Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

კომპენსაციების ოდენობამ დაზარალებულთა ნაწილის პროტესტი გამოიწვია


სტიქიით დაზარალებულთა საპროტესტო აქცია
სტიქიით დაზარალებულთა საპროტესტო აქცია
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის ნაწილმა საპროტესტო აქცია ხუთჯერ გამართა. ორჯერ ლაგოდეხი-გურჯაანი-თბილისის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გადაკეტეს. აქცია გამართეს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სოფლის ადმინისტრაციულ შენობებთან.

პროტესტი ძირითადად იმ ადამიანებმა გამოთქვეს, რომლებმაც კომპენსაციის სახით ნაკლები თანხები მიიღეს. ასეთი კი აფენში დაახლოებით 500-მდე იყო. კომპენსაციის სიმცირე გააპროტესტეს მარიამ ალავიძემ და მამუკა მიქელაძემაც. მათ 1500 ლარი გასული წლის სექტემბერში მიიღეს, თუმცა იმედი ჰქონდათ, რომ სოლიდურ დახმარებას ახალი მთავრობის პირობებშიც მიიღებდნენ.

მარიამ ალავიძე: 81 ლარი ავიღე. ყველაფერი ჩავაწერინე, მაგრამ არაფერი არ მომცეს.

მამუკა მიქელაძე: მე 50 ლარი მივიღე და ძალიან ვნერვიულობ, ეს ამდენი ფული სად და რაში დავხარჯო. საწვავი 2 ლარი ღირს და რითი დავამუშავო მიწები, არ ვიცი. როგორ გავყო და რანაირად ვამყოფინო, იქნებ დამეხმაროს ვინმე. მე ეს 50 ლარი კონვერტში ჩავდე და უპატრონო ბავშვთა სახლს ვუგზავნი. არც ერთი თეთრი არ მინდა ამათი მოცემული. ახლა უკვე ჭინჭრის და ჯიჯილაყას სეზონი მოდის და ჩემს შვილებს იმით გამოვკვებავ.

სტიქიით დაზარალებულთა საპროტესტო აქცია
სტიქიით დაზარალებულთა საპროტესტო აქცია
სოფელ აფენის მცხოვრებლები ზარალის დამთვლელი კომისიის მუშაობის არაკანონიერად ცნობას და ხელახალი კომისიის შექმნას ითხოვენ. მათი თქმით, კომისიამ ცუდად იმუშავა და არასწორად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოსახლეობამ ზარალთან შეუსაბამო თანხები მიიღო.

ნინო კაკაურიძე, დაზარალებული: მითესია 1 ჰექტარი სიმინდი-მეთქი ვუთხარი, ჩამიწერე ასე-მეთქი, მაგრამ არ ჩამიწერა. ასე მიპასუხა, რომ შემოღობილის იქით ვერაფერს ვერ ჩავწერო. პასუხი კომისიის სამმა წევრმა გამცა. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ის ჰექტარი სიმინდიც ჩამიწერეს, გაფუჭებული ვენახიც და ის ხეხილიც, რომელიც სტიქიამ დამიზიანა. მაშინ 80 პროცენტიან კატეგორიაში მოვხვდი და 1000 ლარი ავიღე, თუმცა არ ვიცი ამჟამად რომელ კატეგორიას მიმაკუთვნეს.
7 ათასი ლარი ავიღე. ამ თანხით ატმის კულტურას მოვუვლი. უნდა გავკაფო ძველი, სტიქიას გადარჩენილი ხეები. ვენახს გავსხლავ და სხვადასხვა მოსავლის მოსაყვანად ნიადაგს დავამუშავებ...
სტიქიით დაზარალებული


აქციების შემდეგ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ აფენში დაზარალებულები ხელახლა აღწერონ. კომისიაც სხვა ადამიანებისგან დაკომპლექტდება. სამინისტროს წარმომადგენელი კოტე ხმალაძე ამბობს:

„ჩვენ, კომისიურად, იმ ნაკვეთებსა და მიწებს, რომლებიც თქვენ მიგაჩნიათ, რომ სტიქიის ზონა იყო, კიდევ ერთხელ შევისწავლით, აღვწერთ, დავაოქმებთ და გადავცემთ შესაბამის უწყებას, რათა თქვენ მიიღოთ სათანადო კომპენსაცია. ზარალის დამთვლელი კომისია გადახალისდება და ახალი წევრებით ჩანაცვლდება“.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ლაგოდეხის გარდა აქციები გაიმართა თელავსა და ყვარელშიც. სოფელ ჭიკაანის სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ დახმარებები გაიცემა იმის მიხედვით, ვინ რომელი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერია.

დაზარალებული ჭიკაანში: შენ ნაციონალი ხარ, შენ არ გეკუთვნის, შენ უღირსი ხარ და ა. შ. - ამ სიტყვებით მოგვმართავდნენ. კომისიის წევრებმა, თვითონ ვინც უნდოდათ, ის ჩაწერეს სიებში. რატომ მოხდა ასე? ჩვენც ჭიკაანის მკვიდრები ვართ და ჩვენც დავისეტყვეთ.

სტიქიით დაზარალებულთა საპროტესტო აქცია
სტიქიით დაზარალებულთა საპროტესტო აქცია
აქციების პარალელურად თელავში, ბანკ „ქართუს“ ფილიალში, კომპენსაციების გაცემა მიმდინარეობს. უკმაყოფილოებთან ერთად არიან ოჯახები, რომლებმაც სახელმწიფოსგან სოლიდური თანხები მიიღეს.

კომპენსაციის მიმღები: 7 ათასი ლარი ავიღე. ამ თანხით ატმის კულტურას მოვუვლი. უნდა გავკაფო ძველი, სტიქიას გადარჩენილი ხეები. ვენახს გავსხლავ და სხვადასხვა მოსავლის მოსაყვანად ნიადაგს დავამუშავებ.

გურჯაანის მკვიდრი: დიდი მადლობელი ვარ. სალაროში ავიღე ახლა, 13 ათასი ლარი მომცეს.

კახეთის სტიქიის შედეგად დაზარალებული 29 ათასამდე ოჯახისთვის ფონდი "ქართუ", ჯამში, 100 მილიონ ლარამდე დახარჯავს. ინფრასტრუქტურის და რეგიონალური განვითარების სამინისტრო ვარაუდობს, რომ კომპენსაციების გაცემა თებერვლის ბოლოს დასრულდება. თანხას ღებულობენ მხოლოდ ის ოჯახები, რომლებიც სტიქიამ 2012 წლის 19 ივლისს დააზარალა.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG