Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მიმაგრებული ჟურნალისტის“ ერთი დღე ქაბულში


როდესაც „თურქეთის ავიახაზების“ კუთვნილმა თვითმფრინავმა ქაბულის ჰამიდ კარზაის სახელობის აეროპორტში დაშვება დაიწყო, ილუმინატორებიდან ჯერ ასმაისა და შერ დარვაზის მთები გამოჩნდა, შემდეგ კი − მდინარე ქაბულის ველზე გაფენილი ავღანეთის დედაქალაქი, რომლის სახელი, გადმოცემის თანახმად, ან „ჩალის ხიდს“ უნდა ნიშნავდეს, ან „მდინარეს ყვავილებს შორის“.

თუმცა, მე და ჩემი კოლეგა, ოპერატორი რომან კუპკა, წინასწარ ვართ შეგუებული იმ აზრს, რომ ავღანეთში მთელი ჩვენი ერთკვირიანი მივლინების განმავლობაში ვერც ერთხელ ვერ მოვხვდებით ქაბულში (თუ რატომ, ამაზე ქვემოთ), ზღვის დონიდან 1800 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ამ უძველესსა და იდუმალებით მოცულ ქალაქში, რომლის აგლომერაცია ანტიკური, სასანიდური, მონღოლური, ბრიტანული, ფრანგული თუ საბჭოთა პერიოდების არქიტექტურების ერთგვარი ნაზავია.

სხვათა შორის, ქაბულში, როგორც ამბობენ, ახლაც ბევრს აშენებენ თურქები, ამერიკელები, ფრანგები თუ იაპონელები, მაგრამ ღრმად ფეხმოკიდებული კორუფციის გამო, დეველოპერები უამრავ ბიუროკრატიულ ბარიერს აწყდებიან. ამ ორომტრიალში კი დროსთან და სახსრებთან ერთად იკარგება ენთუზიაზმი და ხალისი, ხოლო კარგად დაწყებული პროექტები სანახევროდაც ვერ სრულდება. ერთი შეხედვით, სწორედ ასეთი „პალიატიური“ არქიტექტურის ნიმუშს წარმოადგენს ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, სადაც საპირფარეშოში, ძალიან თუ არ გაგიჭირდა, არც უნდა შეხვიდე კაცი. საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან კი, სადაც ფეხსაცმელს ყველას ახდევინებენ, ბეტონის იატაკზე გიხდება დგომა.

თუმცა, ამ ნაკლოვანებებს აქ მაინცდამაინც არავინ აქცევს ყურადღებას, რადგან ავღანეთში მთავარი სადარდებელი კომფორტი კი არა, საკუთარი სიცოცხლეა, რომელიც ნებისმიერ წუთს შეიძლება საფრთხეში აღმოჩნდეს. ნატოს სარდლობით მოქმედი 13-წლიანი უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ოპერაციისა (ISAF) თუ ამჟამინდელი მტკიცე მხარდაჭერის მისიის (RSM) მიუხედავად, ავღანეთის დედაქალაქს ყოველდღიურად ემუქრება ტერორისტული იერიშების საფრთხე. სხვათა შორის, ჩვენს მივლინებამდე ორი კვირით ადრე გამოაცხადეს თალიბებმა „საგაზაფხულო თავდასხმების“ სეზონის დაწყება. ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად, ისინი სწორედ გაზაფხულზე აკეთებენ ხოლმე ასეთ განცხადებას, რომელსაც ძალადობის გააქტიურება ახლავს. 12 აპრილს, საინფორმაციო საშუალებებისთვის გაგზავნილ ელექტრონულ წერილში, ექსტრემისტები აცხადებდნენ, რომ საგაზაფხულო ოპერაცია ადგილობრივი დროით დილის 5 საათზე დაიწყო. წლევანდელ სეზონს თალიბანმა „ოპერაცია ომარი“ უწოდა, რითაც პატივი მიაგო თალიბანის დამაარსებლის, სამი წლის წინ გარდაცვლილი მოლა მოჰამად ომარის ხსოვნას.

არ გასულა ერთი კვირაც და 19 აპრილს, სულ ცოტა, 20 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაშავდა ქაბულში მოწყობილი ტერორისტული თავდასხმის შედეგად. თვითმკვლელმა მოიერიშემ, ანუ ადამიანმა-ბომბმა, თავი აიფეთქა უსაფრთხოების ეროვნული სამსახურის შენობის წინ, შემდეგ კი შეიარაღებულ პირთა ჯგუფმა ცეცხლი გაუხსნა გამვლელებს.

ეს თალიბების ცნობილი ტაქტიკაა. სწორედ ასეთი ხელწერით მოქმედებდნენ ექსტრემისტები 2013 წლის 6 ივნისს, როდესაც ჰელმანდის პროვინციაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთბაშად შვიდი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. უნდა აღინიშნოს, რომ შვიდი წლის განმავლობაში, რაც საქართველო ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციურ ოპერაციებში ჩაერთო, საქართველომ ავღანეთში 31 ჯარისკაცი დაკარგა. ბოლო მათგანი, 21 წლის ვასილ ყულჯანიშვილი, გმირულად დაიღუპა საბრძოლო ამოცანის შესრულების დროს, 2015 წლის 22 სექტემბერს. მას ტყვია იმ დროს მოხვდა, როდესაც თავდასხმის ადგილიდან გამოჰყავდა დაჭრილი თანამებრძოლი, სერჟანტი როსტობაია. ავღანეთში დაღუპული ამ ოცდათერთმეტივე ჯარისკაცის სურათები გამოკრულია ქაბულის აეროპორტში მოქმედი ნატოს მრავალეროვნული ბაზის საქართველოს წარმომადგენლობაში. ეს ერთი კვირა მე და რომანი სწორედ ამ წარმომადგენლობაში ვიცხოვრებთ.

იმ დღიდან, რაც ავღანეთში გამგზავრების წინ, საქართველოში ჩასულებმა, სამხედრო უწყების აკრედიტაცია და სპეციალური „ტრეველ-ორდერები“ მივიღეთ, მე და ჩემი კოლეგა, ჩვენდა უნებურად ვიქეცით ნაწილად იმ საერთაშორისო სამხედრო მისიისა, რომელსაც „მტკიცე მხარდაჭერა“ ეწოდება. ეს კი გვავალდებულებს, დავემორჩილოთ იმ შინაგანაწესს, რომელიც ნატოს მიერ არის დადგენილი და რომლის შესრულებასაც ქაბულის წვრთნის, კონსულტაციისა და დახმარების სამეთაურო ცენტრში, თურქი გენერალი შაფაკ გიოქი ხელმძღვანელობს.

რაკი ამაზე ჩამოვარდა სიტყვა, ისიც უნდა ითქვას, რომ ნატოს ამჟამინდელი მისია, წინამორბედისგან განსხვავდება როგორც სამხედროთა რაოდენობით, ისე დისლოკაციის გეოგრაფიითაც.

ნატოს შტაბები და ქვედანაყოფები ქაბულისა და ბაგრამის გარდა, ყანდაარში, ლაგმანსა და ჰერათშია განთავსებული და ამ მისიის შესრულებაში 50 სახელმწიფო მონაწილეობს. საქართველო, 861 ჯარისკაცით, მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ. ქაბულის აეროდრომზე უდევთ ბინა ავღანეთის მთავარ სამხედრო მრჩეველს, პოლკოვნიკ ალექსანდრე კიკნაძესა და მის მცირერიცხოვან წარმომადგენლობას. აქვე მხვდება ჩემი დიდი ხნის ამხანაგი, სამხედრო ჟურნალისტი ლევან დგებუაძე, რომელიც გამოცდილი ოპერატორი და კარგი კომუნიკატორია. სწორედ მან და მის თანამშრომელმა, ლევან ბიბილაშვილმა უზრუნველყვეს ჩვენი, „მიმაგრებული ჟურნალისტების“ დაბინავება ქაბულის საავიაციო ბაზაზე, საიდანაც, მათივე დახმარებით, გავემგზავრებით „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მთავარ, ბაგრამისა და ქაბულის ბაზებზე, სადაც ორი ქართული ასეულია განლაგებული.

სხვათა შორის „მიმაგრებულ ჟურნალისტს“ (ინგლისურად Embedded Journalist) აქაურ ჟარგონზე „ემბედებს“ უწოდებენ. მივლინების ასეთი სისტემა ერაყის საომარი კამპანიის დროს დანერგა აშშ-ის ხელმძღვანელობამ, რათა საიდუმლო ინფორმაციის დაცვაც უზრუნველეყო და მედიასაც მისცემოდა საომარი მოქმედებების გაშუქების საშუალება. მივლინებული ჟურნალისტი, წესით, ხელს უნდა აწერდეს კონტრაქტს სამხედრო უწყებასთან, რომ არ გამოაქვეყნებს ისეთ ინფორმაციას, რაც შეიცავს ცნობებს ჯარების განლაგების, შეიარაღებისა თუ დაგეგმილი ოპერაციის შესახებ. ამიტომ, რაიმე რომ არ წამომცდეს, აქ წერტილს დავსვამ და შევეცდები, შემდეგ წერილში იმაზე გიამბოთ, თუ როგორ ცხოვრობენ ქართველი ჯარისკაცები მსოფლიოს ყველაზე „ცხელ წერტილში“ ბაგრამისა და ქაბულის RSM-ის ბაზებზე.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG