Accessibility links

logo-print

რა იყო ქართულ-ოსურ-რუსული კონფლიქტის ფასი? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ქართველი, ოსი, რუსი, ევროპელი და ამერიკელი კონფლიქტოლოგები და ექსპერტები შეეცადნენ. ვენაში 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტისა და ვაშინგტონის ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო სტატიათა კრებული, სახელწოდებით „კონფლიქტის ფასი“. კონფერენციის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს ის საფასური, რაც კონფლიქტის დროს ქართულმა, ოსურმა, რუსულმა, ამერიკულმა და ევროპულმა მხარეებმა გაიღეს. კრებულის შესავალში ნათქვამია, რომ ყველაზე დიდი ფასი - ეს ადამიანური დანაკარგია. გარდა ამისა, განხილულია სოციალური, ეკონომიკური, დემოგრაფიული და ინსტიტუციური საფასური, რაც ქართულ-ოსურ კონფლიქტს მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტმა ყველა მხარე მნიშვნელოვნად დააზარალა, მიდგომები შეფასებებში მაინც განსხვავებულია. ავტორები სხვადასხვა კუთხით და მიმართულებით აფასებენ მოვლენებს. შესაბამისად, ეს კრებულიც მრავალფეროვანი გამოვიდა. ცხინვალელი პოლიტოლოგი დინა ალბოროვა, რომელიც ამ კრებულის ერთ-ერთი რედაქტორია, მიიჩნევს, რომ სპეციალისტების მიერ კონფლიქტის სიღრმისეული შესწავლა და გაანალიზება მომავალში ამ კონფლიქტის მოგვარების წინაპირობა უნდა გახდეს.

რუსმა პოლიტოლოგმა სერგეი მარკედონოვმა ამ კრებულისთვის დაწერა სტატია, სახელწოდებით „რუსეთი სამხრეთ ოსეთში, ახალი სტატუს კვოს ფორმირება და სტაბილურობის ფასი“. სტატიის ავტორი არ ელოდება, რომ კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გარღვევა მალე მოხდება, რადგან ყველაზე მტკივნეული ამ მიმართულებით სტატუსის განსაზღვრაა. მისი აზრით, საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ, პოლიტიკური საკითხების მოუგვარებლობის მიუხედავად, ადამიანები კონფლიქტების სხვადასხვა მხარეს კონტაქტს ინარჩუნებენ და ამ კონფლიქტის შემთხვევაშიც ასე უნდა მოხდეს.

გარდა სამეცნიერო-კვლევითი სტატიებისა, კრებულში ადამიანური ისტორიების მცირე ფრაგმენტებიც შევიდა. კონფლიქტის ორივე მხარეს შეგროვდა 16 ადამიანური პირადი ისტორია, სადაც კონფლიქტით დაზარალებული მოქალაქეები საკუთარ თავგადასავალს ჰყვებიან. კონფლიქტოლოგი ნინო კალანდარიშვილი ამ კრებულის კიდევ ერთი რედაქტორია. მისი აზრით, შეიქმნა აკადემიური გამოცემა ქართულ-ოსური კონფლიქტის კვლევის მიმართულებით. კალანდარიშვილის აზრით, ეს არის კონფლიქტის სიღრმისეული გააზრების პირველი მცდელობა.

ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორი სიუზან ალანი მიიჩნევს, რომ კონფლიქტის აკადემიური გააზრების პირველი მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა, რადგან პროექტთან თანამშრომლობა ყველა მხარემ შეძლო, რაც მომავალი ურთიერთობების პერსპექტივას ზრდის.

ახლო მომავალში დაგეგმილია გამოიცეს კიდევ ერთი კრებული, რომელშიც კონფლიქტის ორივე მხარეს შეგროვილი ადამიანური ისტორიები შევა. იგეგმება იმ ადამიანების შეხვედრის ორგანიზებაც, ვინც ამ კონფლიქტის დროს დაზარალდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG