Accessibility links

logo-print

„მშვიდობის პარკი“ ონლაინთამაშია, რომელმაც უნდა მოახერხოს და გააერთიანოს ადამიანები, ახალგაზრდები, რომლებიც კონფლიქტის ხაზის სხვადასხვა მხარეს იმყოფებიან. თამაშის მიზანია ასწავლოს ადამიანებს ისეთი სივრცის შექმნა, სადაც ყველა კმაყოფილი და ბედნიერი იქნება. ამისთვის შემქმნელებმა გასართობი პარკი გამოიყენეს, სადაც დადიან ბავშვები, მშობლები, ბებიები და პაპები, რომლებსაც, მართალია, სხვადასხვა რამ მოსწონთ, მაგრამ კონკრეტული ნივთების ან ატრაქციონების სიყვარული აერთიანებთ. მოთამაშემ უნდა მოახერხოს და პარკში ყველაფერი ისე განალაგოს, რომ ყველა კმაყოფილი დარჩეს.

თამაში ორგანიზაცია „ელვას“ პროექტის ფარგლებში შეიქმნა. „მშვიდობის პარკის“ შექმნა გაეროს განვითარების ფონდისა და ევროკავშირის ერთობლივი ინიციატივის, „COBERM”-ის, დაფინანსებით გახდა შესაძლებელი, თამაშზე კი Storm Bringer Studio-მ იმუშავა. თამაშის ერთ-ერთი შემქმნელი, ალექსანდრე ლაშხი, „მშვიდობის პარკის“ კონცეფციის შესახებ ამბობს:

ალექსანდრე ლაშხი

ალექსანდრე ლაშხი

„მთელი აზრი ის არის, რომ თითო კარიბჭესთან იკრიბება თითო ოჯახი. ამ ოჯახის თითოეულ წევრს აქვს საყვარელი ნივთები და დამოკიდებულება აქვთ ამ ნივთებთან: ვიღაცას, ვთქვათ, ჭადრაკი უყვარს, ვიღაცას ნაყინი უყვარს, ვიღაცას საქანელები უყვარს უფრო მეტად და ამ ოჯახებს აქვთ ერთმანეთთან დამოკიდებულება: ვიღაცას ვიღაცა არ მოსწონს, ვიღაცას ვიღაცა მოსწონს, ანუ ყველაფერი ამისგან შედგება. შენ უნდა იპოვო თამაშში ის წერტილები, ის გადაკვეთები, რომლებიც მათ დაამეგობრებს ერთმანეთთან. შეიძლება A ოჯახის წევრს არ მოსწონს B ოჯახის წევრი, მაგრამ ორივეს ისე უყვარს, მაგალითად, ჭადრაკი, რომ დათმობენ ამ ბრაზს და ჭადრაკს ერთად ითამაშებენ“.

ალექსანდრე ლაშხი თვლის, რომ „მშვიდობის პარკი“ მოთამაშეებს პრობლემის გადაწყვეტის გზებს ასწავლის. ვინაიდან თამაშში არ არის ძალადობა და ერთმანეთთან დაპირისპირება, ამან მოთამაშეებს უნდა უბიძგოს, რაც შეიძლება კარგად ააშენონ „მშვიდობის პარკი“.

„ჩვენს თამაშში არ არის არანაირი არც ერთმანეთის მოკვლა, არც სროლა, ასეთი არაფერი. იუზერს არასდროს აქვს ისეთი ფაილი, უბრალოდ, იმ ტურში ვერ იღებს ისეთ ქულებს, რაც საჭიროა, რომ შემდეგი ტური გახსნა. არ ვაიძულებთ იმას, რომ შენ წააგე და მორჩა, არა! შეგიძლია ითამაშო და ითამაშო, ჩვენ გვინდა ის გრძნობა გავუღვივოთ იუზერს, რომ კონკრეტული პრობლემის გადაჭრის, რომელიც ამ ლეველშია, სხვადასხვა გზები მოძებნოს“.

ჩემი აზრით, ცოტა თამამი განაცხადია, რომ ერთი თამაში შესაძლებელია იყოს მიზეზი აფხაზებსა და ქართველებს შორის ურთიერთობების, თუმცა რატომაც არა, ეს არის კარგი ნაბიჯი და კარგი ინიციატივა ამ მიმართულებით...

თამაშებით სოციალური პრობლემების მოგვარება ახალი ტენდენცია არ არის. ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიურად იქმნება კომპიუტერული თამაშები, რომლებმაც წვლილი უნდა შეიტანონ კონკრეტული პრობლემის მოგვარებაში. არსებობს თამაშები კონფლიქტების მოგვარებისთვისაც, მაგალითად, PeaceMaker, რომელიც ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტს ეხება. ორგანიზაცია „ელვას“ პროექტების მენეჯერი ნინო ნანიტაშვილი ამბობს, რომ ამ პრაქტიკებზე დაყრდნობით სურდათ რამე ახალი შეექმნათ. თამაშის შექმნისას ჯგუფმა იმუშავა ეთნოგრაფებთან, მკვლევარებთან, აფხაზ და ქართველ ახალგაზრდებთან, რათა შეექმნათ კონცეფცია, რომელიც გაითვალისწინებდა რეგიონში არსებულ სიტუაციას და ყველა მხარისთვის მისაღები იქნებოდა:

„აფხაზ ახალგაზრდებთან უკვე გვქონდა შეხვედრა, ეს იყო მეორე კომპონენტის ფარგლებში, ვირტუალური ერთობლივი თამაშის - მაინკრაფტის - გამოყენებით, ანუ სხვა უკვე არსებული თამაშის გამოყენებით. შესაბამისად, უკვე გვაქვს წვდომა აფხაზეთში დაახლოებით 30 ახალგაზრდასთან, რომლებიც ითამაშებენ ამ თამაშს და რომელთაგანაც გავიგებთ რეაქციებს, რას ფიქრობენ თამაშზე და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ვირტუალური მარკეტინგული კამპანიებისა და ადამიანების საშუალებით ეს თამაში ცნობილი და საყვარელი გახდება იმ ადგილებში, სადაც ჩვენი მთავარი სამიზნე აუდიტორიაა“.

თამაშის შემქმნელებმა რამდენიმე დღით ყველა მსურველი ილიაუნის გეიმლაბში მიიწვიეს, სადაც „მშვიდობის პარკის“ ბეტა ვერსიის ტესტირება იყო შესაძლებელი. იქვე მოხალისეები, რომლებსაც სურდათ პირველი მოთამაშეები გამხდარიყვნენ, დაკვირვებებსა და გამოცდილებას უზიარებდნენ შემქმნელებს. თამაშის შექმნაში ჩართული იყო IGDA საქართველოც, რომლის წარმომადგენელი, ირაკლი ქოქრაშვილი, მუშაობის პროცესის შესახებ ამბობს:

ირაკლი ქოქრაშვილი

ირაკლი ქოქრაშვილი

„ეს ახალი ხილია ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ, როცა პირველად გავიგე ამ პროექტზე, მე ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. მაგრამ მერე, მუშაობის პროცესში, ჩვენ რამდენიმე კონფლიქტოლოგთან გვქონდა ურთიერთობა და სულ სხვა თვალით დავინახე ბევრი რაღაც და ამ მხრივ საინტერესო არის ჩემთვის და რა გამოვა, მე თვითონ მაინტერესებს. ეს არის სენდბოქსის ტიპის თამაში. ბევრი რაღაც შეიძლება ისე მოხდეს, ისე ითამაშო, რომ კაცმა არ იცის, რა გამოვა ამისგან. ტესტირებაც ამაზეა გათვლილი, რომ ვნახოთ, რა გამოვა ამ ყველაფრისგან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ამოხსნა აქვს ერთსა და იმავე სიტუაციას. თავიდან დაწყებითი ლეველები მარტივია, მერე უფრო გართულდება და ათასნაირი სიტუაცია შეიძლება შეიქმნას და რამდენად შეუწყობს ეს მშვიდობას ხელს, ერთად ვნახოთ“.​

ბეტა ტესტერების კომენტარები შეეხებოდა როგორც თამაშის ტექნიკურ მხარეს, ასევე მის კონცეფციას. შეხვედრა ზუსტად ამისთვის მოეწყო, რომ საბოლოოდ თამაში სრულყოფილი გამოვიდეს, ყველა ყველაფერს მარტივად მიხვდეს და „მშვიდობის პარკის“ მშენებლობაში ხელი არაფერმა შეუშალოს. კახაბერ პატარქალიშვილი ერთ-ერთია, ვინც თამაშის ბეტა ვერსია გამოსცადა და, მისი აზრით, „მშვიდობის პარკს“ შეუძლია ბევრ რამეზე დაგაფიქროს:

„მშვიდობაზე შეიძლება დაფიქრდე ამ თამაშის შემდეგ. შეგიძლია დაფიქრდე, ადამიანებს რა მოსწონთ, რა შეგიძლია გაუკეთო ადამიანს, რომ მას შენ მოეწონო, ან შენი მეგობრები მოეწონოს, ან თავისი ცხოვრება მოეწონოს“.

თამაშის ტესტერი იყო თუთა ჩხეიძე, რომელიც თამაშის კონცეფციის შესახებ ამბობს:

„ჩემი აზრით, ცოტა თამამი განაცხადია, რომ ერთი თამაში შესაძლებელია იყოს მიზეზი აფხაზებსა და ქართველებს შორის ურთიერთობების, თუმცა რატომაც არა, ეს არის კარგი ნაბიჯი და კარგი ინიციატივა ამ მიმართულებით“.

„მშვიდობის პარკი“ მარტივი თამაშია, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანმა შეიძლება ითამაშოს. თამაში აზარტულია და ბევრი ფიქრიც დაგჭირდებათ იმის დასამახსოვრებლად, თუ ვის რა მოსწონს. თუმცა თუ გონებას დაძაბავ და მოინდომებ, პირველი 6 ტურის გავლა არც ისე რთულია. მთავარია, გინდოდეს ააშენო „მშვიდობის პარკი“.

ამავე თემაზე

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG