Accessibility links

logo-print

ლიბანის ყოფილი პრემიერის მკვლელობის საქმე


გაეროს სასამართლო შეუდგა ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მკვლელობაში ბრალდებული ოთხი პირის დაუსწრებლად გასამართლებას.

გაეროს სასამართლო შეუდგა ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მკვლელობაში ბრალდებული ოთხი პირის დაუსწრებლად გასამართლებას.

ნიდერლანდში, ჰააგასთან მდებარე გაეროს სასამართლო შეუდგა ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რაფიკ ჰარირის მკვლელობაში ბრალდებული ოთხი პირის დაუსწრებლად გასამართლებას. პირველად ხდება, რომ საერთაშორისო სასამართლო განიხილავს ტერორიზმში ბრალდებულთა საქმეს.

2005 წლის თებერვალში ბეირუთში აფეთქდა დანაღმული ავტომანქანა, რის შედეგადაც დაიღუპა 23 ადამიანი, მათ შორის, ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი რაფიკ ჰარირი - გავლენიანი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი ოთხივე პირი მიჩნეულია ლიბანში სირიის მხარდაჭერით მოქმედი შიიტური გასამხედროებული მოძრაობის, „ჰიზბოლას“ წევრად, თუმცა „ჰიზბოლა“ უარყოფს აფეთქებასთან კავშირს. ოთხივე ბრალდებულს დაუსწრებლად ასამართლებენ. მათთვის წაყენებულ ბრალდებებს შორის არის შეთქმულება ტერაქტის მოსაწყობად, მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა.

ხუთშაბათს დაწყებულ სასამართლო პროცესზე მოსამართლე დევიდ რიმ განმარტა, რომ საქმე წარიმართება ისე, თითქოს ბრალდებულები პროცესს ესწრებოდნენ და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ: „თითოეული ამ ოთხი ბრალდებულიდან მიმალვაშია ან სხვა მიზეზის გამო ვერ მოხერხდა მათი მოძებნა და განხორციელდა ყველა გონივრული ზომა ამ ტრიბუნალის წინაშე მათი წარდგენის უზრუნველსაყოფად და ბრალდებების შესახებ მათი ინფორმირებისათვის. ამაში დარწმუნების შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ პროცესის გაგრძელება მათ დაუსწრებლად“.

გაერომ ჯერ კიდევ 2007 წელს შექმნა საგანგებო ტრიბუნალი ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მკვლელობის გამოსაძიებლად. პროკურორ ნორმან ფარელის შეფასებით, რომელიც მან ხუთშაბათს სასამართლოში გამოთქვა, ასაფეთქებელი ნივთიერებების რაოდენობა ცხადყოფს, რომ 2005 წელს აფეთქების მომწყობ თავდამსხმელებს სურდათ შიში დაეთესათ ბეირუთისა და, ზოგადად, ლიბანის მოსახლეობაში.

როგორც უკვე ითქვა, ხუთშაბათს დაწყებული პროცესი პირველი შემთხვევაა, როცა საერთაშორისო სასამართლო განიხილავს ტერორიზმში ბრალდებულთა საქმეს. დაგეგმილია 500-მდე მოწმის ჩვენებების მოსმენა. ამდენად, პროცესმა, შესაძლოა, თვეები ან წლებიც კი გასტანოს.

დაბოლოს, ხუთშაბათს, ნიდერლანდში სასამართლო პროცესის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, გავრცელდა ცნობა: ლიბანში, ბექაას ველზე, აფეთქდა დანაღმული ავტომანქანა, რის შედეგადაც დაიღუპა სამი და დაიჭრა 15 ადამიანი. აფეთქება მოხდა ქალაქ ჰერმელში, სადაც ძლიერი პოზიცია აქვს მოძრაობა „ჰიზბოლას“.
XS
SM
MD
LG