Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხიდაშელის ანტიდოტი


პარადოქსული და გულსატკენია, რომ ყველა ინსტიტუტმა საქართველოში ერთხმად და ერთიანი ძალით გადაატეხა შუბები საქართველოს თავდაცვის მინისტრს, რომელმაც თქვა ის, რაც პირადად არაერთხელ მომისმენია მათგან, ვინც ახლა უმოწყალოდ აკრიტიკებს თინა ხიდაშელს.

სამხედრო სავალდებულო სამსახური საქართველოში ითვლებოდა და ითვლება გზის დასაწყისში მყოფი ახალგაზრდის კაბალურ და ერთ-ერთ ყველაზე დამამცირებელ ექსპლუატაციად სახელმწიფოს მხრიდან.

საქართველოს დამოუკიდებლობის განმავლობაში ერთადერთი გამონაკლისი იყო ზვიად გამსახურდიას ბრძანებით ეროვნული გვარდიისათვის გამოცხადებული გაწვევა, როდესაც კომისარიატებში რიგები იდგა. ამის შემდეგ − უფრო ზუსტად, 1991-92 წლების ავადსახსენებელი და ქართული სახელმწიფოსათვის კატასტროფული „თბილისის ომის“ შემდეგ, რომელსაც სწორედ ეროვნული გვარდიის საბედისწერო დაპირისპირებამ დაუდო სათავე − სამხედრო სავალდებულო გაწვევა საქართველოში კვდებოდა ჩვენ თვალწინ და მის რეანიმაციას ვერ ახდენდა ვერც პოლიციის მასშტაბური სამხედრო რეიდები, ვერც დეზერტირთა მასობრივი დაპატიმრება, და ვერც მთელი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო კოლეგიის საველე მდგომარეობაში გადაყვანა, როგორც ეს 1996-97 წლებში გააკეთა მაშინდელმა მინისტრმა ვარდიკო ნადიბაიძემ.

განა ეს ვინმესათვის უცნობია? ან განა თინა ხიდაშელის ბრალია, საქმე აქამდე რომ მივიდა? 1990-იან წლებში, როდესაც დღევანდელი თავდაცვის მინისტრი, ალბათ, ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, მე და ჩემს ბევრ თანამოაზრეს და, თუ გნებავთ, თანამებრძოლსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაყინულ და უშუქო კედლებში, იმ გადეზერტირებული ქვეყნისა და დამშეული ქართული ჯარის შემყურეს, არაერთხელ გვიოცნებია იმ დროზე, როდესაც ჯარისკაცობა გახდებოდა პროფესია და აღარ იქნებოდა ვალდებულება. საყოველთაოდ მიჩნეულია, რომ თუ სახელმწიფოებრივ დონეზე არ არის შემუშავებული შესაბამისი ფინანსური, სოციალური თუ საგანმანათლებლო პროგრამები, რასაც მარტივად სამსახურებრივი მოტივაცია ჰქვია, დემოკრატიულ საზოგადოებაში მოქალაქეს ვერ აიძულებ ჩაიცვას სამხედრო ფორმა. ეს ისეთივე უპერსპექტივოა, როგორც მცდელობა იმისა, რომ გაწვევისა და იძულების გზით აღგვეზარდა მხატვრები, მუსიკოსები, მომღერლები, პოეტები, ექიმები, მასწავლებლები თუ სხვა დარგის პროფესიონალები.

თინა ხიდაშელს ქვა იმან ესროლოს, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტს აქვს ფუფუნება, ფული არაფრისმომცემ პროგრამებში გადაყაროს, ხოლო საქართველოს მოქალაქე მზად არის იმისათვის, რომ ერთი წლით მოწყდეს ოჯახს, ინსტიტუტს, სამუშაოს, მეგობრებს, ზოგადად, თავისუფლად ცხოვრებას.

მაგრამ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმება მხოლოდ საბაბია, მით უფრო, რომ თავდაცვის მინისტრს არაფერი გაუუქმებია. მან, როგორც მინისტრმა, უარი თქვა წვევამდელთა მიღებაზე, რაც მის არაერთ წინამორბედსაც გაუკეთებია. მიზეზი სხვაა. მიზეზი თავად თინა ხიდაშელის პიროვნებაა, მინისტრისა, რომელიც თავისი გამოკვეთილი პროევროპულობის, შეუპოვრობისა და წინამორბედი მამაკაცი მინისტრებისათვის შესაშური გახსნილობის გამო, დიდი ხანია ყელზე ადგას საქართველოში არსებულ ათასი ჯურის კონსერვატიულსა თუ ულტრამემარჯვენე ძალებს.

თინა ხიდაშელს, როგორც პოლიტიკოს მინისტრს, შეუძლია გააკრიტიკოს თავისი კოლეგებიც და საუბარში ქვეყნის პრეზიდენტსაც არ დაუთმოს, თუ ეს საქმეს დასჭირდება. ყოფილ პრეზიდენტთან მის დამოკიდებულებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. თავდაცვის მინისტრის დღევანდელ ოპონენტებს რატომღაც ავიწყდებათ, რომ სააკაშვილის ტრიუმფის დროს თინა ხიდაშელი ლამის ერთადერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იყო, ვინც ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან და ყველა დონეზე უპირისპირდებოდა ყოფილ ხელისუფლებას და არა მხოლოდ უპირისპირდებოდა, არამედ სჯობნიდა კიდეც ნაციონალური მოძრაობის გამობრძმედილ ორატორებს.

სულ ახლახან, როცა, უკრაინის ხელისუფლების ხათრითა თუ დასავლეთის შიშით, „ქართული ოცნების“ ლიდერები ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ ოდესის გუბერნატორის მწვავე განცხადებებზე, სწორედ თინა ხიდაშელი იყო ის ქართველი მინისტრი, რომელმაც, პრაღაში სტუმრობისას, რადიო თავისუფლების შტაბბინიდან იკითხა მთელი ქვეყნის გასაგონად: მაინტერესებს, ეს კიევის პოზიციაა, თუ არცთუ მთლად ნორმალური ფსიქიკის მქონე გუბერნატორისო.

ცხადია, თავდაცვის მინისტრი არ არის შეუცდომელი მოღვაწე. პირადად მე მის დიდ შეცდომად მიმაჩნია შუალედური არჩევნების დროს საგარეჯოში თავისი მოგვარისა და თანაპარტიელის, თამარ ხიდაშელის, ჯერ საარჩევნო პროცესში საჯარო მხარდაჭერა, ხოლო მერე საარჩევნო ბიულეტენების გადათვლაში მონაწილეობა, რაც, მეტი რომ არ ვთქვათ, შეუფერებელია სამხედრო უწყების ხელმძღვანელისათვის. თავისი ჰიპერაქტიული პიარისა და ხშირი მივლინებების გამო, ხიდაშელი, მაგალითად, ვერ ამჩნევდა იმას, რომ ავღანეთიდან დაბრუნებულ გადაღლილ ქართველ ჯარისკაცებს თბილისის აეროპორტში სატვირთო მანქანებში სხამდნენ და ასე, ცხვრებივით, მიჰყავდათ თბილისიდან ხუთი-ექვსი საათის სავალ გზაზე − სენაკსა თუ ბათუმში.

საერთოდ, თინა ხიდაშელი, როგორც სამხედრო უწყების ხელმძღვანელი, განუზომლად დიდ დროს უთმობს საჯარო სივრცეს. ფეისბუკით იგი პირადად დიდი პოსტებით პასუხობს ლამის ყოველ თავის კრიტიკოსს, ებმება დისკუსიებში და რეაგირების გარეშე არ ტოვებს არც ერთ მოვლენას. იქმნება შთაბეჭდილება, რომ თავდაცვის მინისტრი მთლიანად ცხოვრობს ამ ვირტუალურ სივრცეში, მაგრამ მერე ჩართავ რომელიმე ქართულ არხს და სრულიად რეალურ დროში და კონკრეტულ ადგილზე, რომელიმე ღონისძიებაზე ხედავ თინა ხიდაშელს, უფრო ხშირად − მასპინძლის როლში.

არ დავმალავ, რაღაც მომენტში ეს ყველაფერი მეც ძალიან გამაღიზიანებლად მეჩვენებოდა, მაგრამ მერე ჩავწვდი ხიდაშელის ამ „მოდუს ოპერანდის“ აზრს. ასეთი ჰიპერაქტიულობა და აგრესიული პიარი თავდაცვის ერთადერთი იარაღი, ერთადერთი „ანტიდოტია“ იმისათვის, რომ ადამიანი გაუმკლავდეს მისკენ გამოტყორცნილ ათასობით შხამიანი ისრის ზემოქმედებას, გაანეიტრალოს უამრავი ცილისწამება და ჭორი და ასეთი სასტიკი პრესინგის პირობებში შეინარჩუნოს სულიერი ძალები და მხნეობა როგორც პოლიტიკოსმა, დედამ და ქალმა, რისთვისაც თინა ხიდაშელს არასოდეს არავისგან უთხოვია შეღავათი.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG