Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის აზრით, ყირიმი არის არამარტო ტერიტორია - ის არის სულიერი საყრდენი, რომელიც რუსებს ერად აქცევს. ეს შეფასება პუტინმა გამოთქვა 18 მარტს ყირიმის ანექსიის წლისთავისადმი მიძღვნილ მიტინგზე მოსკოვში, წითელ მოედანზე - ზუსტად იქ, სადაცერთი წლის წინ წარმოთქვა სიტყვები: ყირიმი და სევასტოპოლი მშობლიურ ნავსადგურში ბრუნდებიანო.

რუსეთი, უცხოეთიდან კრიტიკისა და სანქციების მიუხედავად, ერთკვირიანი ღონისძიებებით აღნიშნავს უკრაინის კუთვნილი ტერიტორიის, ყირიმის, ანექსიის წლისთავს. თუ ამ სამი თვის წინ პუტინმა რუსეთისთვის ყირიმის „ცივილიზატორულ მნიშვნელობაზე“ ისაუბრა და რეგიონი იერუსალიმსაც კი შეადარა, 2015 წლის 18 მარტს ის რუსეთის სულიერებისა და სახელმწიფოებრიობის სათავეებს მიაკუთვნა.

„საუბარია არა, უბრალოდ, ტერიტორიაზე, რომელიც საკმარისად გვაქვს. საუბარია ისტორიულ სათავეებზე, ჩვენი სულიერებისა და სახელმწიფოებრიობის სათავეებზე, საუბარია იმაზე, რაც გვაქცევს ერთიან ხალხად და ერთიან, შეკრულ ერად“, განაცხადა პუტინმა. მან თანამემამულეები შეაქო "გასაოცარი პატრიოტიზმისათვის" ყირიმისა და სევასტოპოლის მკვიდრთა მხარდაჭერისას და გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთი დაძლევს სირთულეებს, რომლებსაც მას უცხოეთიდან უქმნიან. ყირიმის ანექსია, როგორც ცნობილია, ითვლება საერთაშორისო სამართლის დარღვევად, რის გამოც რუსეთს მკაცრად აკრიტიკებენ უცხოეთში.

18 მარტს ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა და ყირიმში მისმა მოკავშირეებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ. 2014 წლის 18 მარტს პრეზიდენტმა პუტინმა მიმართა მოსკოვის ცენტრში შეკრებილებს: „დღეს დაგვიდგა ძალიან სასიხარულო, ნათელი, საზეიმო დღე! პატივცემულო რუსეთის მოქალაქეებო, ძვირფასო ყირიმელებო, სევასტოპოლელებო! მძიმე, ხანგრძლივი, დამღლელი ცურვის შემდეგ ყირიმი და სევასტოპოლი ბრუნდებიან მშობლიურ ნავსადგურში, მშობლიურ ნაპირებზე, მუდმივი მიწერის პორტში - რუსეთში“, - ეს სიტყვები წარმოთქვა ერთი წლის წინ, 2014 წლის 18 მარტს, ვლადიმირ პუტინმა, შეკრებილების აღტაცებული შეძახილების ფონზე.

თუმცა, ამ აღტაცების მიუხედავად, კრემლი, როგორც ჩანს, ცდილობს თავიდან აიცილოს მოქალაქეების სპონტანური რეაქცია. რუსეთის მედიის ცნობით, მოსკოვის ხელისუფლება გულდასმით მოემზადა 18 მარტის მიტინგისა და კონცერტის ჩასატარებლად. გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ იუწყება დავალებაზე, რომელიც მოსკოვის სკოლების დირექტორებს მიეცათ: დავალება ითვალისწინებდა კრემლთან აქციაზე 10-დან 30-მდე მონაწილის გაგზავნას. ინტერნეტში გავრცელდა ასევე კონცერტზე დამსწრეთა შესახებ განცხადებები: ეპატიჟებოდნენ სანდომიანი გარეგნობის, ფხიზელ ხალხს 16-დან 80 წლამდე...

მოსკოვში, ყირიმსა და სხვა რეგიონებში საზეიმო ღონისძიებები იმართება მაშინ, როცა დასავლეთმა და უფლებადამცველებმა გააძლიერეს კრიტიკა რუსეთის მიმართ, ყირიმში ადამიანის უფლებების შეზღუდვის, უწინარეს ყოვლისა, ყირიმელი თათრების შევიწროების გამო.

ავტორიტეტიანი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშნლის“ მონაცემებით, ყირიმის დე ფაქტო ხელმძღვანელობას არ გამოუძიებია მისი ოპონენტების მოტაცებისა და წამების შემთხვევები - ამის ნაცვლად, დე ფაქტო მმმართველები თვითონაც მიმართავენ ზომებს ოპონენტების წინააღმდეგ, ქმნიან შიშის ატმოსფეროს ოკუპირებულ რეგიონში, რის გამოც კრემლის ბევრი მოწინააღმდეგე ამჯობინებს ყირიმიდან წასვლას. ანექსიის წლისთავთან დაკავშირებით „ამნესტი ინტერნეშნლმა“ სწორედ 18 მარტს გამოაქვეყნა ყირიმის შესახებ ანგარიში.

ჩვენს რადიოსთან საუბარში ორგანიზაციის წარმომადგენელმა დენის კრივოშეევმა განაცხადა: „ყირიმის ანექსიიდან ერთი წლის შემდეგ, მის დე ფაქტო ხელისუფალთა და მათი რუსი მმართველების დამოკიდებულება ძალიან მარტივად შეიძლება შეჯამდეს: კმაყოფილი იყავი, ან წადი, ან ხმას ნუ ამოიღებ“.

ყირიმის ანექსიის წლისთავის ზეიმი მრავლისმეტყველი ფონია რუსეთის მიერ საქართველოში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულებაზე“ ხელმოწერისთვის. საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ წინასწარვე უკანონოდ აღიარებულ დოკუმენტს ხელი სწორედ 18 მარტს მოაწერეს, მოსკოვში ცხინვალის დე ფაქტო მმართველის ლეონიდ თიბილოვის ვიზიტისას.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროცესი ყირიმის ანექსიის წლისთავზე: რუსეთი მიმდინარე კვირაში ახორციელებს მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ძალის დემონსტრირებისათვის.

XS
SM
MD
LG