Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი და დონალდ ტრამპი საქართველოში


ჰილარი კლინტონი, დონალდ ტრამპი
ჰილარი კლინტონი, დონალდ ტრამპი

საქართველოში დიდი ინტერესით ელოდებიან არჩევნების შედეგებს, რომელმაც აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ვინაობა უნდა გამოავლინოს. შეიძლება ითქვას, რომ კონკურენტ კანდიდატებს საქართველოში მხოლოდ შორიდან არ იცნობენ, რადგანაც როგორც ჰილარი კლინტონი, ასევე დონალდ ტრამპი სხვადასხვა დროს სტუმრობდნენ საქართველოს.

გადმოწერა

ჰილარი კლინტონი საქართველოს პირველად 2010 წლის ივლისში ევროპული ტურნეს ფარგლებში ეწვია. თბილისში - კიევის, ვარშავის, ბაქოსა და ერევნის გავლით - ჩასული სახელმწიფო მდივანი ცდილობდა დაერწმუნებინა მასპინძლები, რომ რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობათა გადატვირთვის პოლიტიკა, რომელიც იმხანად ჯერ ისევ იწვევდა შეშფოთებას, არავითარ შემთხვევაში არ განხორციელდებოდა საქართველოს ინტერესების ხარჯზე. სწორედ ამ ჭრილში ჩაითვალა საყურადღებოდ განცხადება, რომელიც ჰილარი კლინტონმა პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ სააკაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ეს იყო ბევრისთვის იმედისმომცემი გზავნილი პირდაპირ ვაშინგტონიდან:

”შეერთებული შტატების პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ არის მყარი. შეერთებული შტატები არ აღიარებს გავლენის სფეროებს. პრეზიდენტმა ობამამ და მე ეს გზავნილი პირდაპირ მივაწოდეთ ჩვენს რუს კოლეგებს ბოლოს, - ეს სულ ახლახან იყო, - როცა 24 ივნისს ვაშინგტონში ვხვდებოდით ერთმანეთს. კვლავაც მოვუწოდებთ რუსეთს დაემორჩილოს 2008 წლის აგვისტოში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს, რომელსაც ხელი მოაწერეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა და პრეზიდენტმა მედვედევმა. ვალდებულებებში ვგულისხმობ ოკუპაციის დასრულებას და რუსეთის ჯარის გაყვანას სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან კონფლიქტამდელ პოზიციებზე. ჩვენ ასევე ვაყენებთ ჰუმანიტარული დახმარების მისაწვდომობის საკითხს ამ ტერიტორიებისთვის და მომავალშიც განვაგრძობთ მუშაობას კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის, საერთაშორისო მექანიზმების და კონსტრუქციული, არაძალადობრივი არხების აღდგენის გზით”.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი თბილისისთვის იმის უტყუარ გარანტიად აღიქმებოდა, რომ ამერიკა, როგორც უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი და კეთილგანწყობილი მეგობარი ქვეყანა, ყოველთვის და ყველგან შეეცდება დაიცვას საქართველოს ინტერესები. თბილისს ვაშინგტონის მხარდაჭერაში ეჭვი არც მაშინ ეპარებოდა და არც მოგვიანებით შეჰპარვია.

ჩვენთვის მიუღებელია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მილიტარიზაცია და მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, რაც ასევე გულისხმობს სამხედრო ძალების გაყვანას კონფლიქტამდე დაკავებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალ ხელმისაწვდომობას...
ჰილარი კლინტონი

ნდობით აღსავსე განწყობა უცვლელი იყო ჰილარი კლინტონის შემდეგი ვიზიტის დროსაც, 2012 წლის ივნისში, როცა ის საქართველოს სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში ეწვია. სახელმწიფო მდივანი საქართველოში სომხეთიდან 4 ივნისს ჩამოვიდა, ხოლო 6 ივნისს მას უკვე აზერბაიჯანში ელოდნენ. 5 ივნისს, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარული სესიის გახსნისას, სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამერიკა მტკიცედ ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მიმართ, ხოლო აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს ”ოკუპირებული” რეგიონებია. გაისმა მოწოდება მოსკოვის მისამართითაც:

„ჩვენთვის მიუღებელია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მილიტარიზაცია და მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, რაც ასევე გულისხმობს სამხედრო ძალების გაყვანას კონფლიქტამდე დაკავებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალ ხელმისაწვდომობას“.

საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ საკითხებზე ლაპარაკისას ჰილარი კლინტონს არასოდეს დაუტოვებია უყურადღებოდ დემოკრატიული განვითარების აუცილებლობა და რადგანაც 2012 წელს საქართველო ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებოდა, სტუმარმა კიდევ ერთხელ შეახსენა მასპინძლებს, რომ აუცილებელია მაღალი ხარისხის არჩევნების ჩატარება, რადგანაც კონფლიქტის მოგვარების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მთავარ ქვაკუთხედს სწორედ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება წარმოადგენს.

”ჩვენ ველოდებით, რომ საქართველო ჩაატარებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და შემდეგ დაასრულებს ძალაუფლების დემოკრატიულ გადაცემას 2013 წელს. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა პარტიამ და ყველა კანდიდატმა პატივი უნდა სცეს დემოკრატიულ პროცესს. და ჩვენ მოუთმენლად ველით, რომ მივესალმოთ მჭიდრო ურთიერთობებს მათთან, ვისაც ქართველი ხალხი აირჩევს”, - განაცხადა კლინტონმა.

რაც შეეხება აშშ-ის პრეზიდენტობის ამჟამინდელ კანდიდატს, დონალდ ტრამპს, ის საქართველოს 2012 წლის აპრილში ესტუმრა. მაშინ მას პოლიტიკა ასე ძლიერად არ იზიდავდა და ძირითადად მილიარდერი ბიზნესმენის სტატუსით კმაყოფილდებოდა. დონალდ ტრამპის ვიზიტი ტრამპ-თაუერის მშენებლობის პერსპექტივებს უკავშირდებოდა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტრამპი თავად აპირებდა დიდი ინვესტიციის დაბანდებას რამდენიმე შენობის მშენებლობაში, მაგრამ შემდეგ თანდათან გაირკვა, რომ საუბარი იყო მხოლოდ მისი სახელის გამოყენებაზე. პროექტის ავტორად და მფლობელად კი სახელდებოდა Silk Road Group-ი (SRG), ქართული კონგლომერატი ბიზნესინტერესებით ტრანსპორტირების, ტელეკომუნიკაციების, საბანკო და უძრავი ქონების სფეროებში. საინფორმაციო პორტალ „სივილ ჯორჯიას“ ცნობით, Silk Road Group-ი „ტრამპის“ სახელს და სავაჭრო ნიშანს იყენებდა 2011 წლის მარტში ნიუ-იორკში დეველოპერული და უძრავი ქონების კომპანია Trump Organization-თან მიღწეული სალიცენზიო შეთანხმების ფარგლებში. ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრას იმდროინდელი პრეზიდენტი სააკაშვილიც ესწრებოდა.

საქართველოში მცხოვრები ხალხი - თქვენ - შესაძლოა ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამდეთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თქვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მთელ მსოფლიოში, ყველა საქართველოზე და საქართველოში მომხდარ სასწაულებზე ლაპარაკობს...
დონალდ ტრამპი

მიღწეული შეთანხმება, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, 200-დან 300 მილიონ დოლარამდე ინვესტიციას გულისხმობდა. გაზეთი ”ნიუ იორკ ტაიმსი” წერდა, რომ დონალდ ტრამპი მშენებლობას თავად არ აწარმოებდა - მისი მიზანი იყო სახელის ლიცენზირება და თავისი ბრენდის მთელ მსოფლიოში გავრცელება, ხოლო უშუალო მშენებლობას, რომელიც, თითქოს, 2014 წლისათვის უნდა დასრულებულიყო, ”ნიუ იორკ ტაიმსის” ცნობითაც, ”სილკ როუდ ჯგუფი” ჩაუდგებოდა სათავეში. პროექტის მიხედვით, საქართველოში ტრამპის სახელის მატარებელი ორი შენობა უნდა აგებულიყო - ერთი თბილისში, ვარდების რევოლუციის მოედანზე, მეორე კი - ბათუმში.

ასეა თუ ისე, ამერიკელ მაგნატს, დონალდ ტრამპს, საქართველოში ჩამოსვლა 2012 წლის აპრილში მოუწია. მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, 21 აპრილს ის თავის რეზიდენციაში მიიღო და ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა, 22 აპრილს კი სტუმარი ბათუმში ჩავიდა და მონაწილეობა მიიღო თავისი სახელობის პროექტის - „ტრამპ თაუერის“ - პრეზენტაციაში. ტრამპს საქართველოში მრავალფეროვანი პროგრამით დახვდნენ და ისეთი კმაყოფილი დატოვეს, რომ პრესკონფერენციაზე თქვა, მე კიდევ ბევრჯერ ჩამოვალ ამ ქვეყანაშიო. იმდროინდელმა პრეზიდენტმა, რომელიც აღფრთოვანებული იყო მილიარდერი ბიზნესმენის წარსულითა და აწმყოთი, მისი მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა და, თავის მხრივ, არც დონალდ ტრამპი დარჩენილა ვალში:

„საქართველოში მცხოვრები ხალხი - თქვენ - შესაძლოა ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამდეთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თქვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მთელ მსოფლიოში, ყველა საქართველოზე და საქართველოში მომხდარ სასწაულებზე ლაპარაკობს... და ეს გაკეთებულია პრეზიდენტის მიერ... მინდა მოგილოცოთ - თქვენ გასაოცარ საქმეს აკეთებთ... “

ამ სიტყვებით მიმართა 2012 წლის 22 აპრილს დონალდ ტრამპმა მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მასთან ერთად იდგა სპეციალურად აშენებულ სცენაზე, უზარმაზარი საინფორმაციო ბანერის ფონზე - ზუსტად იმ ტერიტორიის სიახლოვეს, სადაც, თითქოსდა, 47-სართულიანი „ტრამპ-თაუერი“ უნდა აშენებულიყო. თუმცა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, გეგმები შეიცვალა და ეს საქმე წინ აღარ წასულა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG