Accessibility links

logo-print

კომპენსაციის მოლოდინში მყოფი 28 500 ოჯახი


სტიქიის შედეგები კახეთში

სტიქიის შედეგები კახეთში

სტიქიით დაზარალებულ კახეთში კომპენსაციების გაცემა მიმდინარე კვირას დაიწყება, თუმცა ზუსტი დრო არ სახელდება. 2012 წლის 19 ივლისს დაზარალებულთა შორის არიან თემურ ბიჭიაშვილი და ზინა ხახუტაშვილი, რომლებიც თელავის რაიონში ცხოვრობენ. მათ „ქართუ ბანკის“ ადგილობრივ ფილიალს უკვე მეორედ მიაკითხეს იმ იმედით, რომ კომპენსაციის სახით ფულს მიიღებდნენ, თუმცა ბანკში განუმარტეს, რომ დაზარალებულთა სიებს ელოდებიან და თანხის გაცემაც ამის შემდეგ დაიწყება.

თემურ ბიჭიაშვილი: „ველოდებოდით, რომ ბანკში ფულები უნდა დაერიგებინათ, თუმცა ხალხი ფულის გარეშე გაუშვეს. დღეს ისევ შევიკრიბეთ და ველოდებით, რომ დაზარალებულ ხალხს რაღაც თანხებს გადაგვიხდიან“.

ზინა ხახუტაშვილი: „თავიდან, რომ მივედი, დაკეტილი დამიხვდა ბანკი. დაცვამ მითხრა, ღიააო, თუმცა მე ვერ შევძელი შესვლა. ახლა უნდა მივიდე ისევ და შევამოწმო“.

ოფიციალური მონაცემებით, 2012 წლის 19 ივლისის სტიქიის დროს დაზარალებულთა საერთო რიცხვი კახეთის 5 რაიონში 28 500 ოჯახს შეადგენს. სწორედ 19 ივლისს დაზარალდა ნიკოლოზ გუგულიშვილიც. მას 40 მეასედ მიწის ნაკვეთზე მსხმოიარე ვენახი გაუნადგურდა. ბანკისთვის ჯერ არ მიუმართავს და არც ის იცის, რამდენს მისცემენ, თუმცა ამბობს, რომ წინა ხელისუფლებამ 1500 ლარი უკვე ჩაურიცხა. ნიკოლოზ გუგულიშვილს იმედი აქვს, რომ კომპენსაციას ახლაც მიიღებს:

„ჩვენ ვითხოვთ, რომ ის 1500 ლარი არ უნდა გამოაკლდეს და ისე აიღოს ხალხმა კომპენსაცია. მოდით და თქვენი თვალით ნახეთ, რა მდგომარეობაშია ჩემი ვენახი. სულ მთლად გამხმარია. ისედაც გაუბედურებული ხალხი 4 და 5 წლის განმავლობაში აქ მოსავალს ვერ მიიღებს“.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, თანხების გაცემა ეტაპობრივად მოხდება, რათა ბანკთან რიგების პრობლემა არ შეიქმნას. თავდაპირველად დახმარებას 3000 ოჯახი მიიღებს. ის, თუ ვინ როდის უნდა მივიდეს ბანკში, დაზარალებულს სოფლის რწმუნებული ან ბანკის თანამშრომელი გააფრთხილებს. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას თქმით, ამჟამად საბანკო პლასტიკური ბარათების დამზადება მიმდინარეობს. ნარმანია გასაცემი თანხის ოდენობაზეც საუბრობს:

„დაზარალებულთა კომპენსაცია საშუალოდ 6-8 ათას ლარს შეადგენს, თუმცა თუ ფიზიკურ პირს ჰქონდა უფრო მეტი მიწის ნაკვეთი, ამ შემთხვევაში ისინი, სხვებთან შედარებით, მეტს მიიღებენ“.

თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზურაბ ყურაშვილის თქმით, სიები სოფლებსა და გამგეობებში დღეიდან ნაწილ-ნაწილ გაიგზავნება, "კომპენსაციების დარიგება კი ხვალიდან დაიწყება":

„დაზარალებულთა სიები ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. ვფიქრობთ, რომ სიები გამოვაკრათ. დაზარალებული საკუთარი სახელისა და გვარის გასწვრივ კომპენსაციის ოდენობასაც ნახავს და ამის მიხედვით მიიღებს თანხას“.

მანამდე, ვიდრე კომპენსაციების გაცემა დაიწყება, ლაგოდეხში დაზარალებულთა ნაწილი ხელახალი აღწერის შედეგად შედგენილ სიებს აპროტესტებს. მათ მიაჩნიათ, რომ ახალმა კომისიამ რეალური მდგომარეობა არ ასახა, რათა მთავრობამ ნაკლები თანხები დახარჯოს.

სოფელ აფენში მცხოვრებლები: „რაც დაგვესეტყვა, ვფიქრობთ, რომ იმაზე ნაკლებს გვაძლევენ და, ალბათ, იმასაც არ მოგვცემენ. ჩვენ ვითხოვთ, გვანახონ სიები, რომლებიც გადაასწორეს ან არ გადაასწორეს. ჩვენ აზრით, ის ინფორმაცია, რომლებიც კომისიის წევრებს ჩავაწერინეთ, მათ არ მიიჩნიეს სწორად და თავისებურად გადააკეთეს. ალბათ, ამით სურდათ მცირე თანხები მიეწერათ ჩვენთვის და თვითონ აეღოთ დანარჩენი.”

იმას, რომ ახალ სიებში შესწორებები იქნა შეტანილი, სოფელ ლელიანის რწმუნებული ნინო კაპანაძეც ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ზარალის დამთვლელი კომისიის მიერ შესწორებული იქნა მხოლოდ ტექნიკური სახის შეცდომები:

„მაგალითად, როცა ადამიანს უწერია 0,55 ჰექტარი და აქვს 55 ჰექტარი, ჩვენ გადავასწორეთ. ეს იყო სუფთა ტექნიკური ჩასწორებები. მე ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელი იყო, რათა მთავრობა არ შეგვეყვანა შეცდომაში“.

გაითვალისწინებს თუ არა დაზარალებულთა ერთი ნაწილის მოთხოვნას რეგიონალური განვითარების სამინისტრო, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. კახეთის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ფონდი "ქართუ", ჯამში, 100 მილიონ ლარამდე გამოყოფს. სამინისტრო ვარაუდობს, რომ კომპენსაციების გაცემა 5-6 კვირას გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ კახეთში ბანკ „ქართუს“ ფილიალი, საიდანაც თანხების გაცემა მოხდება, მხოლოდ თელავში მდებარეობს. ოჯახები, რომლებიც სტიქიამ ლაგოდეხისა და გურჯაანის რაიონებში დააზარალა, თანხის მისაღებად თელავში უნდა ჩავიდნენ.
XS
SM
MD
LG