Accessibility links

logo-print

ყირიმის მოსახლეობის დიდი ნაწილი 23 ნოემბერსაც ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა მას შემდეგ, რაც აფეთქებებმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. ცნობების თანახმად, ყირიმელ თათარ აქტივისტებს ბლოკადა აქვთ მოწყობილი დაზიანებულ ანძებთან, რათა არ დაუშვან ელექტრომომარაგების აღდგენა ყირიმში,უკრაინის კუთვნილ ტერიტორიაზე, რომელიც შარშან უკანონოდ მიიერთა რუსეთმა.

ყირიმის ჩრდილოეთით, უკრაინის მიერ გაკონტროლებულ ხერსონის ოლქში, გასული კვირის ბოლოს მოხდა აფეთქებები, რის შედეგადაც ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ყირიმის ნახევარკუნძულს. აქამდე ყირიმს - მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა შარშან მარტში მისი ანექსია მოახდინა - უკრაინა მაინც აწვდიდა დენს. ელექტროენერგია ოთხი მთავარი ელექტროგადამცემი ხაზით მიეწოდებოდა ნახევარკუნძულს ხერსონის ოლქიდან, მაგრამ 21 ნოემბერს ოთხივე ხაზის გასწვრივ ააფეთქეს ანძები.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის ვლადიმირ დემშიჩინის განცხადებით, ხაზების დაზიანების შედეგად ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა ხერსონის ოლქის ორი რაიონიც.

იმის შესახებ, თუ რას აპირებს უკრაინის მთავრობა ინციდენტის შემდეგ, განცხადება გააკეთა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა. „ხერსონის ოლქისათვის ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ვითხოვ დაზიანებულ ხაზებზე აღდგენითი სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყებას იქ, სადაც ხელი მიგვიწვდება. ექსპერტებისაგან შევიტყვე, რომ, სულ ცოტა, 72 საათი გვჭირდება იმ ხაზების აღსადგენად, რომლებზეც ხელი მიგვიწვდება და რომელთა გარშემოც უკრაინის უშიშროების სამსახურსა და ჩვენს ეროვნულ პოლიციას შეუძლიათ რემონტში მონაწილეთა უსაფრთხოების გარანტირება“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე 23 ნოემბერს.

ჯერ არ დაუდგენიათ, ვინ მოაწყო აფეთქებები უკრაინის მიერ გაკონტროლებულ ხერსონის ოლქში, ვისი მოქმედების შედეგია ყირიმში 1,5 მილიონზე მეტი ადამიანის დარჩენა დენის გარეშე, თუმცა ყირიმის უკანონო პრორუსული მთავრობის მეთაურმა სერგეი აქსიონოვმა მომხდარს უკვე უწოდა „ტერაქტი“, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.აქსიონოვმა 23 ნოემბერი უქმე დღედ გამოაცხადა ნახევარკუნძულზე მოქმედ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, ქალაქებს შეექმნათ წყალმომარაგების, კანალიზაციის, გათბობის პრობლემები. რიგები დადგა მაღაზიებში და ბენზინით გასამართ სადგურებთან.

თუ აღმოჩნდა, რომ აფეთქებები მოაწყვეს უკრაინელებმა, ვინც ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას, ეს, უდავოდ, კიდევ უფრო გაამწვავებს უკრაინისა და რუსეთის ისედაც დაძაბულ ურთიერთობას. ამჟამად ცნობილია ის, რომ აფეთქებების შემდეგ ჯგუფი, სახელწოდებით „ყირიმის სამოქალაქო ბლოკადა“, ხერსონის ოლქში უარს ამბობს ინჟინრებს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთების საშუალება მისცეს.

„ჩვენ ბლოკადა გვაქვს მოწყობილი! ვდგავართ, სადაც ვდგავართ, ვაძლიერებთ ჩვენს რიგებს - ვიღებთ ახალ პატრიოტებს, რომლებიც აქ ჩამოდიან“, - უთხრა კვირას უკრაინის ტელევიზია K5-ს ყირიმელმა თათარმა აქტივისტმა ლენურ ისლიამოვმა.

უკრაინის ტელევიზიის კორესპონდენტი კვირას გამოელაპარაკა აქციის კიდევ ერთ მონაწილეს, რიმა ბარანენკოს. „სრულიად აღმაშფოთებელია, რომ ხალხს, რომელიც არ უშვებს ელექტროენერგიით ოკუპანტების მომარაგებას, „ბოროტმოქმედებს“ უწოდებენ. ჩვენ მათ გმირებად მივიჩნევთ. კიდევ გამოკვებო ისინი, ვინც ჩვენი ოკუპაცია მოახდინა და გაანათო მათი სამხედრო ბაზები - ეს არის მართლაც ბოროტმოქმედება“, - უთხრა ხერსონის ოლქში აქციის მონაწილე რიმა ბარანენკომ კვირას უკრაინელ ტელეჟურნალისტს.

ორშაბათს კი ყირიმელი თათრების ლიდერმა, უკრაინის პარლამენტის დეპუტატმა, საბჭოთა პერიოდის დისიდენტმა მუსტაფა ჯემილევმა განაცხადა, რომ ყირიმისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზე მოლაპარაკების განახლება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მოსკოვი პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებს. ჯემილევმა ასევე მოითხოვა, გაუქმდეს მისი და ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარის, რეფატ ჩუბაროვის, ყირიმში ჩასვლაზე დაწესებული აკრძალვა და რუსეთმა ნახევარკუნძულზე ასევე შეუშვას საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარების სამეთვალყურეოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯემილევის თქმით, ყირიმის ბლოკადის აქციის მონაწილეები არ იძლევიან იმის გარანტიას, რომ აღდგება ელექტროგადამცემი ხაზები ყირიმისთვის დენის მისაწოდებლად.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG