Accessibility links

logo-print
კიევის უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი ლესია თავისუფლების მოედანზე, ევრომაიდანზე, ოპოზიციის ტრიბუნასთან მდებარე ერთ-ერთ სექტორში ცეცხლზე შემდგარ დიდ ქვაბთან გავიცანი. ასეთ სახელდახელოდ მოწყობილ საველე სამზარეულოში ის და მისი მეგობრები წვნიანს ხარშავენ და ჩაის ადუღებენ, ქაფქაფა სითხეს ჩამჩით ანაწილებენ პოლიეთილენის ჭიქებში და ბუტერბდროდებთან ერთად ამ მწირი მენიუთი უმასპიძლდებიან რიგში მორჩილად მდგარ აქტივისტებს. ამასობაში მოხალისეთა მეორე ჯგუფი კი ლანგარზე ალაგებს ჭიქებს და დააქვს ხალხში, რათა ყინვაში მდგარი ადამიანები გათბნენ.

გასინჯეთ, - უკრაინულად მომმართავს ლესია და მაწვდის ცხელ ჩაისა და შაშხისნაჭრებიან შავ პურს, რომელსაც ცეცხლზე შემომდგარ სპეციალურ ცხაურაზე ხუხავენ. გემრიელად შევექცევი მომიტინგეთა ულუფას, მივლინებების დროს ნასწავლი დამტვრეული უკრაინულითვე ვუხდი მადლობას და კიდევ ვითხოვ შაშხიანი ბუტერბროდის დამატებას, რაც ლესიასა და რიგში მდგომი უკრაინელი დემონსტრანტების აღფრთოვანებას იწვევს.

სწორედ ასეთ სექტორებად არის დაყოფილი კიევის ცენტრში მდებარე ევრომაიდნის ვეებერთელა ტერიტორია მეტრო „ხრეშჩატიკიდან“ პროფკავშირის სასახლემდე და სასტუმრო „კოზაცკაიამდე“ და ამ სექტორების მართვა ძირითადად სამი ოპოზიციური პარტიის - „ბატკივშჩინის“, „უდარისა“ და „თავისუფლების“ - წევრებისა და მოხალისეების საშუალებით ხდება. აქტივისტები და მოხალისეები დაყოფილნი არიან ათეულიებად და ოცეულებად, გაყოფილი აქვთ ფუნქციები და, რაც მთავარია, ამ ფუნქციებს საოცარი ორგანიზებულობით და ენთუზიაზმით ასრულებენ. ამასთან, ყველა სექტორის შესასვლელებს მორიგეები გულდაგულ დარაჯობენ, შემოღებული აქვთ საშვების სისტემა, რათა პროვოკატორი ან ლოთბაზარა ვინმე არ შეეპაროთ, რასაც პროპაგანდა ევრომაიდნის დისკრედიტაციისათვის გამოიყენებს.

ასეთი განაწესის მიხედვით ერთი ჯგუფი რომ მორიგეობს, მეორე ისვენებს. ცხადია, რაკი გარეთ ყინავს, დასასვენებლად კიევის მერიისა და უკრაინის პროფკავშირების სასახლის დერეფნები გამოიყენება. თუმცა, უშუალოდ კარვებში, სადაც ე.წ. "ბურჟუიკები" უდგათ, ხალხს საძილე ტომრებშიც სძინავს. ამ ავანგარდმა, რომელიც ყოფილი „ავღანელებითა“ და უკრაინელი ნაციონალისტებით არის დაკომპლექტებული, მომიტინგეთა დარბევის მცდელობის შემთხვევაში ბარიკადებთან უნდა შეაჩეროს „ბერკუტის“ სპეცდანიშნულების რაზმი და მისი დამხმარე ე.წ. „ტიტუშკები“. ესაა სპორტსმენებისგან დაკომპლექტებული გასამხედროებული პროსახელისუფლებო დაჯგუფება. მას ხალხმა „ტიტუშკები“ უწოდა მისი ერთი აქტივისტის, სპორტსმენ ვადიმ ტიტუშკოს გამო, რომელმაც ჯერ კიდევ 18 მაისს გამართულ მიტინგზე "გაითქვა სახელი" ჟურნალისტის ცემით.

ასე მიხსნის ლესია, რომელიც, როგორც ბევრი მისი მოხალისე თანატოლი, ძალიან სერიოზულად ეკიდება ხელმძღვანელებისაგან, ე.წ. სტაროსტებისაგან მიცემულ დავალებას და ამით, როგორც თავად ამბობს, საკუთარი წვლილი შეაქვს იმ ბრძოლაში, რომელიც მის ქვეყანაში მიმდინარეობს რუსეთის ორბიტაზე ქვეყნის დაბრუნების მსურველ პრეზიდენტ იანუკოვიჩის ხელისუფლებასა და ევროპული კურსის მომხრე ოპოზიციას შორის.

„ბრძოლა“ სწორედაც რომ ზუსტად გადმოცემს არსს წინააღმდეგობის იმ მოძრაობისა, რაც უკრაინაში 22 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც უკრაინის მთავრობამ - ოპონენტების აზრით, მოსკოვის ზეწოლით - ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა გადაიფიქრა. საპროტესტო აქციებისა და სამთავრობო უწყებების პიკეტირების ერთი კვირის თავზე უკრაინის ხელისუფლებას ნერვებმა უმტყუნა და 1 დეკემბერს, შუაღამისას, უკრაინის პოლიციის სპეცდანიშნულების ძალებს უკრაინის პროდასავლური კურსის მომხრე მშვიდობიანი აქციის ძალის გამოყენებით დაშლა უბრძანა.

ამ ძალადობამ კიდევ უფრო გააღვივა მთელ ქვეყანაში საპროტესტო მუხტი და გადაზარდა იგი ნამდვილ რევოლუციაში, რომლის სერიოზულობას ხაზს უსვამს ხის მორებისაგან აგებული სამი-ოთხი მეტრის სიმაღლის ბარიკადები, მათზე აღმართული უკრაინის სახელმწიფო და ევროკავშირის დროშები, ბარიკადებზე მდგარი რევოლუციის უიარაღო გუშაგები და მოხალისე გოგონები, რომლებიც რევოლუციურ ევრომაიდანზე ხალისით მუშაობენ მედდებად და მზარეულებად.

როგორც უკრაინის ოპოზიცია ამბობს, 1 დეკემბერს ძალის გამოყენებით ხელისუფლებამ ლეგიტიმურობა დაკარგა, ხალხმა კი რწმენა შეიძინა, რომ მშვიდობიანი რევოლუციით გადააყენებს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს და დაუბრუნებს ქვეყანას ევროპულ მომავალს. ამ მიზნის მისაღწევად კიევის ცენტრში მდებარე თავისუფლების მოედანი, უკრაინულად „მაიდან ნეზალეჟნოსტი“, სადაც 2004 წლის ნოემბერ-დეკემბერში „ნარინჯისფერი რევოლუცია“ მოხდა, ახლა მართლაც წააგავს ფორპოსტს, რომელიც გამარჯვების გარეშე დაშლას აღარ აპირებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG