Accessibility links

logo-print
ბოლო 2 დღეა ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში რუსეთის და დეფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო უწყებების წარმომადგენლები ისევ გამოჩნდნენ. ქარელის რაიონის სოფელ ღოღეთში, ადგილობრივი მოსახლეობის მიწის ნაკვეთებზე მათ ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს. წარწერები ბანერზე ქართულ და ინგლისურ ენებზეა შესრულეებული. ამ ფაქტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებს უკვე მიაწოდა. დეპარტამენტის ხელმძღვანელის დავით სუჯაშვილის თქმით მოსახლეობის დაცვის მიზნით სოფელში პატრულირება გაძლიერდება. უფრო რთულადაა ვითარება გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლების მიწის ნაკვეთების დამუშავება, მეზობელი ოსური სოფლიდან გადმოსული სასოფლო სამეურნეო ტექნიკით დაიწყეს. ბერშუეთში ტექნიკის გამოჩენას ახლაც ელოდებიან. რამდენიმე დღის წინ ამავე სოფლის მკვიდრის გიორგი ხოდელის ნაკვეთის დამუშავება დაიწყეს. მექანიზატორმა მიწის მესაკუთრეს განუცხადა, რომ რუსეთის მესაზღვრეებმა მიწის დამუშავების დავალებით სოფელ წინაგარიდან გამოაგზავნეს.

ზეღდულეთის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულმა ზაზა მუზაშვილმა ქართველი სამართალდამცავები საქმის კურსში სწრაფად ჩააყენა, მან წინაგარიდან გადმოსულ მექანიზატორთან გასაუბრებაც შეძლო. მუზაშვილის თქმით ადგილობრივი მოსახლეობის ნაკვეთებში შემოსულები მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზსაც მიუახლოვდნენ, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო აკონტროლებს.

ბერშუეთელები სოფელში მოხდარი ინციდენტების გამო შეშფოთებულები არიან. მათი თქმით მოსაზღვრე ოსური სოფლების სიახლოვეს არსებულ მიწის ნაკვეთებში გასვლა სახიფათოა, რადგან ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირები იტაცებენ მოსავალს და ტექნიკას, აკავებენ ადამიანებს და მიჰყავთ მსხვილფეხა პირუტყვი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან ბოლო დროს განვითარებული მოვლენები სამინისტროს წარმომადგენლებმა შეისწავლეს და ეს საკითხი ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განიხილება.

ბერშუეთელები ხელისუფლების დახმარებას და სოფელში უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას მოითხოვენ. ამ სოფლიდან არაერთი ადამიანი საკუთარ ნაკვეთებში, ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით იყო დაკავებული. მათი ცხინვალიდან გათავისუფლება კი 2000 რუბლიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG