Accessibility links

logo-print
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოსურ მხარესთან, სოფელ ზერტის მცხოვრებ მამუკა რევაზაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, მოლაპარაკებას აწარმოებს. ქართული დელეგაცია ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გამოშვების საკითხს ჟენევის დისკუსიის მორიგ რაუნდზეც დააყენებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით სუჯაშვილი აცხადებს, რომ მოლაპარაკების პროცესში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც ჩართულია და რევაზაშვილი შესაძლოა უკვე ხვალ გათავისუფლდეს.

ზერტის მცხოვრები მამუკა რევაზაშვილი მეზობელი სოფლის, კირბალის მიმდებარე ტყეში შეშის შესაგროვებლად წავიდა, რა დროსაც რუსეთის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლებმა ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს და ჯერ ღრომის განყოფილებაში, შემდეგ კი ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. რევაზაშვილმა ოჯახში დარეკვა მოასწრო. მისი მეუღლე გულნარა პეტრიაშვილი აცხადებს, რომ სხვა ინფორმაცია მეუღლის მდგომარეობის შესახებ არ გააჩნია და არც ის იცის, როდის გაათავისუფლებენ.

ზერტის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ რევაზაშვილი სოფლის სასაფლაოს სიახლოვეს ფიჩხს აგროვებდა და ტყეში არც შესულა. ზერტში და კირბალში ყველამ იცის, რომ ტყე რუსეთის მესაზღვრეების მიერ ოკუპირებულია. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, მესაზღვრეები სოფლამდე ჩამოდიან და ვინც შეხვდებათ, აკავებენ. გარდა ამისა, ზერტელებმა და კირბალელებმა არ იციან, საიდან იწყება ოკუპირებული ტერიტორია, რადგან იქ ამის არანაირი ნიშანი არ არსებობს.

წლების განმავლობაში სოფლების ზერტის, კირბალის და მეჯვრისხევის მცხოვრებლები მიმდებარე ტყით სარგებლობდნენ და იქიდან შეშა გამოჰქონდათ ხოლმე. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ეს ტყე ღრომის ხეობიდან შემოსულმა რუსეთის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლებმა დაიკავეს. მას შემდეგ კირბალიდან, მეჯვრისხევიდან და ზერტიდან რამდენიმე ათეული ადამიანი ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ცხინვალის ციხეში იხდიდა სასჯელს. ერთ-ერთ ინციდენტს ადრე თვითონ მამუკა რევაზაშვილიც შეესწრო, მაგრამ მაშინ გაქცევით თავს უშველა. ზერტის მცხოვრებლები ითხოვენ, რომ სოფელში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდეს და მათთვის ცხადი გახდეს, სადამდე შეიძლება გადაადგილება.
XS
SM
MD
LG