Accessibility links

დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის კომისია სანაკოევის ადმინისტრაციის წინააღმდეგ


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში შეიქმნა კომისია, რომელიც სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის საქმიანობის პოლიტიკურ-სამართლებრივ შეფასებას აპირებს. კომისიის თავმჯდომარე დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვია. კომისიაში, დეპუტატების გარდა, შევიდნენ დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრები, გენერალური პროკურორი, უშიშროების სამსახურის უფროსი და სახალხო დამცველი.

კომისიის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვი რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამა „ეხო კავკაზასთან“ საუბარში აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის საქმიანობა, რომელსაც დიმიტრი სანაკოევი ხელმძღვანელობს, სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ არის მიმართული. მისი აზრით, სანაკოევის გუნდის წევრების საქმიანობა სახელმწიფო ღალატის ნიშნებს შეიცავს და პარლამენტში შექმნილი კომისია შესაბამის დასკვნას ორ კვირაში მოამზადებს. ბიბილოვის თქმით, სანაკოევის ადმინისტრაცია დღესაც საფრთხეს უქმნის სამხრეთ ოსეთს. როგორც ცნობილია, ცხინვალიდან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები სამკურნალოდ თბილისში ჩადიან და მათი მკურნალობის ხარჯებს სანაკოევის ადმინისტრაცია ფარავს. ბიბილოვი მიიჩნევს, რომ დროებითი ადმინისტრაცია ამას უანგაროდ არ აკეთებს.

ბიბილოვის განცხადებით, მას შემდეგ, რაც პარლამენტი პოლიტიკურ-სამართლებრივ შეფასებას გააკეთებს, საქმეში უკვე სამართალდამცავები ჩაერთვებიან და იმ ადამიანებს, ვინც სახელმწიფო გადატრიალებას, ტერორისტულ აქტებს და სხვა დანაშაულებს სჩადიოდა, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ცხინვალში სანაკოევის ადმინისტრაციის წევრების დევნა უკვე მიმდინარეობს. გასული წლის ზაფხულში დააკავეს ძმები ფუხაევები, რომლებსაც სახელმწიფო ღალატისა და გადატრიალების მცდელობის ბრალდება წაუყენეს. ამ დაკავებასთან დაკავშირებით დიმიტრი სანაკოევმა განაცხადა, რომ ფუხაევების საქმიანობა ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებდა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ არ იყო მიმართული. 2010 წლიდან სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციას ჩამოშორდა და ვლადიკავკაზში საცხოვრებლად გადავიდა დიმიტრი სანაკოევის თანამებრძოლი და, როგორც თვითონ ამბობს, ადმინისტრაციის შექმნის იდეის ავტორი ვლადიმერ სანაკოევი. ჩვენს რადიოსთან საუბარში ის აცხადებს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის გადაწყვეტილება სულელურია.

დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში ჯანდაცვის სერვისებით დე ფაქტო რესპუბლიკის მაღალჩინოსნების, მათ შორის, დე ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვის ნათესავებიც სარგებლობენ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი აცხადებს, რომ თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლება შეშფოთებულია იმით, რომ ცხინვალელების დიდი ნაწილი სამკურნალოდ თბილისში დადის და პარლამენტში აღნიშნული კომისია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის დასაშინებლად შეიქმნა.

ცხინვალელი ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ პარლამენტის კომისიაში არ შევიდა 2 გავლენიანი ძალოვანი - შინაგან საქმეთა მინისტრი ახსარ ლავოევი და საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი სოსლან გათიკოევი. ამ ფაქტმა გამოიწვია მითქმა-მოთქმა, რომ ამ ძალოვანებს ჩიბიროვის პრეზიდენტობის დროს სანაკოევთან თბილი ურთიერთობა ჰქონდათ და მის წინააღმდეგ დაწყებულ საქმეს თავი აარიდეს.

XS
SM
MD
LG