Accessibility links

logo-print

3 ივლისიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა მასპინძლობს პირველი მსოფლიო ომის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას - "კავკასიის ფრონტი ნინო ჯორჯაძის ფოტოობიექტივში". გაიმართება ასევე პრეზენტაცია წიგნი-ალბომისა "ქართველი ქალის თვალით დანახული პირველი მსოფლიო ომი", რომელშიც წარმოდგენილია ნინო ჯორჯაძის მიერ 1914-1917 წლებში გადაღებული ფოტოსურათები და ფრაგმენტები დღიურიდან, რომელიც რუსულიდან მწერალმა აკა მორჩილაძემ თარგმნა.

1914 წლის 28 ივლისს ავსტრია-უნგრეთმა ომი გამოუცხადა სერბეთს და დაიწყო პირველი მსოფლიო ომი, რომელშიც ერთი კვირის განმავლობაში ჩაებნენ გერმანია, რუსეთი, საფრანგეთი, ინგლისი და სხვა სახელმწიფოები. ომის დაწყებიდან სამი თვის თავზე, 1914 წლის 5 ნოემბერს, 30 წლის ნინო ჯარჯაძემ, რომელმაც თბილისში, მიხეილის საავადმყოფოში, გაიარა მოწყალების დის კურსები და წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი გახდა, თავის დღიურში ჩაწერა:

„ვაპირებ ომის თეატრზედ გამგზავრებას. დღეს გრაფინიამ... წითელი ჯვრის რაზმთან ერთად სარიყამიშში გამგზავრება შემომთავაზა. (თუმც) ეს შემოთავაზება სრულიად მოულოდნელი გახლდათ, მაინც დავთანხმდი. ჩაბარგება ორ საათში მომიხდა. რაზმი სასწრაფოდ გადიოდა. სწრაფად ჩავლაგდით და, როგორც იქნა, სადგურში ვართ. მივემგზავრებით ექვსი ექიმი და ექვსი მოწყალების დაი“.

თამარ ლორთქიფანიძე

თამარ ლორთქიფანიძე

და სწორედ ამ ექვსიდან ერთ-ერთმა მოწყალების დამ შექმნა პირველი მსოფლიო ომის ამსახველი მრავალფეროვანი და თემატურად მდიდარი მატიანე. გამოფენისა და ალბომის ავტორის, თამარ ლორთქიფანიძის თქმით, მთელი სამი წლის განმავლობაში ნინო ჯორჯაძეს თან დაჰქონდა ძმის, ასევე ფოტოგრაფიით გატაცებული ოფიცრის, გიორგი ჯორჯაძის ნაჩუქარი „კოდაკი“ და ფოტოფირზე გადაჰქონდა კაცობრიობის ისტორიის მნიშნელოვანი მომენტები:

„მთელი კავკასიის ფრონტი მოიარა. თუ რაიმეს ჰხედავდა, ყველაფერი შეჰქონდა დღიურში ან უღებდა ფოტოს. ასე შექმნა მდიდარი ფოტომატიანე. ფაქტიურად გამოდის, რომ ის არის პირველი ფოტოგრაფი ქალი. თან, ყველა ფოტოს აქვს მისივე ხელით მიწერილი ტექსტი. ერთგვარ კომენტარს ურთავდა ფოტოს, აი, მაგალითად: „На разведку“ - ასეთი მინაწერი აქვს 1914 წელს გადაღებულ ფოტოს“.

„დაზვერვაზე“ - ამ ფოტოზე ცაში აჭრილი აეროპლანია გამოსახული. სხვა ფოტოზე აღბეჭდილია თავშიშველი სამხედროები, მღვდელი წესის აგების პროცეში და თეთრ სუდარაში გახვეული მიცვალებული დიდი ხის ჯვრის ფონზე. ფოტოზე რუსულად გაკეთებული წარწერა იუწყება, რომ ასაფლავებენ სანიტარ ორლოვს. გამოფენაზე ექსპონატები თემატურადაა დალაგებული: გვხვდება ფოტოების რამდენიმე ციკლი, მათ შორის, „დევნილები“, „ცხედრები“... ერთ ფოტოზე ნახევრად შიშველ ცხედარს ზედ გულზე ამჩნევია ნატყვიარი. წარწერა ფოტოზე: „გულში მოხვედრილი ტყვია“. ფრაგმენტი ნინო ჯორჯაძის დღიურიდან:

„24 დეკემბერი. დღე სავსეა შთაბეჭდილებებით. რაც უფრო ახლო ვართ სარიყამიშთან, მით უფრო მეტი კაცისა და ცხენის გვამი გვხვდება გზაზე. ყოველ ვერსზე მცველ-გუშაგები დგანან... პირად წევს ლამაზი კაცი, ალბათ სირიელი. მის ნაცრისფერ თვალებში ჩარჩენილია რაღაც გამოუთქმელობა, ეტყობა ეს ყოველი მას საშინელ სიზმრად ეჩვენებოდა. ზედა ტუჩი აწეული აქვს. ალბათ ისე, როგორც იმ წამს, როდესაც ტყვია მისწვდა და ასევე დარჩა. მოუჩანს მწკრივი დიდი კბილებისა“.

ფოტოსურათებთან ერთად, პირველად გამოიფინა ნინო ჯორჯაძის წერილები, დოკუმენტები, სიგელები, დღიურები და პირადი ნივთები. ასევე, ფოტოსურათები საოჯახო არქივიდან, რომელიც რესტავრირებულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფოტო-ქაღალდის სარესტავრაციო ლაბორატორიის მიერ. თუმცა, როგორც გამოფენის კურატორი ლიკა მამაცაშვილი ამბობს, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ფრონტის წინა ხაზზე გადაღებული ფოტოებია.

„ეს ფოტოები გადაღებულია ისეთი პროფესიონალიზმით, რომ ძალიან ბევრს შეშურდება, მით უმეტეს იმათ, ვინც ომის თემატიკაზე იღებს. საერთო ომის თემატიკის მიმართულებით ძალიან დიდი მატიანე არ დაუტოვებია ქართულ ფოტოგრაფიას. იგივე ერმაკოვი, ბარკანოვი და ნიკიტინი იყვნენ დაქირავებულები. მათ იმპერატორი ქირაობდა, რომ გადაეღოთ კავკასიის ფრონტი, მაგრამ ისინი ამ ბრძოლების შუაგულში, ფრონტის ხაზზე არ იყვნენ. მიდიოდნენ, რათა გადაეღოთ და, ცხადია, ეს გადაღება სროლისა და ბრძოლების დროს არ ხდებოდა. ეს კეთდებოდა გაჩერებულ, სტატიკურ სიტუაციაში და, ასე ვთქვათ, იხატებოდა ფოტო, თუ რა სიტუაცია იყო. რა თქმა უნდა, მათი ამგვარი მატიანეც საინტერესოა, მაგრამ ნინო ჯორჯაძემ, მათგან განსხვავებით, გააკეთა ცოცხალი ფოტოგრაფია. დაიჭრა მხედარი და იქვე გადაიღო“, უთხრა რადიო თავისუფლებას ლიკა მამაცაშვილმა, რომლის თქმითაც, ნინო ჯორჯაძე არ იყო პროფესიონალი ფოტოგრაფი, არანაირი ტექნიკური განათლება მას არ მიუღია.1902 წელს თბილისში დაამთავრა იმპერატორ ნიკოლოზ პირველის ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი. სწავლობდა ჯერ ვენის კონსერვატორიაში, შემდეგ კი პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში ფორტეპიანოს განხრით. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური ტექნიკური განათლება არ მიუღია და ფოტოგრაფია ძმისგან შეისწავლა, ნინო ჯორჯაძემ შეძლო სიცარიელის შევსება საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან მონაკვეთში. ისტორიკოს დიმიტრი სილაქაძის თქმით, გარდა იმისა, რომ პირველმა მსოფლიო ომმა დიდი გავლენა იქონია საქართველოს ბედზე, მასში მონაწილეობა მიიღო ათობით ათასმა ქართველმა, რომლებიც იბრძოდნენ კავკასიის, აღმოსავლეთის, მესოპოტამიისა და დასავლეთის ფრონტებზე:

„გარკვეულ წყაროებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მონაწილეთა რიცხვი მერყეობს 200 ათას კაცის ფარგლებში. ამ 200 ათასში შედიან როგორც გენერლები და ოფიცრები, ასევე რიგითი ჯარისკაცები. პირველ მსოფლიო ომში გენერლების რაოდენობა რამდენიმე ათეულს აღწევდა, მათ შორის იყო გენერალ-ლეიტენანტი ილია ოდიშელიძე, რომელიც სხვადასხვა პერიოდში არმიასაც მეთაურობდა. დანარჩენი ქართველი გენერლები შედარებით მცირე შენაერთებს ხელმძღვანელობდნენ, იქნებოდა ეს პოლკი, ბრიგადა თუ დივიზია, ხოლო რაც შეეხება იმას, თუ სად წავიდნენ ეს ოფიცრები, ჯარისკაცები და გენერლები ომის შემდეგ, მათი დიდი ნაწილი ჩადგა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და მისი არმიის სამსახურში და მთელი სამი წლის მანძილზე იბრძოდნენ დამოუკიდებლობის დასაცავად“.

ნინო ჯორჯაძის ფოტომემკვიდრეობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ისტორიულობის გამო. ფოტოგრაფი ლელი ბლაგონრავოვა მიიჩნევს, რომ საქმე გვაქვს გამორჩეული ნიჭის მქონე ფოტოგრაფის ნამუშევრებთან. „იურტის დადგმა“ - ასეა დასათაურებული ავტორის მიერ 1914 წელს გადაღებული ფოტო, რომლის შესახებაც ლელი ბლაგონრავოვა გვესაუბრება:

„ძალიან აღფრთოვანებული ვარ კომპოზიციით, კადრის გადანაწილებით: შუა პლანით, წინა პლანით... ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს განათლებული, პროფესიონალი ფოტოგრაფის ნამუშევარია. აი, თუნდაც ეს ფოტო, თუ ვერ გრძნობ, რომ წინა პლანზე უნდა იყოს დიდი სივრცე და უკან კიდევ შესაბამისი, შემთხვევით ვერ გადაიღებ. ბევრი პროფესიონალი ასე კარგად ვერ გრძნობს სივრცეს. სივრცის გადაღებას ბევრი თავისი ნიუანსი აქვს და ამას ან ხვდები, ან - ვერა. ავიღოთ ნებისმიერი სხვა ფოტო. შეეძლო გადაეღო, როგორ ესალმება ეს ერთი ადამიანი მეორეს, დანარჩენები კი მოეჭრა, მაგრამ აქ, ნახეთ, გარემო გვაქვს, რომელიც იძლევა სულისკვეთებას, გარემოს აღქმის უკეთეს ვარიანტს, ვიდრე მოგვცემდა, მაგალითად, საბჭოთა პერიოდში მიღებული უფრო მსხვილი პლანი, მაგრამ აქ ვხედავ, რომ ეს „ჭუჭყი“, ანუ ვითომ ზედმეტი და, ერთი შეხვედით, არასაჭირო ინფორმაცია არის ზუსტად ის, რაც გვჭირდება იმისათვის, რომ მეტი გავიგოთ როგორც ფოტოზე, ასევე ამბავზე“.

ნინო ჯორჯაძე, გარდა იმისა, რომ იყო კარგი ფოტოგრაფი, ასევე იყო სანიმუშო მოწყალების და, რომელიც 1915 წელს გამოჩენილი მამაცობისათვის დაჯილდოვდა მე-4 ხარისხის წმინდა გიორგის მედლით. აი, რას წერს თავად ნინო ჯორჯაძე მოწყალების დებისა და მათი საქმიანობის შესახებ პირველ მსოფლიო ომში:

„დების შესახებ ამდენს დაობენ და ლაპარაკობენ - აქვს თუ არა სარგებელი მათ ყოფნას ომში? შევეცდები მიუკერძოებელი ვიყო და გადმოვცე მათი საერთო განწყობა, რითაც უმრავლესობა ხელმძღვანელობდა, როცა მოწყალების დად წასვლა გადაწყვიტა. მთლად წინა პოზიციებზე დების გაგზავნა უსარგებლოა, მათ საქმეს იქ წარმატებით ახორციელებენ სანიტრები. მაგალითად, მხარზე დაჭრილის შემოგდება დას უჭირს, ზოგჯერ კი ეს ფიზიკურადაც წარმოუდგენელია, მაგრამ უკვე პირველი დახმარების პუნქტზე დების ყოფნა საკმაოდ სასურველი, ჰოსპიტლებში კი აუცილებელიც კია. იმ დების უმრავლესობა, რომელთაც მე შევხვედრივარ, მოხალისენი იყვნენ. ძალიან კეთილსინდისიერად მუშაობდნენ. მათი შრომის სარგებლობას ვერ უარვყოფ. ცოდვაა მათი მხოლოდ ომის სამკაულად წარმოჩენა!“

ნინო ჯორჯაძეს ეს ჩანაწერი გაკეთებული აქვს 1914 წლის იანვრის პირველ რიცხვებში. 15 იანვარს წერს, რომ ფრონტზე მძვინვარებს ტიფი და რომ ჰოსპიტლები ტიფიანებს არ იღებენ, 20 იანვრის გასწვრივ კი ვკითხულობთ: „ჯანზე ვერა ვარ. სიცხე მიწევს. ტიფი არ მქონდეს. დღეს მორიგე ვარ“. 30 იანვრის ჩანაწერი: „ტიფი და თანაც პარტახტიანი!“

თუმცა, ნინო ჯორჯაძე გადაურჩა ტიფსაც, მტრის ბრმა ტყვიასაც და ბოლშევიკების რეპრესიებსაც, რომელიც განსაკუთრებულად დაუნდობელი იყო სამხედრო არისტოკრატიის წარმომადგენლების მიმართ. გამოფენის ორგანიზატორისა და ალბომის ავტორის თამარ ლორთქიფანიძის თქმით, 1884 წელს დაბადებულმა ნინო ჯორჯაძემ 1968 წლამდე იცოცხლა.

„ძალიან მძიმე ცხოვრება ჰქონდა. გასაბჭოების შემდეგ ყოველნაირად ავიწროებდნენ. თავს ირჩენდა ფრანგულის გაკვეთილებით. მერე თბილისიდან საცხოვრებლად გადავიდა სოფელ საბუეში, მაგრამ იქაც ძალიან შევიწროებული იყო“, უთხრა თამარ ლორთქიფანიძემ რადიო თავისუფლებას.

ნინო ჯარჯაძე დაკრძალულია ჯორჯაძეების საგვარეულო სასაფლაოზე მშობლიურ საბუეში, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მისი მდიდარი მემკვიდრეობა - მნიშვნელოვანი როგორც ისტორიული, ასევე კულტურული თვალსაზრისით - ინახება ალექსანდრე ბაგრატიონის ოჯახში. გამოფენაზე წარმოდგენილი წიგნი-ალბომი „ქართველი ქალის თვალით დანახული პირველი მსოფლიო ომი“ გამოიცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) მხარდაჭერით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG