი სწორი მიმართულებით: მოვახდინეთ ყირიმელი თათრების მთელი დიასპორის მობილიზება. ისინი შეხვდნენ ხალხის იმ წარმომადგენლებს, ვინც საკუთარ მიწაზე ცხოვრობს და ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენს მიწაზე შექმნილი ვითარების შესახებ შეხედულებები სრულად დაემთხვა ერთმანეთს“, - უთხრა ჯემილევმა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს ანკარაში.

საყურადღებოა, რომ ანკარაში გამართულ კონგრესს ყირიმელი თათრებისადმი სოლიდარობის ნიშნად დაესწრო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი და რომ კონგრესის ბოლოს მიღებული დეკლარაცია შეიცავს უკრაინის მიმართ მოწოდებასაც - ახალმა კონსტიტუციამ გაითვალისწინოს ავტონომია ყირიმელი თათრებისთვის.

ოფიციალური მონაცემებით, ყირიმში ცხოვრობს 300 ათასამდე თათარი, რაც ნიშნავს, რომ ეს ეთნიკური ჯგუფი ყირიმის, დაახლოებით, ორმილიონიანი მოსახლეობის 15 %-ზე ნაკლებს შეადგენს. ამ ადამიანების უმრავლესობა უარყოფითად აფასებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას, ისევე როგორც დასავლეთის ქვეყნები, რომლებმაც სანქციები დაუწესეს რუსეთს უკრაინის კუთვნილი ნახევარკუნძულის მითვისებისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG