Accessibility links

logo-print
კონფლიქტის ზონის სოფელ კოშკში მცხოვრებმა ქალებმა ერთბაშად 14 ტორტი გამოაცხვეს. კულინარიული კონკურსის ჩატარება ადგილობრივი მცხოვრების, ლია მიქელაძის სახლში გადაწყდა, რადგან სოფელს საკუთარი კლუბი არ გააჩნია. არასამთავრობო ორგანიზაციამ, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობამ“, ამ ღონისძიების ჩატარება ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე ქართულ სოფელში იქ არსებული მძიმე პირობების გამო გადაწყვიტა და ადგილობრივ ქალბატონებს ტორტების გამოსაცხობად ფინანსური დახმარება გაუწია. ოჯახის დიასახლისი ლია მიქელაძე ამბობს, რომ მას სოფელში ჩატარებული ასეთი ორიგინალური დღესასწაული ჯერ არ უნახავს.

გრძელ მაგიდაზე დალაგებული ტორტების ფონზე, საუბარი სოფლის პრობლემების შესახებ გაიმართა. სოფელი კოშკი პატარა ლიახვის ხეობაში ოსური სოფლების გარემოცვაშია. ადგილობრივი ქალები, საოჯახო საქმეების გარდა, მეუღლეებს მიწის ნაკვეთების დამუშავებაში ეხმარებიან, მაგრამ სარწყავი წყლის უქონლობის გამო ამ საქმიდანაც შემოსავალი მცირეა. ზამთარში ხეხილის ბაღებიც გაიჩეხა, რადგან ტყე, საიდანაც შეშა გამოჰქონდათ, ახლა ოკუპირებულია. დალი ოქროპირიძე აცხადებს, რომ კოშკში ცხოვრება ძალიან მძიმეა, მაგრამ სოფლის მიტოვება ყველას უჭირს.

ქალთა სამშვიდობო მოძრაობის წევრმა ნაზი ბერუაშვილმა კოშკელ ქალებს დღესასწაული მიულოცა და მათ პრობლემების მალე დაძლევა უსურვა.

გორიდან კოშკში სტუმრებიც ჩავიდნენ. ჟიურიში კაცები მიიწვიეს, რომლებსაც მძიმე მისია დაეკისრათ - მათ 14 ტორტი უნდა გაესინჯათ და 3 საუკეთესო გამოევლინათ. დევნილთა და განსახლების სამმართველოს უფროსმა თამაზ გვიმრაძემ შეკრებილებს ქალთა დღე მიულოცა და შეჰპირდა, რომ ახალი ხელისუფლება ყველა პრობლემის მოსაგვარებლად მალე კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს.

ჟიურიმ გამარჯვებულებიც გამოავლინა, მაგრამ საჩუქარი ყველას გადასცეს. ერთ–ერთი გამარჯვებული, მზია გუგუტიშვილი, ამბობს, რომ ადრე ნამცხვრებს ხშირად აცხობდა, მაგრამ ეს კარგა ხანია აღარ გაუკეთებია. მისი თქმით, კონკურენცია დიდი იყო და გამარჯვებას არ ელოდა.

ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების უფლებების გაძლიერების პროექტს ახორციელებს. ამ პროექტის ფარგლებში, განზრახულია შეიქმნას სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფები, რომლებიც საკუთარ თემებს სამოქალაქო და სოციალური უფლებების დაცვაში დაეხმარებიან. ასოციაციის ხელმძღვანელი იულია ხარაშვილი მიიჩნევს, რომ კულინარიული კონკურსის ჩატარება ადგილობრივი ქალების გააქტიურებასა და მათთან თანამშრომლობის დაწყებას ემსახურება.

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ კონფლიქტის ზონის სოფლებში სემინარებისა და პროფესიული გადამზადების ტრენინგების ჩატარებას გეგმავს. გარდა ამისა, ხელისუფლებასა და ადგილობრივ საზოგადოებას შორის ურთიერთობისას გამოვლენილი პრობლემური საკითხების ადვოკატირებაც მოხდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG