Accessibility links

logo-print

რას ნიშნავს სოხუმისა და მოსკოვის ”კოლექტიური შეიარაღებული ძალები”


აქცია სოხუმში, 2014 წლის 28 მაისი

აქცია სოხუმში, 2014 წლის 28 მაისი

რუსეთი და მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა რამდენიმე თვეში ახალ ხელშეკრულებას გააფორმებენ, რაც, სავარაუდოდ, კოლექტიური შეიარაღებული ძალების შექმნასაც გულისხმობს. ეს საკითხი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლამდიმირ პუტინთან, შეხვედრის დროს განიხილა. რას ემსახურება ამ საკითხის წამოწევა სწორედ ახლა და რა დგას ამ ყველაფრის უკან?

ვლადიმირ პუტინმა რაულ ხაჯიმბას ჯერ მისალოცი დეპეშა გაუგზავნა, ხოლო შემდეგ მოსკოვთან ახლოს, ნოვო-ოგარიოვოს სააგარაკო რეზიდენციაში, უმასპინძლა და გაპრეზიდენტება უკვე პირისპირ შეხვედრისასაც მიულოცა. თუმცა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სულ ახლად არჩეული პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს მხოლოდ მისალოცად არ დაუბარებია. როგორც კრემლის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია გვამცნობს, სტუმარმა და მასპინძელმა ილაპარაკეს ახალ ხელშეკრულებაზე, რასაც მხარეები რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების მნიშვნელოვან შესაძლებლობად განიხილავენ. ითქვა, რომ ხელშეკრულება წლის ბოლომდე უნდა გაფორმდეს და მისი მიზანია ინტეგრაციის დონის თვისებრივი ამაღლება. ოდნავ მოგვიანებით კი, „იტარ-ტასისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რაულ ხაჯიმბამ ახალი ხელშეკრულება საერთაშორისო კონტექსტში განიხილა:

რაულ ხაჯიმბა

რაულ ხაჯიმბა

”ახალმა დოკუმენტმა უნდა გაითვალისწინოს ის სიძნელეები, რასაც ხვდებიან დღეს აფხაზეთი და რუსეთი საერთაშორისო ასპარეზზე და რომლებიც ვლინდება საქართველოსთან, ევროპასა და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში”.

„იტარ-ტასისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახალმა ლიდერმა საქართველო კიდევ არაერთხელ ახსენა. მაგალითად, თქვა, რომ თბილისს სოხუმისთვის კონკრეტულად არაფერი შეუთავაზებია პირდაპირი დიალოგის უზრუნველსყოფად. თუმცა, რასაკვირველია, პირდაპირი კონტაქტი მხარეებს სხვადასხვანაირად ესმით. თუკი სოხუმისთვის ეს თანასწორ სახელმწიფოებს შორის კონტაქტს ნიშნავს, თბილისისთვის აფხაზეთი, ცხადია, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს წარმოადგენს. როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა უთხრა რადიო თავისუფლებას, პრობლემებზე საუბრის ერთადერთ ფორმატად ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები სწორედ იმიტომ რჩება, რომ სოხუმისა და ცხინვალის ლიდერებს შეთავაზების მიღება არ უნდათ:

”8 აგვისტოს, შარშან, იქნა გაცხადებული და მას შემდეგ ჩვენ ვადასტურებთ, რომ მზად ვართ გვქონდეს პირდაპირი კონტაქტები, მაგრამ პირდაპირ კონტაქტებზე არ გამოდიან აფხაზური და ოსური მხარეები. მათთვის მაინც უფრო პრიორიტეტულია რუსეთის ზურგს უკან საუბარი ჟენევაში. ანუ ჩვენი მოწოდება, რომ გვქონდეს პირდაპირი კონტაქტები, ჯერჯერობით ისევ მოწოდებად რჩება. მაგრამ ჩვენ გაჩერებული არ ვართ - პოლიტიკა გრძელდება. მიმდინარეობს პროგრამების განხორციელება ჯანდაცვის მიმართულებით, განათლების მიმართულებით, ვაჭრობის მიმართულებით... ვაპირებთ განვაგრძოთ ურთიერთობები ჟენევის ფორმატში. ჩვენ ვთავაზობთ მათ უკეთეს პირობებს, მაგრამ ისინი ამ პირობებზე არ მოდიან ჯერჯერობით”.

დღეს აფხაზეთის შეიარაღებული ძალები, როგორც ანგარიშგასაწევი, არ არსებობს. იქ დგას რუსეთის მე-7 საოკუპაციო სამხედრო ბაზა, რომელიც ყველაფერს განაგებს...

თბილისისგან მეტი არ სურს, მაგრამ, სამაგიეროდ, წინამორბედების მსგავსად, მოსკოვისკენ მიილტვის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახალად არჩეული ლიდერიც. ამ ჭრილში იკვეთება კიდევ ერთი პერსპექტივა, რაც, სავარაუდოდ, ახალ ხელშეკრულებაში აისახება. „იტარ-ტასისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რაულ ხაჯიმბამ ილაპარაკა ”აფხაზეთისა და რუსეთის კოლექტიური შეიარაღებული ძალების” ამოქმედებაზე, რასაც ის უსაფრთხოების განსამტკიცებელ მექანიზმად განიხილავს:

”ჩვენ საკუთარი შეიარაღებული ძალები გვყავს და არის რუსეთის ბაზა. საჭიროა შესაბამისი ძალისხმევა მათ შორის საქმიანობის კოორდინაციისთვის გაერთიანებული სარდლობის ბაზაზე”.

აფხაზეთის ლიდერი იმედოვნებს, რომ ამ პროექტის რეალიზებით რუსეთის მხარეც არის დაინტერესებული. თუმცა ამგვარ პერსპექტივაზე ლაპარაკს წმინდა პოლიტიკურ გზავნილად განიხილავს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ ”არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი. მისი თქმით, აფხაზებისთვის ნამდვილად არაფერი შეიცვლება, რადგანაც უკვე დიდი ხანია ყველაფერს ერთპიროვნულად რუსეთი წყვეტს:

”დღეს აფხაზეთის შეიარაღებული ძალები, როგორც ანგარიშგასაწევი, არ არსებობს. იქ დგას რუსეთის მე-7 საოკუპაციო სამხედრო ბაზა, რომელიც ყველაფერს განაგებს. რუსეთის გენშტაბში საზღვრავენ რა და როგორ უნდა გააკეთონ. და ისინი, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ადგილობრივ სეპარატისტებს, აფხაზებს, არც არაფერს შეეკითხებიან, ისე იმოქმედებენ”.

თუკი საკითხს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციის ჭრილში განვიხილავთ, ირაკლი ალადაშვილის თქმით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში განთავსებული სამხედრო ბაზის შესაძლებლობებს, ოკუპირებულ ყირიმში გაძლიერებულ სამხედრო წარმომადგენლობასთან ერთად, რუსეთი მოქნილად გამოიყენებს მთელი შავი ზღვის რეგიონის გასაკონტროლებლად.

XS
SM
MD
LG