Accessibility links

logo-print
კოალიცია „ქართული ოცნების“ ორი წევრი, მირზა ხაბარელი და თეიმურაზ ჩაგელიშვილი, ქარელის პოლიციამ დააკავა. დაკავებულებს ბრალი ხულიგნობაში ედებათ. ხაბარელი და ჩაგელიშვილი სოფელ ძლევიჯვარში ცხოვრობენ, რომელიც ბრეთის ტერიტორიულ ორგანოში შედის. ბრეთის რწმუნებული ალექსი ელიაშვილი ხაბარელს და ჩაგელიშვილს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. ელიაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მას კაბინეტში შეუცვივდნენ და ჯერ პრეზიდენტის ლანძღვა დაიწყეს, შემდეგ კი მასაც მიაყენეს შეურაცხყოფა.

მირზა ხაბარელი და თეიმურაზ ჩაგელიშვილი პოლიციამ ოპერატიულად დააკავა, ხაშურის რაიონულმა სასამართლომ კი მათ 60 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. აღსანიშნავია, რომ მირზა ხაბარელი ოლიმპიური ჩემპიონის, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, შოთა ხაბარელის ძმისშვილია. კოალიცია „ქართული ოცნების“ ქარელის ორგანიზაციის შტაბში აცხადებენ, რომ ხელისუფლების მხრიდან განსხვავებული აზრის მქონე ახალგაზრდების პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. შტაბის ხელმძღვანელი იმედა ხუციშვილი ამბობს, რომ ხაბარელს და ჩაგელიშვილს პროვოკაცია მოუწყვეს.

წინასაარჩევნო პერიოდში ყველაზე მეტი ინციდენტი შიდა ქართლშია დაფიქსირებული. ეს ინციდენტები არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციას აღრიცხული აქვს და სამართალდამცავებს რეაგირებას სთხოვს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი აცხადებს, რომ საქმე შერჩევით სამართალთან გვაქვს, რადგან სამართალდამცავები ერთ შემთხვევაში ოპერატიულად რეაგირებენ, როცა საქმე ოპოზიციის წევრებს ეხებათ, მეორე შემთხვავაში კი, მაგალითად, ჟურნალისტების უფლებების შელახვის საქმეების გამოძიება დიდი ხნით ჭიანურდება.

ხაბარელის და ჩაგელიშვილის მიმართ ხაშურის სასამართლოს გადაწყვეტილებას კოალიციის წევრები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. არასამთავრობო ორგანიზაციების დღევანდელი მონაცემებით, წინასაარჩევნო პერიოდში შიდა ქართლში 45 ინციდენტი და კანონდარღვევაა გამოვლენილი, მაგრამ, იურისტების განცხადებით, სამართალდამცავების მხიდან რეაგირება მხოლოდ მცირე ნაწილზე ხდება.
XS
SM
MD
LG