Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგაზრდები ხელისუფლებას კონფლიქტის ზონის პრობლემებს შეახსენებენ


გორში იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ ორგანიზებით, ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა, რომელშიც კონფლიქტის ზონასა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრები ახალგაზრდები იღებდნენ მონაწილეობას. ფორუმს არასამთავრობო ორგანიზაციების, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ახალგაზრდებმა საკუთარ სოფლებში არსებული პრობლემები გამოკვეთეს და ხელისუფლებას მათი მოგვარების რეკომენდაციებიც შესთავაზეს: არაინფორმირებული საზოგადოება, განათლების პრობლემა, სოციალური სიდუხჭირე, პრობლემები სოფლის მეურნეობაში და, ყველაზე მთავარი, უსაფრთხოების პრობლემა. ახალგაზრდების აზრით, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ისე ხელისუფლებამ კონფლიქტის ზონის სოფლებს მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს, რათა შეწყდეს ქალაქებისკენ მიგრაციის პროცესი. დიცის მცხოვრები დავით მძინარიშვილი ამბობს, რომ ახლა მისი სოფლისთვის მთავარი პრობლემა უსაფრთხოებაა.

სოფელ კოშკში მცხოვრები ივანე კუდუხაშვილი აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება სოფლებში არ შეიმუშავებს ახალგაზრდების განათლება-განვითარების ხელშემწყობ პროგრამებს, კონფლიქტის ზონა მთლიანად დაიცლება. მისი აზრით, ასეთ სოფლებს განსაკუთრებული სტატუსი უნდა ჰქონდეს.

შეხვედრას რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ლალი დევიძის აზრით, ადგილებზე ყველაზე დიდი პრობლემა უსაფრთხოების და უნდობლობის შეგრძნებაა. მისი აზრით, სოფლებშივე უნდა მოხდეს საზოგადოების გააქტიურება და ხელისუფლებამ ამ აქტივობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს.

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ ხელმძღვანელი იულია ხარაშვილიც აქცენტს ახალგაზრდების გააქტიურებაზე აკეთებს. მისი აზრით, ადგილობრივი პრობლემების წამოწევა და მათი გადაჭრის გზებზე ფიქრი თვითონ ადგილობრივმა საზოგადოებამ უნდა დაიწყოს და მაქსიმალურად შეაწუხოს როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლება.

ახალგაზრდებმა ფორუმის ბოლოს რეკომენდაციები შეიმუშავეს, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლებს გაეგზავნებათ.
XS
SM
MD
LG