Accessibility links

რამდენიმე დღის წინ დაკავებული ბონდო ბერიანიძე ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს. სოფელ ბერშუეთის მცხოვრები საოკუპაციო გამყოფ ხაზთან საქონელს მწყემსავდა. როგორც თვითონ ჰყვება, ჯერ რუსეთის მესაზღვრეებმა დააკავეს და შემდეგ ოსური უშიშროების სამსახურს გადასცეს. მან ცხინვალის იზოლატორში 4 დღე გაატარა. მის გარდა იზოლატორში კიდევ სამი საქართველოს მოქალაქე იჯდა. ბერიანიძე აცხადებს, რომ მას გათავისუფლებისთვის ეგრეთ წოდებული ჯარიმა არ გადაუხდია.

ბერშუეთელები აცხადებენ, რომ სოფლის მიმდებარე მინდორში საქონლის მწყემსვისას ადამიანის დაკავების ეს პირველი შემთხვევა არ არის. მესაზღვრეები მათ ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო ბანერებთან 300 მეტრზე მიახლოებასაც კი უშლიან, ამ სოფელში კი არავინ იცის, სად გადის ეგრეთ წოდებული საზღვარი, რადგან აქ მავთულხლართები არ არის გაბმული და ადგილობრივი მოსახლეობაც მხოლოდ საკუთარი ვარაუდით განსაზღვრავს, სადამდე შეიძლება გადაადგილება.

გასული კვირის ბოლოს ინციდენტი სოფელ კნოლევშიც მოხდა. ადგილობრივი მცხოვრები ფრიდონ ფილიშვილი სოფლის განაპირას მსხვილფეხა პირუტყვს მწყემსავდა, როცა ტყიდან გამოსული შეიარაღებული პირები შენიშნა. მწყემსი მიიმალა, მისი საქონელი კი წაიყვანეს.

კნოლეველები აცხადებენ, რომ საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მიწის ნაკვეთების დამუშავება საფრთხის შემცველია, ამიტომ მოსახლეობის ნაწილი მიწას აღარ უვლის, ნაწილს კი საკუთარი რისკის ფასად მოსავალი მაინც მოჰყავს.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მომხდარი ინციდენტები ერგნეთის მორიგი შეხვედრის განხილვის თემა იქნება. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 21 ოქტომბერს გაიმართება.

XS
SM
MD
LG