Accessibility links

logo-print
ან ძალიან თავზეხელაღებული უნდა იყო, ანდა ძალიან არ უნდა გიყვარდეს საკუთარი ქვეყნის ჯარისკაცები, რომ მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში - ფაქტობრივად კი, ბრძოლის ველზე - ჩასვლა ქვეყნის პირველმა პირმა ერთი კვირით ადრე დააანონსო, როგორც ეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი „ფეისბუკის“ საშუალებით 25 დეკემბერს გააკეთა. თანაც, ინფორმაცია, რომ იტყვიან, ქრონოლოგიურად ისეა დაწყობილი, რომ თალიბების დაზვერვა უკეთესს ვერც ინატრებდა. საქართველოს პრეზიდენტი „სამხედროებს ახალ წელს პირადად მიულოცავს და ახალი წლის ღამეს სამხედრო ბაზაზე მათთან ერთად გაატარებს“, - ნათქვამია პრეზიდენტის მიერ საკუთარი „ფეისბუკით“ გავრცელებულ ცნობაში, რასაც სოციალურ ქსელში ძირითადად კრიტიკული კომენტარები მოჰყვა. ოპონენტები სავსებით სწორად უწოდებენ პრეზიდენტის საქციელს მხოლოდ საკუთარ პიარზე გათვლილ „წინდაუხედავ და საშიშ“ ნაბიჯს. უფრო პროფესიული შეფასებით კი, მოულოდნელობის ეფექტი დაკარგულია, ISAF-ის სარდლობის მოთხოვნა, რომ ქვეყნის პირველი პირების ჩასვლა მხოლოდ პოსტ ფაქტუმ გახდეს ცნობილი, - უგულებელყოფილი.

სხვათა შორის, საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი 2012 წლის თებერვალში დღემდე კოშმარივით ახსოვთ ქართველ ჯარისკაცებს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის სტუმრობისა და ბაზა „შუკვანზე“ ტელეკამერების წინ გაკეთებული ხმამაღალი განცხადებების მეორე დღეს, 21 თებერვალს, ჰელმანდის პროვინციაში გაბატონებულმა ექსტრემისტებმა ნამდვილი სასაკლაო მოაწყვეს. თავდამსხმელებმა ააფეთქეს საპატრულოდ გასული ქართველი ჯარისკაცების ქვეითთა საბრძოლო მანქანა, რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე: ვალიკო ბერაია, რუსლან მელაძე და პაატა კაჭარავა.

10 თვის წინანდელი ტრაგიკული თავდასხმა შეიძლება, უბრალოდ, დაემთხვა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს, რადგან მაშინ სააკაშვილი გაცილებით უფრო ფრთხილი იყო და მისი ჩასვლა საზოგადოებამ სწორედ პოსტ ფაქტუმ შეიტყო. თუმცა, ბოლო ხანს გახშირებულ "ინსაიდერულ თავდასხმებს" თუ გავიხსენებთ, ის უფრო საფიქრებელია, რომ ავღანელ თალიბებს უსაფრთხოების სამსახურებში ჩანერგილი საკუთარი ინფორმატორების მეშვეობით მრავალ ე.წ. მგრძნობიარე ინფორმაციაზე მიუწვდებოდეთ ხელი. თანაც, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობა ავღანეთში შესამჩნევი გამხდარიყო მტრისთვისაც და მოყვრისთვისაც. საქართველო სამი წელიწადია მონაწილეობს ავღანეთის საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში და ამ სამი წლის განმავლობაში ქართული ქვედანაყოფი ავღანეთში 10-ჯერ, ანუ 1600 კაცამდე, გაიზარდა.

ამ სამი წლის განმავლობაში 18 დაღუპული და ათობით დაინვალიდებული ქართველი ჯარისკაცი საკმაოდ დიდი ციფრია იმისათვის, რათა საქართველოს ხელისუფლება მეტ სიფრთხილეს იჩენდეს. არც პრეზიდენტი, არც თავდაცვის მინისტრი და არც რომელიმე სამხედრო მოხელე თავს უფლებას არ უნდა აძლევდეს, ერთი კვირით ადრე გაავრცელოს დეტალური ინფორმაცია ავღანეთში თავისი ჩასვლის შესახებ, როდესაც ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ უკვე მეორე კვირაა ჰელმანდის პროვინციაში გაუჩინარებულია ქართველი ჯარისკაცი. მანამდე კი, ნოემბრის ბოლოს, ქართულ ქვედანაყოფს სერიოზული შეტაკება მოუხდა თალიბების დიდ რაზმთან, რასაც რამდენიმე ექსტრემისტის განადგურება და შეპყრობა მოჰყვა.

მაგრამ, როგორც ჩანს, ავღანეთიდან მიღებული ეს საგანგაშო ცნობები იკარგება ქართული პოლიტიკური კოჰაბიტაციის თანმდევ კინკლაობაში და მათ სათანადო შეფასება არ ეძლევა. თუმცა, ასეც რომ იყოს, არსებობს უსაფრთხოების ელემენტარული მოთხოვნები, რომელთა თანახმად, პრეზიდენტის კონფლიქტის ზონაში ჩასვლის შესახებ ინფორმაცია ნამდვილად სახელმწიფო საიდუმლოებაა, რამდენადაც მისი გამჟღავნება საფრთხეს უქმნის როგორც ქვეყნის მეთაურის, ისე ქართველი ჯარისკაცების სიცოცხლეს.

რაკი საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია ვახსენეთ, აქვე არ შეიძლება ადამიანს ძალაუნებურად არ გაგახსენდეს ჯაშუშობისათვის მსჯავრდებული სიმონ კილაძის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლის, ისტორია. სახელმწიფო მოხელე 2006 წელს სწორედ იმიტომ დააპატიმრეს და გაასამართლეს, რომ იგი თურმე საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა „ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოს“. სიმონ კილაძის დანაშაული ექვსი წლის წინ ჯაშუშობად და სამშობლოს ღალატად ჩაითვალა. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს კლასიკურ შერჩევით სამართალთან. როგორც ძველი რომაელები იტყოდნენ, რაც „ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს“.

თანაც, ქართველი იუპიტერი განსაკუთრებული ჭირვეულობით გამოირჩევა და თავად არაფრის დიდებით არ აღიარებს, რომ წინდაუხედავი განცხადებით თალიბებს წითელი ნაჭერი აუფრიალა. ამიტომ საზოგადოებამ უნდა დაარწმუნოს საქართველოს პრეზიდენტი, რომ შეცვალოს გადაწყვეტილება და ახალ წელს სადმე სხვაგან, საქართველოში დისლოცირებულ რომელიმე სამხედრო ნაწილში შეხვდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში გამაგრებულ ექსტრემისტებს საკმაო დრო აქვთ იმისათვის, რომ საგულდაგულოდ მოემზადონ და თუკი საქართველოს სახელმწიფოს პირველ პირს ვერაფერს დააკლებენ, მანამდე ან შემდეგ შური ქართველ ჯარისკაცებზე იძიონ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG