Accessibility links

logo-print
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრების მიერ საჯარო მოხელეების, კერძოდ კი, პოლიციელების მოსყიდვისა და მოსყიდვის მცდელობის ფაქტებზე ფარული ვიდეოჩანაწერები გაავრცელა. ამ ჩანაწერების მიხედვით, ფულადი გასამრჯელოს ფასად, გარიგებაში შესულ კონკრეტულ პირებს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე თანამდებობიდან გადადგომისა და კოალიციის მხარეს გადასვლის განცხადებები უნდა გაეკეთებინათ და, ამას გარდა, პოლიციის სისატიკის შესახებ ფარული ვიდეომასალა მოეპოვებინათ.

პოლიციელის მოსყიდვისა და მოსყიდვის მცდელობის ფაქტზე დაკავებულია 4 პირი. განცხადება ამის შესახებ დეტექტივმა ლევან წიკლაურმა გააკეთა:

”დაკავებულები არიან გიორგი ღერკელაშვილი, გიორგი ძოწენიძე, კობა სამხარაძე და პოლიციის თანამშრომელი რომან მაისურაძე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პოლიციის მოსყიდვის ერთ-ერთ ფაქტზე ამოღებულია პოლიციელისათვის შეთავაზებული 50 000 ამერიკული დოლარი. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სხვა პირების თაობაზეც მიმდინარეობს. იმის გამო, რომ ერთ-ერთი მოსყიდვის საქმეში ფიგურირებს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ალეკო ტაბატაძე, შინაგან საქმეთა სამინისტრო მასთან დაკავშირებულ მასალებს შემდგომი რეაგირებისათვის გადასცემს საქართველოს მთავარ პროკურატურას.”

საინფორმაციო სააგენტო ”პირველის” ცნობით, ალეკო ტაბატაძე მის წინააღმდეგ დაგეგმილ პროვოკაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებში ნაჩვენებ არც ერთ პიროვნებას არ იცნობს. შესაბამისად, აცხადებს, რომ არც ის შეხვედრა შემდგარა, რომელიც ვიდეოშია ასახული. დაკავებულთა შორის ჯერჯერობით არ არის კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, ძმისშვილი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სამი ვიდეომასალიდან პირველში ჩანს. იგი პოლიციელს ფულად კომპენსაციას ჰპირდება, თუკი ის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სამსახურს დატოვებს და ამის შესახებ საჯარო განცხადებას გააკეთებს:

”დაახლოებით 3-4 დღით ადრე არჩევნებამდე ტელევიზიაში უნდა განაცხადო. მე ამას ყველაფერს ბიძაჩემს შევეკითხები, დავურეკავ ბიძაჩემს, როგორ აპირებენ ესენი რამეს.”
ოღონდ ისე არ ქნათ, რომ ცემაში მოკლათ ის კაცი. შენ იცი, როგორ უნდა მოაგვარო. თავს გაცემინებთ, პრობლემა არ არის. სცემეთ და ეს კადრი მომიტანეთ ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ მეორე ვიდეომასალაში ამ დროისათვის უკვე დაკავებულ პოლიციელს, რომან მაისურაძეს, გიორგი ღერკერაშვილი სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ სთხოვს გადაიღოს პოლიციის მიერ რომელიმე კონკრეტული პატიმრის ცემის, სამხედრო ნაწილში კი ოფიცრის მიერ ახალწვეულზე ფიზიკური ზემოქმედების ამსახველი კადრები და ასევე მოიძიოს ფაქტი ამა თუ იმ მოსამართლის აღიარებისა, რომ ის გადაწყვეტილებებს ზეწოლის შედეგად ღებულობდა. ამ ეპიზოდის ერთ-ერთ ნაწყვეტში წამების სცენის ფაბრიკაციის შეთავაზებაც გაისმის.

” პოლიციაში რომ ჩაგვიწერო დაკავებული პირის ცემა, ზეწოლა. თუ ეგეთი პირი არავინ არ გამოჩნდება, ჩვენს კაცს მოგცემთ ჩვენი აქტივის ახალგაზრდული ფრთიდან, ჩვენს აქტივისტს მოგცემთ, პრობლემა არ არის. ოღონდ ისე არ ქნათ, რომ ცემაში მოკლათ ის კაცი. შენ იცი, როგორ უნდა მოაგვარო. თავს გაცემინებთ, პრობლემა არ არის. სცემეთ და ეს კადრი მომიტანეთ. და აი, ძმაო, რა. იმენა ე მაგ კადრში, მაგ საქმისთვის, ძმაო, 50 000 ლარს ვიხდით.”

დაბოლოს, მესამე ეპიზოდში საუბარია იმაზე, როგორ უნდა დატოვოს ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ პოლიციელმა პროტესტის ნიშნად სამსახური და ამის შესახებ ხმაურიანი განცხადება გააკეთოს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ფარული ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნების ფაქტს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა კოალიცია „ქართული ოცნება”. ამ განცხადების თანახმად, პრეზიდენტის ანონსის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო პროვოკაციული და ფალსიფიცირებული ჩანაწერების გავრცელება:
ჩვენ ვთვლით, რომ პოლიტიკური პარტია უნდა იყოს დაკავებული თავისი ხედვის და პროგრამის პოპულარიზაციით, პოლიტიკური კამპანიით და არა მსგავსი ოპერაციების ჩატარებით, არა სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციით ...

"ხელისუფლება დაკავებულია ფალსიფიცირებული სერიალის შეთხზვით, რომლის გაგრძელება, სავარაუდოდ, მრავალჯერ ნანახი ”სცენარების” გამეორება იქნება. სიცრუე და ძალადობა იყო და რჩება სააკაშვილის ხელისუფლების მთავარ იარაღად პოლიტიკურ ოპონენტებთან და ქართველ ხალხთან ბრძოლაში. ამ ძალადობრივ პოლიტიკას წერტილი დაესმება 1 ოქტომბერს, როდესაც ქართველი ხალხი დაასრულებს მოძალადე რეჟიმის არსებობას და ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამყარდება წესრიგი და სამართლიანობა”, - ვკითხულობთ ”ქართული ოცნების” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მომხდარს გამოეხმაურა თავად ბიძინა ივანიშვილიც, რომელმაც სამტრედიაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კადრები ”შეთითხნილია” და არ ყოფილა შემთხვევა, რომ ”ქართულ ოცნებას” ვინმეს მოსყიდვაზე ეზრუნა.

”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გაბაშვილის შეფასებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ფარული ვიდეოჩანაწერები იმის დემონსტრირებაა, თუ როგორ ცდილობს ”ქართული ოცნება” ფულით მოახდინოს მოქმედი სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტირება:

”ჩვენ ვთვლით, რომ პოლიტიკური პარტია უნდა იყოს დაკავებული თავისი ხედვის და პროგრამის პოპულარიზაციით, პოლიტიკური კამპანიით და არა მსგავსი ოპერაციების ჩატარებით, არა სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციით, არა მოქრთამვით და არა ადამიანების პროვოცირებით, რომ მათ ჩაიდინონ დანაშაული.”

გიორგი გაბაშვილის ბრალდებებს ”ქართული ოცნება” 24 სექტემბერს კონკრეტული ბრლდებით დაუპირისპირდა. კოალიციის პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის განმარტებით, ხელისუფლების მიერ ქვეყანაში შემოყვანილია 10 „ბოევიკი“, როგორც თითქოსდა ”ქართულ ოცნების” მიერ მობილიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი.

”ჩვენი ამოცანაა მშვიდად მივაღწიოთ არჩევნებამდე, რადგანაც ჩვენ გვაქვს იმის იმედი, რომ გავიმარჯვებთ არჩევნებში და შევცვლით ხელისუფლებას. არეულობა, „ბოევიკები“, პროვოკაციები აწყობს მხოლოდ იმას, ვისაც არა აქვს არჩევნებში გამარჯვების იმედი.”

ეგრეთ წოდებულ ”ბოევიკთა“ ჯგუფის შესახებ დამატებითი ინფორმაცია, მაია ფანჯიკიძის განმარტებით, ”ქართულ ოცებაში” ამ დროისათვის არა აქვთ.
XS
SM
MD
LG