Accessibility links

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისა და უმცირესობის წევრთა მწვავე კამათმა და ურთიერთბრალდებებმა, რომელიც სამშაბათს, საკანონმდებლო ორგანოში გაიმართა, ცხადი გახადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გაპრემიერმინისტრებით ახალი ძალით გაგრძელდება ნაციონალური მოძრაობის საბოლოო განადგურების მცდელობა. მოვლენათა ასეთი სცენარით განვითარებას კი საქართველოში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს თუნდაც მათი სახით, ვინც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს უსამართლობის მსხვერპლი გახდა.

შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობის საბოლოო „მიჯირყვნით“ საზოგადოების ნაწილის თვალში, ალბათ, კიდევ უფრო მეტ პოპულარობას შეიძენს ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც სულ მალე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდება და ახალი კონსტიტუციით, სახელმწიფოს პირველ პირზე, ანუ პრეზიდენტზე მეტი უფლებითაც ისარგებლებს.

ამბიციურსა და ძალაუფლების ზენიტში მყოფ ღარიბაშვილს, ალბათ, ბევრი წააქეზებს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეზე საბოლოო, გამანადგურებელი გამარჯვებისაკენ. მაგრამ კეთილისმყოფელმა, წესით, უნდა გააფრთხილოს პრემიერი, რომ ეს მხოლოდ პიროსის გამარჯვება იქნებოდა, რომელიც, საბოლოო ანგარიშით, მძიმე დარტყმას მიაყენებდა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს.

რთულ საერთაშორისო გარემოში მყოფი და კვლავაც ბეწვის ხიდზე მდგარი საქართველოსათვის პოლიტიკური სარბიელიდან ყოფილი მმართველი ძალის გაქრობა აუცილებლად გამოიწვევს ევროკავშირისგან საქართველოს თანდათანობით გარიყვას. ეს საფრთხე კი, როგორც ამას უამრავი საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ ევროპელი პოლიტიკოსის დასკვნები ცხადყოფს, სავსებით რეალურია და მასზე სერიოზულად უნდა დაფიქრდეს საქართველოს ახალი მთავრობა და მისი მომავალი თავმჯდომარე ღარიბაშვილი, რომელმაც, როგორც 19 ნოემბრის საპარლამენტო დებატებმაც ცხადყო, საკუთარ თავში ვერ დაძლია რევანშიზმის გრძნობა ყოფილი მმართველი ძალის მიმართ.

ყველამ იცის, რომ მომავალი პრემიერ-მინისტრი, როგორც თავად აღნიშნა საპარლამენტო დებატებისას, იმ ასიათასობით ადამიანს შორისაა, რომელთა ოჯახის წევრები სააკაშვილის რეჟიმის დროს დაზარალდნენ (ვგულისხმობ მისი სიმამრის, გენერალ თამაზ თამაზაშვილის შეთითხნილი მიზეზით დაპატიმრებას).

მეტიც, როგორც გაირკვა, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ღარიბაშვილი „ნეოფაშისტურ წარმონაქმნად“ მიიჩნევს, რაც ყოფილი მმართველი პარტიისათვის თვით ბიძინა ივანიშვილსაც კი არ უწოდებია. „თქვენი რეჟიმი, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იყო რაღაც ნეოფაშისტური წარმონაქმნი“, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გივი თარგამაძეს 19 ნოემბერს პარლამენტის უმცირესობასთან შეხვედრისას.

„ნეოფაშისტური რეჟიმის“ (თუნდაც ყოფილის) წარმომადგენელთა განადგურების საბაბით, კი ნებისმიერი საშუალების გამართლება შეიძლება. მით უმეტეს, როცა სამხილების მოსაპოვებლად შორს წასვლა სულაც არ არის საჭირო. შინაგან საქმეთა აწ უკვე ყოფილ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, უდავოდ საკუთარი თვალით ექნება ნანახი ის ათასობით საიდუმლო საქმე, წინა ხელისუფლების დაკვეთით, უკანონო თვალთვალის გზით რომ შეიქმნა და ახლა სწორედ იმ წინა ხელისუფლების წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენონ გამომძიებლებმა.

შესაბამისი დავალების ზედმიწევნით შესრულება კი, წესით, არ უნდა გაუჭირდეს შინაგან საქმეთა მომავალ მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს, რომელიც ბრძანებების უსიტყვო შემსრულებელი კაცი ჩანს და, თანაც, აშკარად უნდა აწუხებდეს „კოგნიტიური დისონანსი“. მას შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობის წევრებმა აღმოაჩინეს, რომ 2011 წლის 26 მაისს შინაგან საქმეთა მომავალი მინისტრიც მონაწილეობდა „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებული მიტინგის დარბევაში, მათ დაასკვნეს, რომ ახლა ჭიკაიძე მოისურვებს, ნაციონალური მოძრაობის წევრთა სამაგალითო დასჯით გაემიჯნოს არასახარბიელო წარსულს და ერთგულება დაუმტკიცოს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც 19 ნოემბერს ნაციონალური მოძრაობის დეპუტაციამ ლამის განკითხვის დღე მოუწყო.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ვალში არც ღარიბაშვილი დარჩენილა. არცთუ სასიამოვნო საყურებელი საათნახევრიანი კინკლაობისა და დავიდარაბის ბოლოს, ის ნახევრად ხუმრობით დაემუქრა პოლიტიკურ ოპონენტებს, რომ მალე მათ „ძალიან მძიმე შეკითხვებზე“ მოუხდებათ პასუხის გაცემა.

არა, ზოგადად რა სჯობია თუ პოლიტიკოსები პარლამენტში იჩხუბებენ, „ორთქლს“ გამოუშვებენ და დაიცლებიან უარყოფითი ემოციებისაგან. მაგრამ რაკი საქართველოში ჯერ კიდევ არ არის, როგორც ბიძინა ივანიშვილი იტყოდა, „შესატყვისი პოლიტიკური კულტურა“, 19 ნოემბრის დისკუსიას აუცილებლად ექნება გაგრძელება წინა ხელისუფლების წევრთა სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესის ახალი ძალით დაწყების სახით.

და რადგან საქართველოში დღეს ბევრია ისეთი, ვინც ნაციონალური მოძრაობის, როგორც „დანაშაულებრივი ორგანიზაციის“, გაუქმებასა და სააკაშვილის რეჟიმის გასამართლებას მოითხოვს, ღარიბაშვილს სერიოზული მუშაობა მოუწევს საკუთარ თავსა და მხარდამჭერებთან, რათა არ აჰყვეს რევანშისტების ფეხის ხმას და ისედაც საკმაოდ დასუსტებულსა და ერთიანობაშერყეულ ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან შემდგომ ქიშპს საქართველოს ევროპული კურსიც არ გადააყოლოს. რადგან, მოგვწონს ეს თუ არა, საქართველოში დემოკრატიის სიმწიფეზე ევროპაში იმსჯელებენ არა იმით, თუ მოსახლეობის რა ნაწილი ემხრობა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის სრულ ინტეგრაციას, არამედ იმით, თუ ყოფილი ხელისუფლების რამდენი წევრი აღმოჩნდება ციხეში კოჰაბიტაციის დასრულების შემდეგ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG