Accessibility links

logo-print

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან ერთად, ქობულეთში ჟურნალისტები, პროდიუსერები და რედაქტორები შეკრიბა. შეხვედრას ოკუპირებული რეგიონებიდან ჩამოსული პირებიც ესწრებოდნენ, რომელთა ვინაობას, მათივე უსაფრთხოების მიზნით, ვერ დავასახელებ. 3 დღის განმავლობაში მედიის წარმომადგენლები კონფლიქტების გენდერმგრძნობიარე გაშუქების საკითხებს იხილავდნენ. მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილი მსმენელებს კონფლიქტების გაშუქების პროფესიული სტანდარტის, გენდერული საკითხების გაშუქების ადგილობრივი და საერთაშორისო თვითრეგულირებისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმების, იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების გაშუქების შესახებ ესაუბრა. ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს კონკრეტული მაგალითები ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის გამოცდილებიდან. თამარ კინწურაშვილის აზრით, ჟურნალისტებისა და მენეჯერების შერჩევა შემთხვევით არ მომხდარა, რადგან არაიშვიათად კონფლიქტებსა და ქალთა საკითხებში გათვითცნობიერებული ჟურნალისტები თემების გაშუქებისას სწორედ რედაქციებში აწყდებიან წინააღმდეგობებს.

თათია ხალიანი ჟურნალ „ლიბერალის“ ჟურნალისტია და ხშირად აშუქებს ქალთა საკითხებს. მისი აზრით, მედია ყოველდღიურად ვითარდება და იმ ფონზე, როცა ჟურნალისტიკის სკოლები სტუდენტებს ახალ, თანამედროვე განათლებას ვერ აძლევენ, ასეთი სახის ტრენინგებით უნდა შეივსოს ქართულ მედიაში თვალშისაცემი ცოდნის დეფიციტი.

„ფოლკ რადიოს“ მაუწყებლობის დირექტორი დავით მაღლაფერიძე მიიჩნევს, რომ კონფლიქტების გაშუქებისას ჟურნალისტმა უფრო მეტი უნდა იფიქროს, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში. მისი აზრით, ასეთი შეხვედრები და დისკუსიები აუცილებლად შედეგის მომტანი იქნება.

სტერეოტიპები, სიძულვილის ენა როგორც კონფლიქტების, ისე გენდერული საკითხების გაშუქებისას ქართული მედიის აქილევსის ქუსლად რჩება, ამიტომ გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან ერთად, ცდილობს ახალი ცოდნა შეიტანოს ქართულ ჟურნალისტიკაში, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით. გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ანალიტიკოსი ანა ფაშალიშვილი ამბობს, რომ მათი ერთ-ერთი სამიზნე ჯგუფი რეგიონალური მედიაა. არაერთ ტელევიზიაში ეს ორგანიზაცია სპეციალურ გადაცემებს ამზადებს.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან ერთად, არა მარტო ქართველ, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჟურნალისტებთანაც აგრძელებს ურთიერთობას. მათი დახმარებით, კოლეგები პერიოდულად ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყანაში ხვდებიან და მედიაში არსებულ პრობლემებზე მსჯელობენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG