Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფელგენგაუერს მიეცა ჩემი ცოდვა!


ჩიკაგოს „მაკკორმიკ პლეისში“ მდებარე თვალუწვდენელ საერთაშორისო პრესცენტრში ვზივარ და ამერიკულ გაზეთებს ვათვალიერებ. ილინოისის დროით (აშშ-ის სხვადასხვა შტატში საათი სხვადასხვა დროს უჩვენებს) დილის 9 საათია. უზარმაზარი ჰოლი ნელ-ნელა ივსება ჟურნალისტებით. 20-21 მაისს, ნატოს ჩიკაგოს სამიტის მუშაობის დღეებში, ღონისძიების ორგანიზატორები 2500-მდე ჟურნალისტს ელოდებიან.

ნატოს სამიტი არ იქნება გაფართოების სამიტი, მაგრამ ალიანსის წევრი სახელმწიფოების უმაღლესი დონის შეხვედრას არც ინტრიგა აკლია და არც ფართო საზოგადოების ყურადღება.

მთავარი ინტრიგა სამიტში საფრანგეთის ახალი პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის მონაწილეობა და ჩიკაგოში რუსეთის ახალი/ძველი პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ჩამოუსვლელობაა. სამიტზე ცალკე საკითხი იქნება პაკისტანთან თანამშრომლობა. პაკისტანის პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი ჩიკაგოში ჩამოვა, თუმცა, აშშ-სა და ნატოს ჯერჯერობით აშკარად უჭირთ დაიყოლიონ პაკისტანი, გახსნას ავღანეთთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო არტერია, რომლითაც დადგენილ ვადებში უნდა მოხერხდეს ავღანეთიდან საბრძოლო ტექნიკისა თუ სხვა სახის ტვირთების გატანა.

როგორც 19 მაისის „ჩიკაგო ტრიბიუნი“ იუწყება, პაკისტანმა თითოეული კონტეინერის გატარებაში ხუთი ათასი დოლარი მოითხოვა, რაც პენტაგონისათვის მიუღებელია. ცნობისათვის: გასული წლის ნოემბრამდე, ვიდრე აშშ-ის ავიაციის მიერ პაკისტანელი ჯარისკაცების დახოცვის გამო ისლამაბადი საქარავნე გზას დაკეტავდა, ნატო თითოეული კონტეინერის ტრანსპორტირებაში სულ 250 დოლარს იხდიდა.

განვაგრძობ ამერიკული მედიის თვალიერებას, მაგრამ საქართველოს ხსენებას ვერსად ვპოულობ. საქართველოს პრობლემა ჩიკაგოს სამიტის დღის წესრიგისათვის უმნიშვნელოა. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩიკაგოში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც მოულოდნელი და ექსტრავაგანტული შეთავაზებით ყოველთვის შეეძლო ყურადღების მიპყრობა. „მე ყველაზე მეტად სააკაშვილის პრესკონფერენცია მაინტერესებს“, - მეუბნება ცნობილი რუსი სამხედრო ჟურნალისტი პაველ ფელგენგაუერი, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომი ორი თვით ადრე იწინასწარმეტყველა. რუსი ჟურნალისტი, რომელიც ნატოს სამიტის პრესცენტრში ჩემს უკანა რიგში ზის, დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი ამჯერადაც იტყვის რამეს რუსეთიდან მომავალ სამხედრო საფრთხეზე და რუსეთსა და საქართველოს შორის შესაძლო სამხედრო დაპირისპირებაზე, რისი ალბათობაც, ჩემი თანამოსაუბრის თქმით, ირანის წინააღმდეგ დასავლეთის საომარი სამზადისის პირობებში, კვლავინდებურად მაღალია. „მოდი რა, აღარ გვინდა ომზე საუბარი“, - ხუმრობით ვეუბნები პაველს, რომელსაც რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის შემდგომ, 2008 წლის სექტემბერში ცხინვალის მიმდებარე დაბომბილი ქართული სოფლები დავათვალიერებინე და რომელთანაც მანამდეც და მერეც, არაერთხელ მისაუბრია კავკასიაში ომისა და მშვიდობის საკითხებზე.

ფელგენგაუერს მიეცა ჩემი ცოდვა!

თვითონ პრესცენტრის შუაგულში მდებარე კაფეში მშვიდად გაემართა ყავის დასალევად. მე კი ვრჩები მისი პირქუში პროგნოზით გულდამძიმებული და ვფიქრობ, რა შეიძლება თქვას მიხეილ სააკაშვილმა ჩიკაგოში საინტერესო, სამშვიდობო და ახალი, რასაც დასავლეთის ქვეყნების ლიდერებიც ყურადღებით მოისმენენ და საქართველოს გრძელვადიან ინტერსებსაც წაადგება. ისიც მესმის, რომ ეს არ არის იოლი ამოცანა - საქმიანი, მოსაწყენი პრესკონფერენციის გამართვა საქართველოს პრეზიდენტის ბობოქარ სტილში ვერ ჯდება.

არადა, ნატოს ჩიკაგოს სამიტზე, სივრცე თითქოს შეზღუდულია.

ავღანეთში ქართული კონტინგენტის კიდევ გაზრდაზე აპელირებას აზრი აღარ აქვს. ჯერ ერთი, ამას სააკაშვილი ერთხელ უკვე დაჰპირდა ნატოსა და კოალიციის წევრებს. თანაც, რადგან 2012 წლის შემოდგომიდან აშშ-ის თაოსნობით, ავღანეთიდან ყველა ქვეყანა იწყებს სამხედრო ქვედანაყოფების გაყვანას, ასეთი დაპირება უკუდო ამპარტავნობა იქნებოდა.

ცხადია, საქართველოს შეუძლია, სრულიად უსასყიდლოდ შესთავაზოს ნატოს საკუთარი სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სივრცე ავღანეთიდან ტვირთების ტრანსპორტირებისათვის, მაგრამ პაკისტანთან და რუსეთთან შედარებით, საქართველო ნაკლებად მომხიბვლელია და, ამდენად, სააკაშვილის ასეთ განცხადებას დიდი რეზონანსი არ მოჰყვებოდა.

ყველაზე უკეთესი იქნებოდა, ნატოს ტრიბუნიდან მტკიცე პირობა, რომ საქართველო ჩაატარებს თავისუფალსა და სამართლიან არჩევნებს, წინასაარჩევნო პერიოდში ყველა პარტიისათვის უზრუნველყოფს თანაბარ პირობებს, გაათავისუფლებს სატელევიზო მედიას, საშუალებას მისცემს ბიზნესს, დააფინანსოს ის, ვინც სურს, უარს იტყვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე მმართველი პარტიის სასარგებლოდ და ამას გააფორმებს შესაბამისი ბრძანებით, რომელსაც სწორედ ჩიკაგოდან უკარნახებს თავის ადმინისტრაციას, მინისტრებსა და რეგიონებში რწმუნებულებს, რომლებიც, ბევრის აზრით, „შავი პიარის“ მთავარი დამკვეთები და განმახორციელებლები არიან.

მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც გრძელვადიანი მიზნები აქვს ხელისუფლების შესანარჩუნებლად და ე.წ. „პრორუსული ოპოზიციური ძალებისა და ბოროტი მუმიების ბოლომდე გასანადგურებლად“, ამას არ გააკეთებს.

ამ ფიქრებში რომ ვარ, „სკაიპში“ ერთი კოლეგის ზარი შემოვიდა. მეკითხება, რაიმე ხომ არ შემიძლია დავწერო მისი საიტისთვის სამხედრო ჯავშანმანქანა „ლაზიკაზე“, რომელიც სამხედრო-საწარმოო ბაზა „დელტის“ კონსტრუქტორებმა შექმნეს საქართველოში.

„ლაზიკა“! - უცებ აღმომხდა მეც. აი, რა შეიძლება საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს შესთავაზოს!

დიახ, მიხეილ სააკაშვილს აქვს შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო საზოგადოება კვლავ გააკვირვოს მოულოდნელი გულუხვი შეთავაზებით. საქმე ეხება არა ჯავშანმანქანა „ლაზიკას“, არამედ მომავლის ქალაქ ლაზიკას.

ცხადია, არ ვგულისხმობ „ლაზიკის“ არქიტექტურული პროექტის სიდიადეზე საუბარს. ჩიკაგოში, სადაც მხოლოდ ცათამბჯენი სასტუმრო „ჰაიატის“ ქსელი დაიტევს საქართველოს მთელ დეველოპერულ პოტენციალს, - მომავლის ქალაქზე საუბარი სასაცილოა. მიხეილ სააკაშვილმა უნდა განაცხადოს, რომ თავის უმთავრეს დეველოპერულ პროექტს ავღანეთის მომავალს სწირავს მსხვერპლად და მზად არის, ქალაქ ლაზიკის მშენებლობისათვის გათვალისწინებული ბიუჯეტი ავღანეთის უსაფრთხოების ფონდში მიმართოს.

ნატოს წევრების სახტად დატოვება და ლაზიკაზე მოქირქილე ოპონენტების გაწბილება მერე იკითხეთ თქვენ!

ეჰ, მართლა რა დღეში ჩამაგდო ფელგენგაუერმა ამ შუაგულ ჩიკაგოში!
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG