Accessibility links

logo-print
პატარა ლიახვის ხეობაში, ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე ქართულ სოფლებში, 5 წლის განმავლობაში სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა მოუგვარებელი იყო. ყველაზე რთული ვითარება სოფელ ზარდიანთკარშია შექმნილი. ეს სოფელი ომის დროს ქართულმა მოსახლეობამ დატოვა, ცოტა ხნის წინ კი უკან დაბრუნება დაიწყო. მათ ადგილზე მოშლილი ინფრასტრუქტურა დახვდათ და სოფლის კეთილმოწყობა თავიდან გახდა დასაწყები. სოფლის მცხოვრები თემურ გაბლიშვილი ამბობს, რომ პრობლემად რჩება სარწყავი წყალი, გზა და გაზიფიცირება.

ამჟამად ზარდიანთკარში სასმელი წყლის ჭაბურღილს ამონტაჟებენ. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პირველ ეტაპზე აქტიური სამუშაოები ორ ჭაბურღილზე მიმდინარეობს, რის შემდეგაც მუშაობა მომდევნო ორ ჭაბურღილზე დაიწყება. ბურღვის დასრულების შემდეგ ზარდიანთკარის, დიდი ხურვალეთის, გუგუტიანთკარისა და კოშკას მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა მოეხსნება. მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებით, სამუშაოები სექტემბრისთვის დასრულდება.

დღეს გამყოფი ხაზის მოსაზღვრე სოფლებში რეგიონალური განვითარებისა და რეინტეგრაციის მინისტრების მოადგილეები ჩავიდნენ და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა განაცხადა, რომ უწყებათშორისმა კომისიამ ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში კვლევა დაასრულა და ხელისუფლებისთვის დეტალურადაა ცნობილი თითოეული სოფლის პრობლემები და საჭიროებები. შერგელაშვილის თქმით, მთავრობამ უკვე დაიწყო ამ პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა.

სპეციალისტების თქმით, ჭაბურღილების მონტაჟის შემდეგ ადგილზე წყლის იმდენი დებეტი შეიქმნება, რომ ეს წყალი ოსური სოფლებისთვისაც საკმარისი იქნება. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ქართული მხარე ოსურ მხარესთან ოსური სოფლებისთვის სასმელი წყლის მიწოდების თაობაზე მოლაპარაკებას დაიწყებს.

ზარდიანთკარი შერეული, ქართულ-ოსური სოფელია. ომის შემდეგ რუსულმა საგუშაგომ სოფელი ორ ნაწილად გაყო და ქართულმა მოსახლეობამ ცხოვრება გორის საბავშვო ბაღებში გააგრძელა. მოგვიანებით სოფლის სიღრმეში ქართული პოლიციის საგუშაგო განთავსდა და ზარდიაანთკარელების ნაწილი საკუთარ სოფელს დაუბრუნდა. როგორც ადგილობრივი მცხოვრები ტრისტან ბესტაევი ამბობს, სოფელში ქართველები და ოსები მეგობრულად, მშვიდობიანად თანაცხოვრობენ და ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა აქვთ.

სოფლის ცენტრში ადგილობრივი ქართველები და ოსები შეიკრიბნენ და ხელისუფლებას გაზიფიცირების პრობლემის მოგვარება მოსთხოვეს. სოფლიდან 7 კილომეტრში ბუნებრივი აირის მთავარი მაგისტრალი გადის. გარდა ამისა, მათი მოთხოვნაა, რომ გადაადგილების პრობლემა მაქსიმალურად გაიოლდეს და საგუშაგოებზე რეგისტრაციის პროცედურები გამარტივდეს.
XS
SM
MD
LG