Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინტონმა გაინაღდა მხარდაჭერა პრეზიდენტობის კანდიდატად ნომინაციისათვის


ჰილარი კლინტონი
ჰილარი კლინტონი

შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა და ყოფილმა პირველმა ლედიმ, ჰილარი კლინტონმა, საკმარისი რაოდენობის ხმები მოიპოვა აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატად ნომინაციისათვის. ამის შესახებ შეერთებული შტატების მედია იუწყება. კლინტონის სავარაუდო ნომინაციის შემდეგ, ის დაუპირისპირდება პრეზიდენტობის ასევე სავარაუდო რესპუბლიკელ კანდიდატს, დონალდ ტრამპს, 8 ნოემბრის არჩევნებში. თუმცა ჯერ არ დასრულებულა შიდაპარტიული არჩევნების ეტაპი.

7 ივნისს ექვს შტატში, მათ შორის კალიფორნიაში, დემოკრატებისა და რესპუბლიკელების შიდაპარტიული არჩევნები იმართება. ამით რესპუბლიკური პარტიისათვის შიდაპარტიული არჩევნები დასრულდება, ხოლო დემოკრატებს 14 ივნისს რჩებათ ბოლო პრაიმერიზი - კოლამბიის ოლქში.

ახალი ამბების თანახმად, მივუახლოვდით ისტორიულ, უპრეცედენტო მომენტს!.. ექვს ადგილას გვაქვს არჩევნები და ენერგიულად ვიბრძოლებთ ყოველი ხმისთვის. განსაკუთრებით აქ, კალიფორნიაში!..

თუმცა სურათი, თითქოს, ამ პრაიმერიზების გარეშეც ნათელია: მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ერთი თვის წინ ჩამოიცილა ბოლო რესპუბლიკელი კონკურენტიც და მარტო აგრძელებს პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატად ნომინაციისათვის ბრძოლას, ჰილარი კლინტონმა გაინაღდა საკმარისი მხარდაჭერა პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატად ნომინაციისათვის. ეს ინფორმაცია 6 ივნისს გაავრცელა ამერიკის მედიამ. „ასოშიეტიდ პრესისა“ და „ენ-ბი-სი ნიუს“-ის ცნობით, ჰილარი კლინტონს მხარს უჭერს 2 383 დელეგატი, რაც საჭიროა იმისათვის, რომ ის დასახელდეს პრეზიდენტობის პირველ დემოკრატ კანდიდატ ქალად.

„ახალი ამბების თანახმად, მივუახლოვდით ისტორიულ, უპრეცედენტო მომენტს! (ტაში) მაგრამ ჯერ კიდევ გვრჩება გასაკეთებელი საქმე, ხომ მართალია? ხვალ, 7 ივნისს, ექვს ადგილას გვაქვს არჩევნები და ენერგიულად ვიბრძოლებთ ყოველი ხმისთვის. განსაკუთრებით აქ, კალიფორნიაში!“ - უთხრა კლინტონმა მხარდამჭერებს წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით კალიფორნიაში, ლონგ ბიჩში, გამართულ ღონისძიებაზე. მან გასული კვირის მიწურულს, პუერტო-რიკოში შიდაპარტიულ არჩევნებში გამარჯვებისა და ე. წ. სუპერდელეგატების მიმხრობის შედეგად, გაინაღდა 2383 დელეგატის მხარდაჭერა, რაც საჭიროა მომავალ თვეში დემოკრატების ეროვნულ ყრილობაზე პრეზიდენტობის კანდიდატად ნომინაციისათვის.

საინტერესოა, რომ კლინტონის დემოკრატი მეტოქე, ბერნი სანდერსი, მაინც ნაადრევად მიიჩნევს ფარ-ხმლის დაყრას... მან 6 ივნისს ასევე კალიფორნიაში განაცხადა, რომ 25 ივლისს დემოკრატიული პარტიის ყრილობამდე არ შეწყვეტს ნომინაციისათვის ბრძოლას. სანდერსს, როგორც ჩანს, სუპერდელეგატების იმედი აქვს. სუპერდელეგატები არიან პარტიის ყრილობაზე პრეზიდენტობის კანდიდატის ნომინაციის დროს განსაკუთრებული უფლებამოსილებით აღჭურვილი პირები - პარტიის ლიდერები, კონგრესმენები, გუბერნატორები, რომლებსაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ გადაწყვეტილების შეცვლა.

ბერნი სანდერსი
ბერნი სანდერსი

„ყველამ დანამდვილებით იცის, ვის მისცემს ხმას ყველა ეს სუპერდელეგატი 25 ივლისს, დემოკრატიული პარტიის ყრილობზე. მათთვის გადასარევი, მაგრამ მე არ ვიცი, ვის მისცემენ ხმას! საქმე ის არის, რომ 7 ივნისს კალიფორნიაში გვექნება უმნიშვნელოვანესი შიდაპარტიული არჩევნები. კალიფორნიის ხალხს აქვს უფლება განსაზღვროს, ვინ გახდება შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ამისათვის აუცილებელი არ არის მოუსმინონ „ასოშიეიტიდ პრესს“, ან „ენ-ბი-სი“-ს. და ვიმედოვნებ, რომ ბევრი ამომრჩეველი მოვა და მკაფიოდ იტყვის, რომ სურს რეალური ცვლილება ამ ქვეყანაში, რომ მობეზრდა მმართველი წრეების პოლიტიკა და მმართველი წრეების ეკონომიკა“, - უთხრა პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატად ნომინაციისთვის მებრძოლმა ბერნი სანდერსმა 6 ივნისს ტელეკომპანია „ენ-ბი-სი“-ს.

ცნობების თანახმად, წინა დღეს მას ტელეფონით ესაუბრა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა. თეთრი სახლი არაფერს ამბობს საუბრის შინაარსზე, მაგრამ აცხადებს იმას, რომ ბარაკ ობამა დღე-დღეზე გააკეთებს საჯარო განცხადებას პრეზიდენტობის კანდიდატად ჰილარი კლინტონის მხარდაჭერის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG