Accessibility links

logo-print

კლინტონი ამერიკელებს აფრთხილებს, ნუ აირჩევენ ტრამპს!


ჰილარი კლინტონი

ჰილარი კლინტონი

„თუ დონალდ ტრამპი თავისას მიაღწევს, კრემლი მეშვიდე ცაზე იქნება“ - ასე ფიქრობს ჰილარი კლინტონი, შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედი და ახლა თავადაც პრეზიდენტობის მსურველი. ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ შეერთებულ შტატებში წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ ჰილარი კლინტონი და დონალდ ტრამპი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ჰილარი კლინტონმა 2 ივნისს კალიფორნიაში, სან დიეგოში, ისაუბრა სფეროზე, რომელშიც მას განსაკუთრებული კომპეტენცია აქვს: საგარეო პოლიტიკაზე. ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის, მეუღლე, როგორც ცნობილია, რამდენიმე წელი იყო სახელმწიფო დეპარტამენტის, ანუ შეერთებული შტატების საგარეო უწყების, ხელმძღვანელი. ამ გამოცდილების გათვალისწინებით, ის ფიქრობს, რომ ისტორიული შეცდომა იქნებოდა პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევა.

მე მიმუშავია რუსეთსა და ჩინეთთან და ბევრ სხვა ლიდერთან მთელ მსოფლიოში. ამიტომ ვიცი, რომ უნდა შეგვეძლოს როგორც ჩვენი პოზიციის დაცვა, როცა ეს გვჭირდება, ისე საერთო პოზიციის მოძებნა, როცა ეს შეგვიძლია...

როგორც ცნობილია, ტრამპს - მილიარდერს და წარსულში პოპულარული ამერიკული ტელეპროგრამების ვარსკვლავს - თითქმის განაღდებული აქვს პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატად დასახელება. და ეს მისი რასისტული, ქალებისა და კონკურენტების შეურაცხმყოფელი განცხადებების მიუხედავად.

„დონალდ ტრამპის იდეები არ არის, უბრალოდ, განსხვავებული - ისინი სახიფათოდ არათანმიმდევრულია. მათ იდეებსაც ვერ უწოდებ, უბრალოდ, არის გროტესკული დემაგოგიის, პირადი შურისძიებისა და აშკარა ტყუილების წყება“, - განაცხადა ჰილარი კლინტონმა. ის, რომ მან სან დიეგო შეარჩია საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე სასაუბროდ, დამატებით მნიშვნელობას იძენს იმის გათვალისწინებით, რომ სან დიეგოში რამდენიმე სამხედრო ობიექტი მდებარეობს და მრავალი ვეტერანი ცხოვრობს.

დონალდ ტრამპს, კლინტონის აზრით, არ შეიძლება ჩაბარდეს პასუხისმგებლობა, მაგალითად, ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. კლინტონს საფრთხის შემცველად მიაჩნია ტრამპის გეგმაც, გადასინჯოს მსოფლიოში შეერთებული შტატების როლი, რადგან, კლინტონის რწმენით, აუცილებელია, ვაშინგტონმა უერთგულოს მოკავშირეებს - მით უმეტეს ახლა, უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის ფონზე.

„მოსკოვი აგრესიულ სამხედრო ზომებს მიმართავს უკრაინაში, ნატოს საზღვრებთან ახლოს. მე მიმუშავია რუსეთსა და ჩინეთთან და ბევრ სხვა ლიდერთან მთელ მსოფლიოში. ამიტომ ვიცი, რომ უნდა შეგვეძლოს როგორც ჩვენი პოზიციის დაცვა, როცა ეს გვჭირდება, ისე საერთო პოზიციის მოძებნა, როცა ეს შეგვიძლია“, - განაცხადა ჰილარი კლინტონმა სან დიეგოში, როცა, შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკურ კურსზე საუბრისას, მკაცრად გააკრიტიკა დონალდ ტრამპი. ამ უკანასკნელს, როგორც ცნობილია, შექებული ჰყავს პუტინი და თავიც მოუწონებია იმით, რომ პუტინი მას, დონალდ ტრამპს, აქებს („პუტინს მოვწონვარ, პუტინი ამბობს, ტრამპი მაგარიაო! ვგიჟდები, როცა ამბობს, რომ მაგარი ვარ“, - ნათქვამი აქვს ტრამპს წელს, იანვარში, აიოვის შტატში წინასაარჩევნო შეხვედრის დროს).

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

ამიტომ იყო, რომ ჰილარი კლინტონმა 2 ივნისს თქვა, დონალდ ტრამპი თავისას თუ მიაღწევს, კრემლი მეშვიდე ცაზე იქნებაო ...

„მოსკოვსა და პეკინს შურით აღავსებს ის, რომ ამდენი მოკავშირე გვყავს მთელ მსოფლიოში, რადგან ამ მხრივ თვითონ ახლოსაც ვერ მოვლენ ჩვენთან. ძალიან გაუხარდებათ, თუ ავირჩევთ პრეზიდენტს, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ამ ძლიერ მხარეს. თუ დონალდ ტრამპი თავისას მიაღწევს, ის კრემლთან კოლაბორაციას შეუდგება. ჩვენ არ შეიძლება, რომ ეს დავუშვათ!“ - ჰილარი კლინტონის ამ გამოსვლას მალევე გამოეხმაურა დონალდ ტრამპი. კლინტონი დამაჯერებელი აღარ არის, მეტისმეტად ბევრი შეცდომა დაუშვა თანამდებობაზე ყოფნისასო, წერს ის ტვიტერში.

ამასობაში, საარჩევნო მარათონი გრძელდება. ოთხ დღეში კალიფორნიაში გაიმართება შიდაპარტიული არჩევნები. ჰილარი კლინტონს იმედი აქვს, რომ ამ შტატში დაამარცხებს დემოკრატ მეტოქეს, ბერნი სანდერსს, და გაინაღდებს პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატად ნომინაციას. შემდეგი ეტაპი უკვე არჩევნებში, სავარაუდოდ, დონალდ ტრამპთან დაპირისპირება იქნება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG