Accessibility links

logo-print

რესპუბლიკური პარტიის მიერ არჩევნებში ცალკე მონაწილეობის სურვილის ღიად გაცხადების შემდეგ მმართველი კოალიციის წევრებს შორის გადაადგილებები დაიწყო.

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ახლა უკვე ფრაქციაც დატოვა. კახა ბერიძის ნაბიჯს ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ გოგოლაძე ტრაგედიად არ აღიქვამს, თუმცა ფიქრობს, რომ არჩევნებამდე დიდი დროა და შესაძლებელია ცენტრში მიღებული გადაწყვეტილებების ფორმირება მოხდეს.

თამარ გოგოლაძე იმასაც ამბობს, რომ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. თანამშრომლობა რომ ყოველთვის შესაძლებელია, ამას ახალციხეში „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერიც ადასტურებს, თუმცა ფიქრობს, რომ მათი და რესპუბლიკური პარტიის გაერთიანება წინასაარჩევნოდ გამორიცხულია. შალვა გოგოლაძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „თავისუფალი დემოკრატებისა“ და რესპუბლიკელების პოლიტიკური ალიანსის შესაძლებლობას ვერ ხედავს.

კოალიციის დაშლა რომ გარდაუვალი იყო, ამაში „ბურჯანაძე-დემოკრატების“ წარმომადგენელს ეჭვი არასდროს შეჰპარვია. ჯიმშერ გოგოლაური არც იმას გამორიცხავს, რომ დაშლილი კოალიცია გაერთიანდეს და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყოს. „ბურჯანაძე - დემოკრატების“ ლიდერი არც ახალციხის საკრებულოში გამორიცხავს ცვლილებებს.

ვიდრე „ქართული ოცნება“ სრულიად დაიშლება, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ახალციხეში განმარტავს, რომ არჩევნებამდე კოალიცია ერთიანი რჩება. რესპუბლიკელებისა და „ეროვნული ფორუმის“ გადაწყვეტილებას წინასაარჩევნოდ წამოწყებულ თამაშს უწოდებს ადგილობრივი მოსახლეობა.

ქალაქ ახალციხის საკრებულო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“, რესპუბლიკური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ბურჯანაძე - დემოკრატების“ წარმომადგენლებით დაკომპლექტდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG