Accessibility links

logo-print

ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. მირანდა მესხი 22 თებერვალს ახალი წევრებით დაკომპლექტებულ პირველ სხდომაზე აირჩიეს, მის მოადგილედ კი კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ნანა ოყუჯავა შეირჩა, რომელიც ადგილობრივ საოლქო საარჩევნო კომისიას წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა.

განახლებულ კომისიას უნდობლობას უცხადებს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში ბათლომე შელია. ის სხდომაზე თავმჯდომარის არჩევის პროცესს დაესწრო. დეპუტატის განცხადებით, კომისია „ქართული ოცნების“ საახლობლო, სამეგობრო წრიდან დაკომპლექტდა:

„დღეს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გადადგა ნაბიჯი ნეპოტიზმისკენ და მომავალი არჩევნების გაყალბებისკენ. მირანდა მესხი არის ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას, ახლო მეგობარი და მათ აკავშირებთ ნათელ-მირონობა. მათ ძველი შემადგენლობიდან დატოვეს მხოლოდ ნანა ოყუჯავა“.

დეპუტატის ბრალდებები უარყო საოლქო საარჩევნო კომისიის ახლად არჩეულმა თავმჯდომარე მირანდა მესხმა. ის ადასტურებს, რომ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან ნათელ-მირონობა აკავშირებს და მისი შვილის ნათლიაა, თუმცა განმარტავს, რომ ამ ფაქტორის გამო არ მომხდარა მისი არჩევა თანამდებობაზე, არამედ ყველა შესაბამის კრიტერიუმს აკმაყოფილებდა.

„მქონდა საარჩევნო მოხელის სერტიფიკატი. ეს იყო პრიორიტეტი და, გარდა ამისა, ფრიჯის სერტიფიკატი, რომელიც მხოლოდ ოლქის წევრებს ჰქონდათ. მაქვს ახალი, ტე-ტე-ეფის ელემენტებით, ფრიჯი, რომელიც დასავლეთში არც ერთ პირს არ გააჩნია“, - განმარტა მირანდა მესხმა.

კომისიის წევრები ჟურნალისტებთან ჩაწერაზე უარს აცხადებენ, პირად საუბრებში კი უარყოფენ ბრალდებას რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ახლობლობასა ან მეგობრობასთან დაკავშირებით.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარე პროფესიით სოციოლოგია. კითხულობდა ლექციებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფილიალში, იყო „სამართლიანი არჩევნების“ რეგიონალური კოორდინატორი, ასევე ზუგდიდსა და ხობში შუალედურ ადგილობრივ არჩევნებზე ცესკოს მიერ არჩეული მეექვსე, როგორც თავად განმარტა, ნეიტრალური, წევრი.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 64 საოლქო საარჩევნო კომისიის 182 წევრი 4 თებერვალს აირჩია. საოლქო საარჩევნო კომისიების ხელახალი დაკომპლექტება, ცესკოს განმარტებით, წევრების უფლებამოსილების ვადის გასვლამ განაპირობა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG