Accessibility links

logo-print
ქართული ტრადიციით, როდესაც რომელიმე თანამეინახე სუფრას ნაადრევად ტოვებს, დარჩენილებს ადღეგრძელებს სიტყვებით „ჩემს წასვლას და თქვენს დარჩენას გაუმარჯოს!“

ასეთი სადღეგრძელო ალბათ ყველას გვითქვამს. სინანულით და გულწრფელად, როდესაც ნამდვილ ლხინის სუფრას ვტოვებთ; და სიხარულითა და პირფერობით, როდესაც კაცს ერთი სული გაქვს, გაიქცე და დაისვენო ღრეობაში გადასული სუფრისგან. ასეთი სუფრა თვით თამადამაც კი შეიძლება ნაადრევად დატოვოს და ამაში დასაძრახიც არაფერია.

მაგრამ საქართველოს პოლიტიკური ავანსცენა დღეს ჰგავს არა ტრადიციულ ქართულ სუფრას, არამედ ალაფურშეტს, სადაც ერთი და იგივე ადამიანი რამდენიმეჯერ დაგემშვიდობება და მერე ისევ მოგესალმება, სადაც წასვლა-დარჩენისა და დაშლა-არმოშლის სადღეგრძელოს არავინ სვამს, რადგან ამის აუცილებლობა არ არსებობს.

„ბიძინა ივანიშვილმა მოსვლით ხომ საქმე გააკეთა და წასვლითაც საქმეს აკეთებს. მე ბევრ რამეს ვსწავლობ მისგან. გადავწყვიტე, მეც წავიდე, სანამ ის წავა. გადაწყვეტილი მაქვს, აღარ ვიყარო კენჭი რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის პოსტზე“, - განაცხადა 3 ნოემბერს დავით უსუფაშვილმა საქართველოს ერთ-ერთი უძველესი პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას.

სხვა შემთხვევაში ეს მლიქვნელურ განცხადებად შეიძლებოდა აღგვექვა. მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომ დავით უსუფაშვილი რჩება პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე და ვინც უნდა აირჩიონ პარტიის თავმჯდომარედ რესპუბლიკელებმა, უსუფაშვილზე გავლენიანი ფიგურა მათ ფორმალურად არავინ ეყოლებათ. მაგრამ საქართველოში გაცხოველებული წასვლა-მოსვლის ფონზე, რასაც სათავე ივანიშვილმა დაუდო, უსუფაშვილი სრულიად გულწრფელად გამოიყურება.

პოლიტიკური ალაფურშეტის ახალშექმნილი ტრადიციით, პოლიტიკიდან თან მიდის და თან კულუარებში რჩება ბიძინა ივანიშვილი, რომელიც, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, მართალია, ტოვებს, მაგრამ, როგორც თავად აცხადებს, კი არ მიდის, არამედ მოდის. უფრო ზუსტად, უკვე მოვიდა თავისი მემკვიდრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახით, რომელიც ამ თანამდებობაზე წარდგენის დღეს თანამემამულეებს დაჰპირდა, რომ გააგრძელებს „ბიძინა ივანიშვილის მიერ არჩეულ კურსს“.

17 ნოემბრის შემდეგ მიდის, მაგრამ სარბიელზე ასევე რჩება პოლიტიკური ალაფურშეტის გამორჩეული წევრი მიხეილ სააკაშვილი. იგი მიდის, როგორც ვადაამოწურული პრეზიდენტი, მაგრამ რჩება, როგორც მთავარი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ლიდერი; ამასთანავე, ისიც გვპირდება, რომ დაბრუნდება.

წარმოიდგინეთ, თვით „ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილიც კი არსად წასულა. საპრეზიდენტო არჩევნებამდე მიცემული პატიოსანი სიტყვის შესასრულებლად, სამპროცენტიანი ბარიერის ვერგადამლახველმა დავითაშვილმა, მართალია, დატოვა პარტიის რიგები, მაგრამ პარლამენტში ის მაინც რჩება. როგორც თვითონ აგვიხსნა, მისთვის ეს ერთადერთი საშუალებაა, მრავალშვილიანი ოჯახი არჩინოს.

მოკლედ, მასკარადია თუ ალაფურშეტი, ვერ გამიგია.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG