Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომპრომატების ომის იურიდიული საფუძველი


უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში ქართულმა მედიამ არაერთი ფარულად ჩაწერილი აუდიო თუ ვიდეომასალა გაავრცელა. ხშირ შემთხვევაში ინფორმაციის წყარო შინაგან საქმეთა სამინისტროა, თუმცა აქტიურობენ კერძო პირებიც, რომლებიც ასევე მოიპოვებენ და ავრცელებენ პოლიტიკოსებისა თუ კერძო პირების საუბრების ჩანაწერებს. რამდენად კანონიერად ხდება ფარული ჩანაწერების მოპოვება-გავრცელება და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ცალკეულ პირთა ღირსებისა და პატივის შეურაცხმყოფელი მასალების გამოქვეყნებაზე?

საქართველოს მედია ხშირად ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებულ აუდიო და ვიდეომასალას, იქნება ეს ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება თუ რაიმე სახის დანაშაულში ეჭვმიტანილ პირთა საუბრების ჩანაწერები, რომელთა გასაკეთებლად, როგორც ადვოკატი შალვა შავგულიძე ამბობს, საჭიროა კანონით დადგენილი პროცედურების დაცვა:

„ფარული მიყურადება, თვალთვალი, ჩაწერა - ყოველივე ამას რომ ჰქონდეს ლეგიტიმური ძალა და მტკიცებულებითი ღირებულება, საჭიროა სასამართლოს ნებართვა. ან წინასწარ უნდა იყოს გაცემული სასამართლოს ნებართვა ამ ოპერატიული ღონისძიების ჩატარებაზე, ან შეიძლება გამოძიებამ ეს ჩაატაროს სასამართლოს ნებართვის გარეშე, მაგრამ 24 საათის განმავლობაში, მას შემდეგ რაც მოპოვებული იქნება ეს ინფორმაცია, უნდა მოხდეს მისი დაკანონება სასამართლოში.“
მოპოვებული ჩანაწერების მედიასაშუალებებისათვის ხელმისაწვდომობა ცალკე გარკვეულ სანქციას ან ნებართვის აღებას არ ითვალისწინებს. ეს არის მათი ინდივიდუალური გადასაწყვეტი ...
გაგი მოსიაშვილი

შეკითხვით, აქვს თუ არა ამგვარი ლეგიტიმური ძალა პოლიციის მიერ ტელევიზიებისათვის ბოლო დროს მიწოდებულ ჩანაწერებს, რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს მიმართა, თუმცა პასუხად მიიღო შეკითხვის წერილობითი ფორმით გაგზავნის შეთავაზება. არადა, ასევე საინტერესოა, როგორ არეგულირებს კანონი მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის მედიით გავრცელებას. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლის, გაგი მოსიაშვილის თქმით, აქ საქმე გაცილებით მარტივადაა:

მოპოვებული ჩანაწერების მედიასაშუალებებისათვის ხელმისაწვდომობა ცალკე გარკვეულ სანქციას ან ნებართვის აღებას არ ითვალისწინებს. ეს არის მათი ინდივიდუალური გადასაწყვეტი. კანონით გაწერილი ჩარჩოები ამ თემასთან დაკავშირებით არ არსებობს.“

თუმცა საქმე რთულდება, უფრო სწორად, კანონი ირღვევა, როცა ფარულ მიყურადებასა და ჩაწერას კერძო პირი ახორციელებს. გაგი მოსიაშვილის თქმით, კერძო საუბრის ჩაწერა კანონით ისჯება:

„კერძო საუბარი, ნებისმიერი პირის საუბარი, რომელიც მესამე პირის მიერაა ჩაწერილი... ამ შემთხვევაში, ანუ კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერა ან თუნდაც მიყურადება, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. გამოძიების დაწყების საფუძველი, როგორც წესი, არსებობს, ანუ უნდა გამოავლინოს გამოძიებამ, რამდენად ჰქონდა ადგილი კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერას ანდა მიყურადებას.“

სწორედ კერძო საუბრის ჩაწერისა და გავრცელების სახით დაირღვა კანონი, როცა ბიძინა ივანიშვილის პირადმა მცველმა, ბესო სურმავამ, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრთა პირადი საუბრების ჩანაწერები გაავრცელა:

„მე ვარ ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ბიძინას დავალებით ჩვენი უსაფრთხროების სამსახურს ევალებოდა „ქართული ოცნების“ წევრთა ჩანაწერების მოსმენა...“

გარდა იმისა, რომ ჩანაწერები კანონის დარღვევითაა გაკეთებული, მათი ნაწილი ასევე შეიცავს პიროვნების ღირსებისა და პატივის შემლახავ გამონათქვამებსა და მოქმედებებს, რაც, ადვოკატ შალვა შავგულიძის თქმით, კანონის უხეში დარღვევაა.
თუ ეს არის საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო, საჯარო პირები, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ტელევიზიებმა გამოაქვეყნონ ხელში ჩავარდნილი საინტერესო მასალა, მაგრამ ეს მასალაც არ არის, არც ინფორმაციაა, არც არაფერია, ეს არის ისეთი რამ, რასაც თავს და ბოლოს ვერ გაუგებ ...
მამუკა ყუფარაძე

„ნებისმიერ იმ ადამიანს, რომლის შესახებაც იქნა ასეთი ჩანაწერები გავრცელებული, აქვს უფლება მიმართოს შესაბამისი სარჩელით სასამართლოს. აი, თუნდაც, მაგალითად, საპყრობილეში გადაღებული კადრები რომ გამოქვეყნდა, როცა პატიმრებს საშინლად ექცეოდნენ, ამცირებდნენ, აუპატიურებდნენ... თითოეულ ამ მსხვერპლს უფლება აქვს სარჩელით მიმართოს სასამართლოს. ეს არის მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა და მათი პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის გავრცელება. ასეთ შემთხვევაში მათ უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს“, უთხრა შალვა შავგულიძემ რადიო თავისუფლებას.

მედიით გავრცელებული მასალები ასევე შეიცავს ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრთა პატივისა და ღირსების შემლახავ გამონათქვამებს, თუმცა „სტუდია რეს“ ხელმძღვანელის, რეჟისორ მამუკა ყუფარაძის თქმით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გარდა, მედიას ასევე ეკისრება ზნეობრივი პასუხისმგებლობაც. მედია უნდა ცდილობდეს სანდო წყაროზე დაყრდნობით მოპოვებული და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელებას:

„თუ ეს არის საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო, საჯარო პირები, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ტელევიზიებმა გამოაქვეყნონ ხელში ჩავარდნილი საინტერესო მასალა, მაგრამ ეს მასალაც არ არის, არც ინფორმაციაა, არც არაფერია, ეს არის ისეთი რამ, რასაც თავს და ბოლოს ვერ გაუგებ. აქ არაფერი არ ჩანს და არაფერი არ ისმის, გარდა იმისა, რომ ადამიანები ილანძღებიან, იგინებიან... თუ არ ხდება დანაშაულის მხილება, მაშინ არ უნდა მოგვასმენინოს ტელევიზიამ ასეთი აბდაუბდა.“

მედიის საშუალებით ფარული ვიდეო და აუდიოჩანაწერების გამოქვეყნების თაობაზე საგანგებო განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც. განცხადებაში გამოთქმულია შეშფოთება იმის გამო, რომ მედია ახდენს როგორც ხელისუფლების ორგანოების, ასევე ცალკეული კერძო და არაიდენტიფიცირებული პირების მიერ მიწოდებული ჩანაწერების ტირაჟირებას.

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, ქარტიის ყველა ხელმომწერ და არახელმომწერ ჟურნალისტს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი, დაუსაბუთებელი და საეჭვო ფოტო, ვიდეო და აუდიომასალების გავრცელებისგან. მედიის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა ზუსტი, მაღალეთიკური ინფორმაცია მიაწოდოს მოქალაქეებს და ხელი შეუწყოს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას“, ნათქვამია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG