Accessibility links

logo-print

კიწმარიშვილის საქმე - მკვლელობა თუ თვითმკვლელობა


ეროსი კიწმარიშვილი

ეროსი კიწმარიშვილი

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი კვლავ გამორიცხავს თვითმკვლელობის ვერსიას, თუმცა პროკურატურა გამოძიებას მაინც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, ანუ პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, აწარმოებს. გამოძიების მსვლელობას აკვირდებიან სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცები.

17 ივლისს შემთხვევის ადგილზე, ილია ჭავჭავაძის 37-ე "დ" კორპუსის მიწისქვეშა ავტოფარეხში, ჟურნალისტებთან ერთად მისულმა ეროსი კიწმარიშვილის ძმამ ზურაბ კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ გარდაცვლილის ოჯახი არ ეთანხმება თვითმკვლელობის ვერსიას და ელოდება როგორც ექსპერტიზის პასუხს, ასევე გამოძიების დამთავრებას:

„უცნაურად მეჩვენა ის ფაქტი, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იარაღს არ ჰქონდა სისხლის კვალი. ამის თაობაზე ექსპერტებსაც მოვახსენე ჩემი აზრი და შემდეგ გამომძიებლებსაც ვუთხარი. სხვა დეტალებიც ამყარებს იმ პოზიციას, რომელიც ჩვენ გამოვხატეთ“.

ყველა ვიდეომასალა ამოვიღეთ, რომლის შენახვაც მოხერხდა. არის გარკვეული ნაწილი მასალისა, რომლის ამოღება ვერ მოხერხდა იმიტომ, რომ ტექნიკურად მოწყობილობა იყო ისეთი, რომ არ ხდებოდა ჩაწერა...

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის ეჭვებს მკვლელობასთან დაკავშირებით ასევე აძლიერებს ის გარემოება, რომ გარდაცვლილს შეკრული აქვს უსაფრთხოების ღვედი, ხოლო სათვალთვალო ვიდეოკამერას, რომელიც გარდაცვლილის ავტომობილს უყურებდა, შეცვლილი აქვს ხედვის კუთხე. პროკურატურის წარმომადგენლის კოკა კაციტაძის თქმით კი, კამერების ნაწილი გამოძიებისთვის საერთოდაც გამოუსადეგარია:

„ყველა ვიდეომასალა ამოვიღეთ, რომლის შენახვაც მოხერხდა. არის გარკვეული ნაწილი მასალისა, რომლის ამოღება ვერ მოხერხდა იმიტომ, რომ ტექნიკურად მოწყობილობა იყო ისეთი, რომ არ ხდებოდა ჩაწერა, თუმცა ახლა ვერ დავაკონკრეტებ, თუ რომელი იყო ასეთი“.

გამოძიების მსვლელობას აკვირდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველის აპარატი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, გამოძიებასთან დაკავშირებული ფაქტების სიმწირის გამო, უჭირს იმის განსაზღვრა, თუ რამდენად ადეკვატურია გამოძიების წარმოება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, უჩა ნანუაშვილი კი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში ომბუდსმენის აპარატი კიდევ უფრო გააქტიურდება.

როგორც მე ვიცი, ტყვიის გულა აღმოჩენილია მანქანის სალონში, კორპუსის ერთ-ერთ დეტალში. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა, ასევე პოზას, რომელშიც მიცვალებული იქნა ნანახი შემთხვევის ადგილზე, ამავდროულად იმასაც, თუ სად იყო მასრა განლაგებული...

მთავარ შეკითხვას - იყო მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს და არა ექსპერტმა. ასე ფიქრობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე, რომელმაც რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მიბჯენით სროლისას, ანუ როცა ლულა მიდებულია სხეულზე, ამ შემთხვევაში მარჯვენა საფეთქლის არეში, სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ვერც მკვლელობას გამორიცხავს და ვერც თვითმკვლელობას. ალექსანდრე გეჯაძის თქმით, გამოძიებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს ტყვიის გულასა და მასრის მდებარეობას.

„როგორც მე ვიცი, ტყვიის გულა აღმოჩენილია მანქანის სალონში, კორპუსის ერთ-ერთ დეტალში. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა, ასევე პოზას, რომელშიც მიცვალებული იქნა ნანახი შემთხვევის ადგილზე, ამავდროულად იმასაც, თუ სად იყო მასრა განლაგებული, ანუ მასრა იქ უნდა ყოფილიყო ამ გასროლის შემთხვევაში, სადაც ნახეს, თუ - არა. იმ პოზის გათვალისწინებით, რა პოზაშიც იყო ბატონი ეროსი უკვე ღვედდაფიქსირებული, შესაძლებელი იყო თუ არა უმანძილო სროლის პირობებში ტყვიის გულა აღმოჩენილიყო იქ, სადაც ნახეს“, უთხრა ალექსანდრე გეჯაძემ რადიო თავისუფლებას.

ალექსანდრე გეჯაძის თქმით, მხოლოდ ამ საკითხების კომპლექსურად შესწავლის შემდეგ ექნება შესაძლებლობა გამოძიებას, გადაიხაროს მკვლელობის ან თვითმკვლელობის მხარეს.

XS
SM
MD
LG