Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონფლიქტების არაძალადობრივი მოგვარების განდისეული ფილოსოფია


მაჰათმა განდის ინსტიტუტის სემინარი თბილისში.
მაჰათმა განდის ინსტიტუტის სემინარი თბილისში.

ყოველი შეხედრა ჰიმნით იწყება და ჰიმნით მთავრდება. ამ სიმღერას მსოფლიოში ბევრი ადამიანი მღერის - ისინი, ვინც კონფლიქტების არაძალადობრივი გზით მოგვარების მაჰათმა განდისეული ფილოსოფიის მიმდევრები არიან.

მაჰათმა განდის ინსტიტუტის წარმომადგენლები თბილისშიც ჩამოვიდნენ და კავკასიელ ჟურნალისტებს, სტუდენტებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს განდის არაძალადობრივი მეთოდებით კონფლიქტების მოგვარების ძირითადი მიმართულებები გააცნეს. ამ მიდგომების მთავარი არსი ის არის, რომ ადამიანმა ჯერ საკუთარ თავში უნდა მოაგვაროს პიროვნული კონფლიქტი, შემდეგ ოჯახში, შემდეგ სოციუმში და, ბოლოს, გლობალურ მასშტაბზე გავიდეს. სათქმელად თითქოს ადვილია, მაგრამ ამ ყველაფრის შესრულება საკმაოდ რთულია. განდის ფილოსოფიის მიხედვით, პირველ რიგში, ადამიანი უნდა გახდეს არაძალადობრივი და კონფლიქტების მოგვარება დაბლიდან, სწორედ ადამიანებს შორის არაძალადობრივი კომუნიკაციით უნდა დაიწყოს. თბილისში მშვიდობის და არაძალადობრივი გზებით კონფლიქტების მოგვარების მაჰათმა განდის ინსტიტუტის დირექტორი რაჯა გოპალი იმყოფებოდა. მისი თქმით, ინდოეთს პაკისტანთან კონფლიქტი აქვს და მისთვის რთული არ იყო გაეგო საქართველოში არსებული ეთნიკური კონფლიქტების არსი. გოპალის აზრით, ერთადერთი გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან მხოლოდ არაძალადობრივ მიდგომებშია.

ჟურნალისტებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან აინტერესებდათ კავკასიაში არსებული კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივა. ამისთვის მზა რეცეპტები არ არსებობს, მაგრამ, ინდოეთიდან, ამერიკიდან და კანადიდან ჩამოსული სტუმრების აზრით, გამოსავალი არაძალადობრივი ინსტიტუტების დამკვიდრებაშია. ერევნელი ჟურნალისტი იური მანველიანი მიიჩნევს, რომ თუ კავკასიაში საზოგადოება მთავარ პრინციპად ჰუმანიზმს და არაძალადობას აირჩევს, ეს კონფლიქტების მოგვარების საფუძველი გახდება, თუმცა ამ გზის გავლა არც ისე მარტივია.

ვაფა ფარაჯევი თბილისში ბაქოდან ჩამოვიდა. მისთვის ასეთ სემინარში მონაწილეობა პირველი გამოცდილება იყო. ფარაჯევას აზრით, მაჰათმა განდის სისტემა განსხვავდება კონფლიქტების მოგვარების სხვა სისტემებისგან და კავკასიაში მისი შემოტანა აუცილებელია.

ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ხვიჩა ვაშაყმაძე მიიჩნევს, რომ ის ცოდნა, რომელიც განდის ინსტიტუტშია დაგროვილი, აუცილებელია, რომ ქართული საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.

თანასწორობა, სამართლიანობა, ჰუმანიზმი - ეს არის ის ძირითადი პრინციპები, რომელთაც კონფლიქტების არაძალადობრივი მოგვარება ემყარება. პირველ რიგში, სახელმწიფოს შიგნით სისტემები და ინსტიტუტები უნდა გახდეს არაძალადობრივი. საქართველოში განდის ფონდის თავმჯდომარე ირაკლი კაკაბაძე აცხადებს, რომ, პირველ რიგში, განათლების სისტემა უნდა გახდეს არაძალადობრივი. კაკაბაძეს საქართველოს ისტორიაში პრობლემების არაძალადობრივი გზით მომგვარებლად მერაბ კოსტავა მიაჩნია.

განდის ინსტიტუტი ყველა ორგანიზაციას და უწყებას თანამშრომლობას სთავაზობს, სისტემაში განდის არაძალადობრივი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით. თბილისში ტრენინგ-სემინარი განდის ფონდის და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა. პარტნიორები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები „მრავალეროვანი საქართველო“ და „კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG