Accessibility links

logo-print

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი კონფლიქტის ზონის მოსახლეობას დაეხმარება


გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი 200 ათას დოლარს გამოყოფს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობისთვის. გლუკი ფულად შემწობას გამოუყოფს 60 სოფელში მცხოვრებ სულ 1200 ოჯახს - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, მრავალშვილიან ოჯახებს და მარტოხელა მოხუცებს. ამასთან, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაზე, სადაც სტუმრად იმყოფებოდა გლუკის წარმომადგენელი საქართველოში სიმონე ვოლკენი, ითქვა, რომ ამ დახმარების გარდა ადგილობრივი მოსახლეობა ერთჯერადად 200-200-ლარიან სახელმწიფო შემწეობასაც უახლოეს დღეებში მიიღებს.

დეკემბრის დასაწყისში, მაშინ, როცა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობისთვის საბანკო ანგარიშების გახსნის პროცესი დასრულდება, გაეროს უმაღლესი კომისარიატი 60 სოფლის 1200 მცხოვრებს 300-300 ლარს პირად ანგარიშზე ჩაურიცხავს. როგორც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი საქართველოში სიმონე ვოლკენი ამბობს, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურადაც დაზარალებულ კონფლიქტის ზონის მცხოვრებლებს ყველაზე მეტად სწორედ ფინანსური დახმარება სჭირდებათ.

„ეს სამთავრობო კომისია ძალიან, ძალიან კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ ყველა ერთად შეიკრიბოს, დარწმუნდეს იმაში, რომ პრიორიტეტები სწორად არის განსაზღვრული და სამოქმედო გეგმაც მართებულად არის შედგენილი იმისთვის, რომ გაკეთდეს ყველაფერი, რაც საჭიროა. ამიტომაც გვინდა, რომ ვიყოთ მონაწილე ამ საქმის, ვიმოქმედოთ გამჭვირვალედ, რომ ყველამ იცოდეს, რას ვაკეთებთ, რადგან ეს ყველაფერი სჭირდება ხალხს და ხალხს ეს სჭირდება სწორედ ახლა, ჩვენ მათ ვჭირდებით კვირის ყოველ დღეს. ჩვენ ვიყავით 60 სოფელში, ყოველდღე ვხვდებოდით იქ ადამიანებს, რომლებიც გვხვდებოდნენ დახეული წინდებით. მათ არა აქვთ საჭირო ტანსაცმელი, ისინი ელიან დახმარებას და ჩვენ ვიცით ეს და ამიტომაც მივდივართ მათთან“, - ამბობს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი საქართველოში სიმონე ვოლკენი.

მთავრობის მიერ მიღებული განკარგულების საფუძველზე 2 მლნ 200 ათას ლარზე მეტი გამოიყო. შესაბამისად, მუნიციპალიტეტებისთვის ფინანსთა სამინისტრომ გადარიცხა მუნიციპალიტეტების საბანკო ანგარიშებზე თანხები...
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაზე მოსახლეობისთვის ზამთრის პერიოდში სათბობით მომარაგებისთვის საჭირო თანხის გადარიცხვის საკითხიც განიხილეს. როგორც რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ამბობს, 2 მლნ ლარზე მეტი გამოიყო ბიუჯეტიდან და ერთჯერად დახმარებას 11 ათასამდე ოჯახი მიიღებს, დახმარებას გამყოფი ხაზის გასწვრივ 6 რეგიონში მცხოვრები მოქალაქეები მიიღებენ:

„მთავრობის მიერ მიღებული განკარგულების საფუძველზე 2 მლნ 200 ათას ლარზე მეტი გამოიყო. შესაბამისად, მუნიციპალიტეტებისთვის ფინანსთა სამინისტრომ გადარიცხა მუნიციპალიტეტების საბანკო ანგარიშებზე თანხები. ბანკებში მიმდინარეობს ანგარიშის გახსნა და შესაბამის ანგარიშებზე დაერიცხებათ და შეეძლებათ ბანკიდან გამოიტანონ ეს თანხა. ადგილობრივი თვითმმართველობები ჩართული არიან ამ პროცესში, რომ ბანკთან ერთად, როგორც კი ანგარიშები იხსნება, ინფორმაცია სოფლის რწმუნებულების მეშვეობით მიაწოდონ მოსახლეობას“.

ამასთან, ადრეც ითქვა და 28 ნოემბრის შეხვედრაზეც გაიმეორა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა, რომ სამთავრობო კომისიის სამომავლო გეგმებში შედის მოსახლეობის გაზიფიცირება და სახლების გადახურვა:

„ჩვენს გეგმებშია, რომ დავიწყოთ უკვე სახურავების რემონტი, - განსაკუთრებით ომის შემდგომ დაზიანებულ სოფლებზეა ლაპარაკი. ენერგეტიკის სამინისტრომ წარმოადგინა ანგარიში, თუ რა მდგომარეობაშია გაზიფიცირება და ძალიან ინტენსიურად მიდის მუშაობა და აღიარებულია ეს პირობა, რომ უახლოეს 5 თვეში უკვე დასრულდება გაზიფიცირება და ასევე უახლოეს თვეებში, დაპირების მიხედვით, უნდა დასრულდეს გამრიცხველიანება“.

როგორც სამთავრობო კომისიის წევრები ამბობენ, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრებ ყველა ოჯახს ექნება საბანკო ანგარიში და სხვა დროს მათთვის დახმარების გაწევა გაცილებით მოკლე დროში იქნება შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG