Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილმა მსჯავრდებულმა ზუგდიდში ბიზნესსაქმიანობა დაიწყო


ყოფილმა მსჯავრდებულმა, აკაკი კოროშინაძემ, ზუგდიდის სოფელ ორულუში ბიზნესსაქმიანობა დაიწყო. მან ჰოლანდიური ჯიშის კარტოფილი, „მარფონა“, 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე დათესა.

ახალბედა მეწარმე პირველ მოსავალს, 30-45 ტონამდე კარტოფილს, ზაფხულში ელოდება. აკაკი კოროშინაძეს სოფლის მეურნეობის სამუშაოებზე მუდმივად ორი, სეზონურად კი 15-მდე პირი ჰყავს დასაქმებული. მისი ბიზნესიდეა, „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ დააფინანსა. აკაკი კოროშინაძემ ცენტრისგან კარტოფილის სათესლე მასალის შესაძენი თანხა - 4 800 ლარი - მიიღო.

აკაკი კოროშინაძე
აკაკი კოროშინაძე

„გადავწყვიტე ბედი მეცადა სოფლის მეურნეობაში და მომეყვანა კარტოფილი. არის ჰოლანდიური ჯიშის და მისი დასახელებაა „მარფონა“. არის უხვმოსავლიანი და გამოირჩევა კარგი გემოვნური თვისებებით. მსურს ამ სფეროში წარმატებებს მივაღწიო. პირველ რიგში ბაზარი მოვიკვლიე, თუ სად უნდა გამეყიდა. მოლაპარაკებები მაქვს ისეთ კომპანიასთან, რომელიც ამარაგებს სასჯელაღსრულების სისტემას. მას თვეში, დაახლოებით, 120 ტონა კარტოფილი სჭირდება და ჩემი 30 ტონა კარტოფილის აღება არ გაუჭირდება“.

სამეგრელოში დავაფინანსეთ ექვსი ყოფილი პატიმარი. მთლიანად, საქართველოს მასშტაბით, 2013 წლიდან დღემდე 43 ყოფილი პატიმრის 42 ბიზნესიდეაა დაფინანსებული...
ირაკლი ხელაძე

ყოფილი მსჯავრდებულის ახლად წამოწყებული მეურნეობა სოფელ ორულუში „დანაშაულის პრევენციის ცენტრის” დირექტორმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა. მისი თქმით, პროგრამის მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოებაში სრულუფლებიან წევრებად:

„სამეგრელოში დავაფინანსეთ ექვსი ყოფილი პატიმარი. მთლიანად, საქართველოს მასშტაბით, 2013 წლიდან დღემდე 43 ყოფილი პატიმრის 42 ბიზნესიდეაა დაფინანსებული. კიდევ გრძელდება ეს პროცესი, ახალი საგრანტო კონკურსია გამოცხადებული შესაბამისი ოდენობებით. დასავლეთ საქართველოში 49 ათასი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 100 ათასი ლარია გამოყოფილი“.

„დანაშაულის პრევენციის ცენტრში“ აცხადებენ, რომ პროგრამა 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით შეიქმნა. პროგრამაში სამი მიმართულებაა: სოფლის მეურნეობა, წარმოება და მომსახურება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG